დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – სკოლისა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივა

Living Democracy » Principals » ლიდერობა » დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები » დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები – სკოლისა და საზოგადოების განვითარების პერსპექტივა

დემოკრატიული ინსტიტუტები ემყარება მოქალაქეთა შორის თანხმობასა და მათ მხარდაჭერას. ინსტიტუციური ჩარჩოს შენარჩუნება შეუძლებელია თუ ის ადამიანები, რომელსაც იგი ემსახურება, უარს ამბობენ მასზე, ან უპირისპირდებან მას, ან არ აქვთ მასში მონაწილეობის საშუალება. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული ქვეყნის არსებით ელემენტს წარმოადგენს დემოკრატიული კულტურა, ხოლო სკოლა ის ადგილია, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ ისწავლონ, პრაქტიკულად გამოსცადონ და გააცნობიერონ, რას წარმოადგენს დემოკრატიული კულტურა.

„დემოკრატიული კულტურა“ არაერთაზროვანი ტერმინია და, შესაბამისად, მათ ვინც ამ კულტურაში მონაწილეობს, არ გააჩნიათ მისი მზა განმარტება. ევროპის საბჭოს მიერ ინიცირებული პროექტის (2014 – 2017 წწ.) ფარგლებში შექმნილი კომპეტენციათა მოდელი ამ პრობლემასთან გამკლავების მცდელობას წარმოადგენს; აღნიშნულ მოდელში აღწერილია დემოკრატიული კულტურის სხვადასხვა მახასიათებლები და მათთან დაკავშირებული კომპეტენციები, რომლებიც ხელს უწყობს ადამიანის დემოკრატიულ კულტურასთან ასიმილირებას.

ევროპის საბჭოს მიერ შექმნილი კომპეტენციათა მოდელი – დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები -მოიცავს კომპეტენციათა ოთხ ჯგუფს; ეს ჯგუფებია: ღირებულებები, დამოკიდებულებები, უნარები და ცოდნა და გააზრება. ტერმინი „კომპეტენცია“ განმარტებულია როგორც „შესაბამისი ღირებულებების, დამოკიდებულებების, უნარებისა და/ან გააზრების მობილიზებისა და ამოქმედების უნარი, დემოკრატიულ გარემოსთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე სათანადო და ქმედითი რეაგირებისათვის… მოცემულ კონკრეტულ ვითარებაში” (დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 23).

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მოდელი მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ, და მისივე რეკომენდაციით გამოიყენება ევროპის ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
სკოლის დემოკრატიული საზოგადოება გახლავთ დემოკრატიული კულტურის მოდელი. დემოკრატიულ სკოლაში მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა შეძინონ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, საკუთარი გამოცდილებისა და პრაქტიკაში მათი გამოყენების საშუალებით. თქვენ, როგორც სკოლის ხელმძღვანელი, და თქვენი სკოლის მასწავლებლები მაგალითს აძლევთ თქვენს მოსწავლეებს, მათ წინაშე იმ ქცევებისა და კომპეტენციების დემონსტრირებით, რომლებიც ხელს უწყობს თქვენს სკოლაში დემოკრატიული კულტურის დამკვიდრებას. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ თქვენ და თქვენმა თანამშრომლებმა კარგად გაიაზროთ ის გზავნილები, რომელსაც თქვენი ქცევა შეიცავს. ამ მიზნის მიღწევაში დაგეხმარებათ დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა ზემოთ ხსენებული მოდელი.

ევროპის საბჭოს მიერ შემუშავებული დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მოდელი მოიცავს შემდეგ კომპეტენციებს:

ღორებულებები
  • ადამიანის ღირსებისა და უფლებების დაფასება
  • კულტურული მრავალფეროვნებისა და კულტურული განსხვავებულობის დაფასება
  • დემოკრატიის, სამართლიანობის, კეთილსინდისიერების, თანასწორობისა და კანონის უზენაესობის დაფასება
დამოკიდებულებები
  • კულტურული განსხვავებულობისა და სხვა რწმენისადმი, მსოფლმხედველობის, შეხედულებებისა თუ პრაქტიკისადმი ტოლერანტული დამოკიდებულებისათვის მზაობა
  • პატივისცემა
  • მოქალაქეობრივი აზროვნება
  • პასუხისმგებლობა
  • თავდაჯერებულობა
  • აურკვევლობისადმი შემწყნარებლური დამოკიდებულება
უნარები
  • დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევები
  • ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები
  • მოსმენისა და დაკვირვების უნარ-ჩვევები
  • ემპათია
  • მოქნილობა და შეგუების უნარი
  • ენობრივი, კომუნიკაციური და მრავალენობრივი უნარები
  • თანამშრომლობის უნარ-ჩვევები
  • კონფლიქტების მოგვარების უნარ-ჩვევები
ცოდნა და კრიტიკული გააზრება
  • საკუთარი თავის შეცნობა და კრიტიკული გააზრება
  • ენისა და კომუნიკაციის ცოდნა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება
  • მსოფლიოს შეცნობა-შემეცნება და კრიტიკული გააზრება

დემოკრატიული კულტურის კომპეტენციათა მოცემული მოდელი წარმოადგენს ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც განიხილება ყველა ის ასპექტი, რომელიც სკოლის ხელმძღვანელთა მოღვაწეობას ეხება და რომელიც მოცემულია ამ ვებ-გვერდზე.