სადავო საკითხები – რატომ არის სასარგებლო მსჯელობა

Living Democracy » Principals » სადავო საკითხები » სადავო საკითხები სკოლაში » სადავო საკითხები – რატომ არის სასარგებლო მსჯელობა

შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობთ, თუ სკოლაში სადავო საკითხებზე მსჯელობისგან თავს შევიკავებთ; რადგან ამგვარი საკითხების წამოჭრა მოსწავლეებში მხოლოდ მტრობისა და შუღლის გაღვივებას შეუწყობს ხელს, რომელთანაც გამკლავებას მოსწავლეები ვერ შეძლებენ, ან ამგვარი საკითხების განხილვას შესაძლებელია დიდი უკმაყოფილება მოჰყვეს.

მაგრამ ეს არადემოკრატიული მიდგომაა. დავებისა და კონფლიქტების გადაჭრის დემოკრატიული გზა გულისხმობს მათზე საუბარსა და მსჯელობას. ძალიან მნიშვნელოვანია საკითხების განხილვა და მათზე მსჯელობა ღიად და ურთიერთპატივისცემის გარემოში. და მოსწავლეებისათვის იმის სწავლება, თუ როგორ გაართვენ თავი ამგვარ სიტუაციებს, სკოლის უმნიშვნელოვანეს მისიას წარმოადგენს.

ქვევით მოყვანილია სხვა რამდენიმე მიზეზი, რომლებიც ხსნის თუ რატომ და რისთვის არის სასარგებლო სკოლაში სადავო საკითხებზე საუბარი და მსჯელობა. თქვენი აზრით, რომელი მათგანია ყველაზე მნიშვნელოვანი? შეეცადეთ დაალაგოთ ქვევით მოცემული მიზეზები პრიორიტეტულობის მიხედვით, 10 ბალიანი (1-10) შკალით, სადაც 1 არის ყველაზე მაღალპრიორიტეტული, ხოლო 10 – ყველაზე დაბალი. მოცემული სავარჯიშოს შესრულება შეგიძლიათ დაავალოთ თქვენს მოსწავლეებსაც, მასწავლებლებსაც და მშობლებსაც.

1. ხელს უწყობს კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების კომპეტენციის განვითარებას
2. ხელს უწყობს მოსწავლეების მომზადებას იმისთვის, რომ მათ შეძლონ თავი გაართვან სადავო საკითხების მოგვარებას, რომლებთანაც გამკლავება მათ მოუწევთ მომავალში
3. შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები
4. ეხმარება მოსწავლეებს გაერკვნენ იმ თემებსა და საკითხებში, რომელთა შესახებაც ისინი ინფორმაციას სოციალური მედიის საშუალებით იღებენ
5. ეხმარება მოსწავლეებს მეტი შეიტყონ მსოფლიოს შესახებ
6. გაკვეთილს უფრო რეალისტურ და თანამედროვე იერს სძენს
7. მოსწავლეებს ეუფლებათ განცდა, რომ სკოლა და საზოგადოება მათ აფასებს და ანგარიშს უწევს
8. ეხმარება მოსწავლეებს ისწავლონ განსხვავებული შეხედულებებისა და განსხვავებული წარმომავლობის ადამიანებისადმი პატივისცემით მოპყრობა
9. მოსწავლეები აანალიზებენ თუ როგორ წარმოებს სოციალური მედიის საშუალებით არასწორი ინფორმაციისა და ყალბი ამბების გავრცელება
10. მოსწავლეებში მაღლდება თავდაჯერებულობა და საკუთარი ძალებისადმი რწმენა

რა თქმა უნდა, ეს არ გულისხმობს იმას, რომ სკოლაში მსჯელობა უნდა გაიმართოს ყველა და ნებისმიერ საკითხზე, რაც არ უნდა სადავო და საკამათო იყოს ეს საკითხები. ზემოთ მოცემული სავარჯიშოდან ჩანს, რომ სკოლაში სადავო საკითხებზე საუბარი და მათი განხილვა ბევრი სარგებლის მომტანია იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს უსაფრთხოდ შეუძლია გაართვას თავი ამგვარი მსჯელობის გაძღოლას.