სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ – ერთიანი სასკოლო მიდგომა

Living Democracy » Principals » სწავლა » ინფორმირებულობა » სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ – ერთიანი სასკოლო მიდგომა

სკოლის დირექტორის ფუნქციები შესაძლებელია განსხვავებული იყოს სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ის გზა, რომელიც საუკეთესოდ უზრუნველყოფს სწავლას, ყველგან ერთია. თანამშრომლობის საფუძველზე და თანატოლთა მხარდაჭერით სწავლა, ე.ი. როდესაც მასწავლებლები სწავლობენ სხვა მასწავლებლებისაგან, არა მხოლოდ თქვენს სკოლაში სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურება, არამედ სკოლის განვითარებისათვის საჭირო რესურსების გაუმჯობესებასაც. ეს პროცესი თქვენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც გულისხმობს მასწავლებლების ჩართვას ინიცირების პროცესში და, თქვენი მხრიდან საორგანიზაციო საკითხების მოგვარებასა და მხარდაჭერას.

დემოკრატიულ საზოგადოებას განათლებული მოქალაქეები ქმნიან

ჩვენი მზარდად კომპლექსური და დინამიკური საზოგადოებები საჭიროებს იმას, რომ სკოლაში, როგორც საკლასო გარემოში ასევე მის ფარგლებს მიღმა, წარმოებულ ნებისმიერ სასწავლო აქტივობას საფუძვლად ედოს სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ. განათლების დონე, რომელიც დღევანდელ ახალგაზრდებს ესაჭიროებათ, გაცილებით ბევრს გულისხმობს, ვიდრე წერის, კითხვისა და მიმატება-გამოკლების უნარებს. განათლება, რომელსაც დღევანდელი ახალგაზრდები უნდა ფლობდნენ, მოიცავს:

  • მსოფლიოს უკეთ აღქმა-გააზრებას;
  • ლოგიკურ, კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებას;
  • აბსტრაქტულის კონკრეტულთან დაკავშირების უნარს;
  • აბსტრაქტული ცნებებისა და სიმბოლოების აღქმის უნარს;
  • ფაქტებისა და კვლევების შედეგად გაკეთებული დასკვნების ინტერპრეტირების უნარს;
  • დამოუკიდებლად სწავლისა და თანამშრომლობის საფუძველზე სწავლის უნარს;
  • ერთი სიტყვით, იგი გულისხმობს ფუნქციურ წიგნიერებას.

დემოკრატიულ საზოგადოებებს ქმნიან განათლებული და კომპეტენტური მოქალაქეები. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ მოიცავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ კომპეტენციას და, ასევე იმ ღირებულებებსა და დამოკიდებულებებს, რომლებიც დემოკრატიის კულტურას ქმნის. იხ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ, როგორც ერთიანი სასკოლო მიდგომა

წიგნიერება სცდება კონკრეტული მეცნიერების დარგისა და მის შესახებ ცოდნის ფარგლებს და აერთიანებს ყველა მეცნიერების დარგს და მათთან დაკავშირებულ ცოდნას. უფრო მეტიც, იგი ქმნის საერთო საფუძველს, რომელიც გამოკვეთს თითოეული აკადემიური საგნის დანიშნულებასა და მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეთა უკეთ მომზადებას იმ გამოწვევებთან გასამკლავებლად, რომლის წინაშეც ისინი დღეს დგანან ან მომავალში აღმოჩნდებიან. სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ეხმიანება ჩვენ საზოგადოებებში არსებულ ზოგიერთ აქტუალურ და სადავო საკითხს, და წიგნიერების ამგვარი კონცეფცია ესადაგება კროს-კულტურულ და ერთიან სასკოლო მიდგომებს. სასკოლო საგნების დონეზე, სწავლებისა და სწავლის პროცესი არ საჭიროებს თავიდან აწყობასა ან რესტრუქტურიზაციას. ნაცვლად ამისა, საჭიროა სწავლებისა და სწავლის პროცესების ჩართვა უფრო ფართო პერსპექტივაში, მათი თავმოყრა და ერთი მთლიანის ნაწილად ქცევა. ყველა სასკოლო საგანი სასწავლო პროგრამაში მოცემულ ერთ კონკრეტულ შინაარსზეა ორიენტირებული და იმ კონკრეტულ მეთოდებსა და აზროვნებისა თუ მსჯელობის ფორმებს ეყრდნობა, რომელსაც მოცემული შინაარსი და თემა საჭიროებს. ერთიანი სასკოლო ხედვით, სასკოლო საგნები შესაძლებელია აღქმული იქნეს როგორც გუნდი, რომელშიც თითოეული ხმა მკაფიოდ ისმის, თუმცა გუნდი ერთ სიმღერას ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლას ერთიანი საგანმანათლებლო მიზანები გააჩნია.

საერთო საფუძველი

სწავლების პროცესში ერთიანი სასკოლო მიდგომა ეხმარება მასწავლებლებს ერთიან და შეკრულ გუნდად იმუშაონ სკოლის საზოგადოების ფარგლებში, რადგან მათი სწავლების პრაქტიკა, მიუხედავად იმისა, თუ ერთმანეთისგან რამდენად განსხვავებულ საგნებს ასწავლიან ისინი მოსწავლეებს, საერთო მიზანების მიღწევას, საერთო საჭიროებების დაკმაყოფილებასა და საერთო გამოწვევებთან გამკლავებას ემსახურება. ყველა მასწავლებელი ერთი და იგივე ასაკობრივი ჯგუფის მოსწავლეებს ემსახურება და, შესაბამისად, ერთსა და იგივე მრავალფეროვნებასთან აქვთ შეხება, მაგალითად, მოსწავლეთა სწავლის უნარებისა და შესაძლებლობების თვალსაზრისით. გარდა ამისა, დემოკრატიული კულტურის შეთვისება და დანერგვა საერთო სასკოლო ამოცანას წარმოადგენს.

აქედან გამომდინარე, უნდა დავასკვნათ, რომ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების გასახორციელებლად სკოლებს დისციპლინათაშორისი სწავლების მიდგომა ესაჭიროებათ, რათა მოსწავლეებს გადასცენ ცოდნა და გაგება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების შესახებ, მისცენ მათ საშუალება, დახვეწონ და განავითარონ ის უნარები, გამოიმუშაონ ის დამოკიდებულებები და შეითვისონ და გაითავისონ ის ღირებულებები, რომლებიც მათ დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობისათვის და დემოკრატიული საზოგადოებების შენარჩუნებისთვის სჭირდებათ. სწავლების ეს თანმიმდევრული, კოლექტიური და თანამშრომლობითი მეთოდი ასევე გულისხმობს სკოლის მთლიანი საზოგადოების, მშობლების და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას. გარდა ამისა, აღნიშნული მიდგომა მაქსიმალურად უწყობს ხელს სწავლების, როგორც სასკოლო ცხოვრების ძირითადი პრინციპის აღქმას, რომელიც ხორციელდება საკლასო გარემოში, სკოლის ეზოში თუ სკოლის სასადილოში, ასევე სკოლის შენობის მიღმაც. არ არსებობს სასკოლო საგანი, რომელიც არ ემსახურება განათლების ამ კონკრეტულ საჭიროებას.