მეთოდები – შეგროვება, დახარისხება, პრიორიტეტების იდენტიფიცირება, კენჭისყრა, კონსენსუსის ძიება

Living Democracy » Principals » მონაწილეობა » მოქმედება » მეთოდები – შეგროვება, დახარისხება, პრიორიტეტების იდენტიფიცირება, კენჭისყრა, კონსენსუსის ძიება

შეგროვება და დახარისხება

დემოკრატიულ საზოგადოებაში გადაწყვეტილების მიღების პროცესში შესაძლებელია გაიჟღეროს მრავალმა განსხვავებულმა მოსაზრებამ, წინადადებამ თუ იდეამ. თავმჯდომარის ვალდებულებას წარმოადგენს ამ საკითხების დამუშავება და დახარისხება. ამის გაკეთება შესაძლებელია სხდომის მიმდინარეობის პარალელურად, მონაწილეების მიერ გამოთქმული მოსაზრებების დაფაზე ჩამოწერით. ჯგუფებში მუშაობის პროცესში, მოსწავლეები დიდი ფორმატის ფურცელზე ჩამოწერენ საკუთარ მოსაზრებებს და შემდეგ წარადგენენ ამ მოსაზრებებს კლასის წინაშე. მას შემდეგ რაც გამოთქმული და განხილული იქნება ყველა მოსაზრება, საჭიროა მათი დახარისხება საერთო მახასიათებლების მიხედვით და ამგვარად დახარისხებული მოსაზრებათა ჯგუფების ერთმანეთისგან კარგად გამიჯვნა.

კენჭისყრა და პრიორიტეტების განსაზღვრა

დემოკრატიული გზით გადაწყვეტილების მიღების ფართოდ გავრცელებულ პროცედურას წარმოადგენს კენჭისყრა, რა დროსაც შედეგს უმრავლესობის არჩევანი განაპირობებს. მაჟორიტარული პრინციპით კენჭისყრის სხვადასხვა პროცედურა არსებობს.

ჩვენთვის ყველაზე ნაცნობ პროცედურას წარმოადგეს ხელის აწევით წარმოებული კენჭისყრა, ან ჩამოწერილი ჩამონათვალიდან შერჩეული ელემენტის შემოხაზვა. ჩვენ გთავაზობთ შემდეგ პროცედურას: მას შემდეგ, რაც შეგროვდება და დახარისხდება მონაწილეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებები, შემოთავაზებები და იდეები, კენჭისყრის მონაწილეებს ურიგდებათ წრის ფორმის ფერადი სტიკერები, თითო მონაწილეს – რამდენიმე სტიკერი, რის შემდეგაც მონაწილეები თავიანთ სტიკერებს აკრავენ ფურცელზე მოცემულ ჩამოანთვალში მათ მიერ არჩეულ წინადადებასთან. მათ თავიანთი ყველა სტიკერი შეუძლიათ მხოლოდ ერთ წინადადებასთან დააკრან ან რამდენიმეზე გადაანაწილონ. საჭიროების შემთხვევაში, თქვენ ასევე შეგიძლიათ დააწესოთ ერთგვარი ლიმიტი, მაგალითად ერთ წინადადებაზე ერთი პირის მიერ დაკრული სტიკერების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 3-ს. საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ კენჭისყრის მონაწილეებს შესაძლებელია ერთმანეთზე ჰქონდეთ გავლენა, მაგალითად დაელოდონ რა არჩევანს გააკეთებს სხვა, რომ მისი მაგალითით იხელმძღვანელონ, მაგალითად, როდესაც კენჭისყრა ხელის აწევით მიმდინარეობს, ან როდესაც მოსწავლეები სტიკერებს ყველას დასანახად აკრავენ მათ მიერ არჩეულ წინადადებაზე. ამგვარი პრაქტიკის თავიდან ასარიდებლად, მონაწილეებს შეიძლება სთხოვოთ, მაგალითად, დახუჭონ თვალები და ისე აიწიონ ხელი, ან მონაწილეებს დაურიგოთ კენჭები და სთხოვოთ ეს კენჭები მოათავსონ იმ ყუთში, რომელიც მათი არჩეული წინადადების გვერდზეა მოთავსებული. ეს უკანასკნელი ვარიანტი საუკეთესოდ მუშაობს დაწყებითი კლასების მოსწავლეებთან, რომლებსაც ურჩევნიათ დაელოდონ რას გააკეთებს სხვა და შემდეგ მიბაძონ მათ, ვიდრე თავად გადაწყვიტონ რა გააკეთონ.

კონსენსუსის მიღწევა

უმრავლესობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ყოველთვის ვიღებთ გამარჯვებულებსა და დამარცხებულებს. როდესაც კენჭისყრის საშუალებით ვიღებთ გადაწყვეტილებას, უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოტენციურმა დამარცხებულებმაც აუცილებლად უნდა მიიღონ მონაწილეობა მიღებული გადაწყვეტილების გახორციელებაში. აქედან გამომდინარე, უნდა ვეცადოთ, შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, რომ მიღებულ გადაწყვეტილებაში მათი ინტერესებიც იყოს გათვალისწინებული, მაგალითად, კომპრომისის საშუალებით. მსგავსი კონსესუსის მიღწევის ერთ გზას წარმოადგენს მონაწილეებისთვის ოთხი ალტერნატიული ვარიანტიდან არჩევანის გაკეთების შეთავაზება. დადასტურებულია, რომ სკოლის მოსწავლეებში ეს მეთოდი უფრო ეფექტურად მუშაობს, როდესაც ალტერნატიულ ვარიანტები, სიმბოლურად, ოთახის ოთხ კუთხეზეა გადანაწილებული (შეგიძლიათ ოთახის კუთხეებთან გააკრათ მცირე მოცულობის აბრები, შესაბამისი წარწერებით) და მონაწილეები იკავებენ ადგილს იმ კუთხესთან, რომელიც მათ მიერ არჩეულ ვარიანტს შეესაბამება.

არჩევანი:

  1. სრულებით ვეთანხმები.
  2. არ ვარ სრულებით დარწმუნებული, თუმცა აქტიურად მივიღებ მონაწილეობას მის გახორციელებაში.
  3. არ ვეთანხმები იმ ფორმას, რომლითაც იგი არის ჩამოყალიბებული. რაღაც არის შესაცვლელი (მაგალითად ვერბალური ფორმულირება).
  4. სრულებით არ ვეთანხმები (ვეტო).

თუ რომელიმე მონაწილე არჩევანს გააკეთებს ვარიანტზე 3, ჯგუფმა უნდა შეიტანოს ცვლილება ჩამოყალიბებულ ვერსიაში. თუ რომელიმე მონაწილე არჩევანს გააკეთებს ვარიანტზე 4, ეს ნიშნავს, რომ შემოთავაზება ჩავარდა. ამ პროცედურის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ვერავინ შეძლებს გადაწყვეტილების მიღებიდან თავის შეკავებას, და არც ერთი მონაწილის მოსაზრება არ რჩება ყურადღების მიღმა. ყველა მონაწილე გამოთქვამს საკუთარ აზრს და ღიად იკავებს პოზიციას. როდესაც აღნიშნულ მეთოდს უმცროსკლასელ მოსწავლეებთან იყენებთ, დასაწყისში, შესთავაზეთ მათ მხოლოდ ორი არჩევანი „ვეთანხმები“ და „არ ვეთანხმები“ (ვეტო). იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხოლოდ ერთი მონაწილე არ ეთანხმება შემოთავაზებას, მოსწავლეებმა საკითხის მოგვარების სხვა გზა უნდა ეძიონ.