სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში – სად და რა?

Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში » სადავო საკითხები სასწავლო პროგრამაში – სად და რა?

სასწავლო პროგრამა ხშირად სადავო საკითხების წყაროდ გვევლინება სკოლებში. ზოგიერთი სასკოლო საგანი უფრო ხშირად წარმოადგენს სადავო საკითხების წყაროს, სხვა საგნებთან შედარებით. ქვემოთ მოცემულია იმ საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შესაძლებელია იქცეს სადავო საკითხების წყაროდ.

  • ისტორია – ქვეყნის ისტორიულ ფაქტებთან არსებული ურთიერთგამომრიცხავი ვერსიები
  • რელიგიათმცოდნეობა – მორალსა და რელიგიურ ჭეშმარიტებასთან დაკავშირებული ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები
  • ფიზიკური აღზრდა – სექსუალობასა და მორალურ ქცევასთან დაკავშირებული ურთიერთსაპირისპირო შეხედულებები
  • სამოქალაქო განათლება და სოციალური მეცნიერებები – სდავო პოლიტიკური პროგრამები და იდეოლოგიები
  • ლიტერატურა – მხატვრულ ლიტერატურაში აღწერილი მორალური და სოციალური დამოკიდებულებების საპირისპირო მოსაზრებები
  • საბუნებისმეტყველო საგნები – ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები მეცნიერების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით და მეცნიერებასა და რელიგიას შორის შეუთავსებლობა.

როგორც სკოლის ხელმძღვანელს, თქვენ კარგად უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ თქვენი სკოლის საზოგადოების წევრებს შორის შესაძლებელია იყოს განსხვავებული მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ართმევს თქვენი სკოლა თავს ამ საკითხებს, და ზოგიერთი პირი შეიძლება კატეგორიულად არ ეთანხმებოდეს თქვენ მიერ არჩეულ მიდგომას, მაგალითად, არ იზიარებდეს ისტორიულ ფაქტებზე ისტორიის იმ სახელმძღვანელოში შესულ მოსაზრებას, რომლითაც თქვენი მასწავლებლები ხელმძღვანელობენ, მოსწავლეებისათვის ისტორიის სწავლების პროცესში; ან გაუმართლებლად მიაჩნდეს რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების სწავლება სკოლაში.

ბევრ შემთხვევაში, სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული მასალა სავალდებულოა და თქვენ არ გაქვთ უფლება მასში ცვლილებები შეიტანოთ, თქვენი შეხედულებებისა თუ სურვილის მიხედვით. შესაბამისად, როდესაც სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ მასალასა თუ რესურსებთან დაკავშირებით წარმოქმნილი უთანხმოების მართვა თქვენს ძალებს აღემატება, თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ საჯარო განცხადება, იმ ეჭვებისა და შიშების გასაფანტად, რომელიც თქვენი სკოლის მიერ ამ საკითხის მოგვარების მიზნით არჩეულ გზას უკავშირდება.

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში, საუკეთესო სტრატეგია იქნება იმის უზრუნველყოფა, რომ თქვენს სკოლაში მოსწავლეთა განათლების პროცესში ჩართული პერსონალი კარგად ერკვეოდეს იმ სადავო საკითხებში, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას მათი საგნის სწავლებასთან დაკავშირებით, და რომ მასწავლებლები ფლობდნენ უნარებს, რომლებიც მათ ამ სადავო საკითხების უსაფრთხოდ და უმტკივნეულოდ მოგვარებაში დაეხმარება.