ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სკოლაში ოჯახის, საზოგადოებისა და მოსწავლეების ჩართულობა მისი განვითარების მიზნით

Living Democracy » Principals » ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სკოლები » ადამიანის უფლებებზე დაფუძნებულ სკოლაში ოჯახის, საზოგადოებისა და მოსწავლეების ჩართულობა მისი განვითარების მიზნით

შესავალი:

ადამიანის უფლებების პრინციპების იმპლემენტაცია ისეთი ამოცანაა, რომელიც აუცილებლად მოითხოვს მთავრობების ჩართულობას, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ყველა ძირითადი, მათ შორის, განათლების კონვენციის დებულებითაა გათვალისწინებული. ამავდროულად, უფრო და უფრო მეტი დემოკრატიული საზოგადოება აღიარებს მთავრობათა შეზღუდულ უფლებას, შეიმუშაოს ადამიანის უფლებების სტანდარტები და პრინციპები, თუ ყველა ადამიანი აქტიურად არ არის ჩართული ამ ყოველივეში და არ იცავს მათ. იმისათვის, რომ ადამიანის უფლებები რეალობად იქცეს, ისინი უნდა იყოს დაცული და მათ ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის, ოჯახებმა, სკოლებმა და სხვა დაწესებულებებმა, რომლებიც უზრუნველყოფენ მოსწავლეების მომსახურებას, ისევე როგორც საზოგადოებები და ადმინისტრაციის ყველა დონეები.

განსაკუთრებით აქ, უნდა გესმოდეთ, თუ როგორ მჭიდროდაა დაკავშირებული გაეროს საყოველთაო დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ და ბავშვის უფლებების კონვენცია (CRC) (იხილეთ მოკლე ისტორია ქვემოთ). CRC აგრეთვე ხაზს უსვამს მშობლებისა და ოჯახების უპირველეს მნიშვნელობას ბავშვის უფლებების დაცვაში. თუმცა, არსებობს მცდარი წარმოდგენა, რომ CRC პასუხისმგებლობას ართმევს მშობლებსა და სხვა კანონიერ მეურვეებს, რათა ამ სფეროში მეტი უფლებამოსილება გადაეცეს მთავრობებს.

თუმცა, ეს ასე არ არის. რამდენიმე მუხლში კონვენცია ცალსახად მიუთითებს მშობლებისა და ოჯახების მნიშვნელობაზე, რითაც მთავრობებს აკისრებს პასუხისმგებლობას, დაიცვან და დაეხმარონ ოჯახებს შვილების აღზრდაში, როგორც მათი არსებითი როლის შესრულებაში. იგი მოუწოდებს მთავრობებს შესაბამისი ხელმძღვანელობით პატივი სცენ მშობლების, კანონიერი მეურვეებისა და სხვა აღმზრდელი პირების პასუხისმგებლობებს.

 1945 წელი

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მსოფლიოს ბევრი ერი შეთანხმდა კავშირის შექმნაზე – ამრიგად, დაარსდა გაერო, ანუ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

მათ ერთად სურდათ მსოფლიოში მშვიდობისა და თავისუფლების მხარდაჭერა.

10 დეკემბერი, 1948 წელი

ამ დღეს გაერომ მიიღო ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია.

ყველა ადამიანის ეს ძირითადი უფლებები მსოფლიოში ვრცელდება ბავშვებზეც.

მრავალი ბავშვის გაჭირვებული მდგომარეობის აღიარებით, ეს გაგება ხელახლა განისაზღვრა ბავშვებისთვის სპეციალური სტატუსისა და დაცვის მინიჭების მიზნით.

1950 წელი

ბავშვის უფლებების დეკლარაციის პირველი შემოთავაზებული პროექტი რამდენიმე წლის განმავლობაში განიხილებოდა გაეროს წევრი სახელმწიფოების მიერ.
20 ნოემბერი, 1959 წელი

ამ დღეს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ბავშვის უფლებების დეკლარაცია, რომელიც განსაზღვრავს ბავშვთა უფლებებს, როგორც დაცვის, განათლების, ჯანდაცვის, თავშესაფრისა და კარგი კვების მიღების უფლებას.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დეკლარაცია არასავალდებულო იყო ყველა სახელმწიფოსთვის, იგი იყო პირველი მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმება და კონსესუსი ბავშვთა უფლებების ფუნდამენტური პრინციპების შესახებ.

1979 წელი

მთელს მსოფლიოში ეს წელი აღინიშნება ბავშვის წლად. ბავშვთა უფლებებზე ყველგან ფიქრობდნენ და ყველგან განიხილავდნენ. ბავშვთა საკეთილდღეოდ სულ უფრო მეტ ადამიანს სურდა, რომ ეს უფლებები უფრო დეტალურად შემუშავებულიყო და, რაც მთავარია, კანონით სავალდებულო გამხდარიყო.

20 ნოემბერი, 1989 წელი

ამ დღეს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ერთხმად მიიღო ბავშვის უფლებების დეკლარაცია.

მას შემდეგ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფომ ხელი მოაწერა ბავშვის უფლებების კონვენციას.

კონვენცია ასევე მტკიცედ ემხრობა მოსწავლეთა ჩართულობას და იცავს მათ უფლებებს ჩართულობასთან დაკავშირებით, კერძოდ: ინფორმაციაზე წვდომის უფლება, აზრის გამოხატვის უფლება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის უფლება, ასოციაციით სარგებლობის უფლება. სასკოლო კონტექსტში მონაწილეობის უფლების ხელშესაწყობად აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ოჯახში, საზოგადოებასა და ზოგადად, სოციუმში, ხელშემწყობი გარემოს შექმნა. ამ კონტექსტში, გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთი საკითხები, როგორებიცაა: ინკლუზია, ენა, არაფიზიკური დასჯა, უსაფრთხო გარემო და გენდერული თანასწორობა.

ამრიგად, სკოლის მიდგომის ყოვლისმომცველობის შეფასება მოსწავლის, ოჯახისა და საზოგადოების ჩართულობის მიმართ, მოითხოვს სამი ძირითადი სამოქმედო სფეროს განხილვას, კერძოდ:

  1. მექანიზმები მოსწავლეებისთვის, რათა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები სასკოლო დავალების, სასკოლო ცხოვრებისა და სკოლის ორგანიზაციაში მონაწილეობის შესახებ.
  2. სკოლასა და ოჯახს შორის პარტნიორობის დამყარების მექანიზმები სკოლის სამართავად და ადმინისტრირებისთვის, მოსწავლეთა გასავითარებლად და დასაცავად.
  3. სკოლასა და საზოგადოებას შორის პარტნიორობის დამყარების მექანიზმები სკოლის სამართავად და მხარდასაჭერად, მოსწავლეთა დასაცავად და საზოგადოების გასაუმჯობესებლად.

მომზადება:

რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას?

  1. ჩამოაყალიბეთ გუნდი, ვისთან ერთადაც იმუშავებთ მთელი პროცესის განმავლობაში. თქვენს გუნდთან ერთად დაიწყეთ მიდგომის განხილვა და მხედველობაში იქონიეთ ინდიკატორთა სია.
    ა. შეარჩიეთ ისეთი ინდიკატორები, რომლებიც მნიშვნელოვანია თქვენი სკოლისთვის.
    ბ. დაამატეთ ინდიკატორი, რომელსაც თვლით, რომ სიას აკლია.
    გ. შეავსეთ ფორმა დაახლოებით ათი ინდიკატორით, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნდით, რომ შეარჩიეთ რამდენიმე ინდიკატორი, რომელზეც დარწმუნებულები ხართ, რომ კარგად ასრულებთ და რამდენიმე, რომელშიც თვლით, რომ დამატებით განვითარება გესაჭიროებათ.
  2. თქვენს გუნდთან ერთად მოამზადეთ სამოქმედო გეგმა და ვადები პირველი შეფასებისთვის, რაც შემდგომი განვითარების საწყისი წერტილი იქნება. შეფასებაში ჩართეთ:
    ა. მოსწავლეები
    ბ. მასწავლებლები
    გ. სკოლის პერსონალი
    დ. მშობლები
    ე. სკოლის საბჭო
    ვ. საზოგადოების წევრები, რომლებთანაც შესაძლოა თანამშრომლობდეთ
    ზ. …
  3. შეიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და დრო. დარწმუნდით, რომ ისინი მოიცავენ:
    ა. სკოლის პროფილს პირველი შეფასების შემდეგ.
    ბ. გადადგმულ ნაბიჯებს (მომდევნო 6 თვეში).
    გ. მეორე შეფასებას განვითარებული მოვლენების გასაგებად.

18 შესაძლო ინდიკატორი თქვენს სკოლაში სხვადასხვა აქტორის ჩართულობის შესაფასებლად:
  1. სკოლა ხელს უწყობს მოსწავლეებს შორის ურთიერთობებს დემოკრატიული მეთოდების შესაბამისად (ე.ი. ურთიერთპატივისცემა, თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრის გაგება).
  2. სკოლა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს და მიესალმება მათი შეხედულებების გამოხატვას სასკოლო საქმიანობასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებით.
  3. სკოლას აქვს მექანიზმები, როგორებიცაა: სკოლის ბიულეტენი ან გამომცემლობა, მოსწავლეთა ბიულეტენების დაფა, აზრების ყუთი ან საარჩევნო ინსტრუმენტები, რათა მიეცეთ მოსწავლეებს შესაძლებლობა, გამოხატონ თავიანთი აზრი და შეშფოთება სკოლისა და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე.
  4. სკოლა აერთიანებს მოსწავლეებს შეხვედრებსა და დაგეგმილ სესიებზე, რომლებიც მათ კეთილდღეობას ეხება.
  5. სკოლას ჰყავს აქტიურად მოქმედი მოსწავლეთა საბჭო.
  6. ყველა მოსწავლეს ეძლევა თანაბარი შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღოს სასკოლო კლუბების, გუნდებისა და ასოციაციების მართვასა და ხელმძღვანელობაში.
  7. სკოლას ჰყავს მშობელთა და მასწავლებელთა ასოციაცია, რომელიც რეგულარულად იკრიბება და აქვს წერილობითი სამოქმედო გეგმა.
  8. გადაწყვეტილებებზე ზემოქმედების, საკითხების ან პრობლემების წამოჭრის, გადაწყვეტილებების გასაჩივრებისა და პრობლემების გადასაჭრელად, სკოლა უზრუნველყოფს გასაგებ, ხელმისაწვდომ და კარგად გასაჯაროებულ პროცესებს.
  9. სკოლა ავრცელებს ინფორმაციას სკოლის რეფორმების, პოლიტიკის, დისციპლინური პროცედურების, შეფასების, ინსტრუმენტებისა და სკოლის მიზნების შესახებ.
  10. სკოლა მშობლებსა და სკოლის კომიტეტის წევრებს რეგულარულად უგზავნის სიახლეებს სკოლის აქტივობების შესახებ.
  11. მშობლებისთვის სკოლის კარი მუდამ ღიაა სკოლაში შვილის/შვილების შესახებ კითხვების დასასმელად და საკითხების განსახილველად.
  12. სკოლა მშობლებს ახალისებს და ეხმარება ხელი შეუწყონ შვილებს სახლში მეცადინეობის გასაუმჯობესებლად, როცა ეს საჭიროა.
  13. სკოლები მშობლებთან ურთიერთობენ არა მხოლოდ მოსწავლეთა არასწორი ქცევისა ან წარუმატებლობის შემთხვევაში, არამედ პოზიტიურ ქცევასთან და მიღწევებთან დაკავაშირებითაც.
  14. მშობლები სკოლას ამცნობენ შვილის საშინაო ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ, რათა საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყონ შესაბამისი დახმარება.
  15. სკოლას კავშირი აქვს საზოგადოების ხელმძღვანელ პირებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, გულისხმიერია საზოგადოების საჭიროებებისადმი და საზოგადოების წევრებთან იდეების გაცვლის შესაძლებლობას ქმნის, რათა გაიზარდოს ყველა მოსწავლის წვდომა და კეთილდღეობა სკოლაში, მიუხედავად მათი წარმომავლობისა ან შესაძლებლობებისა.
  16. საზოგადოება ემხრობა სკოლას, ხმა მიაწვდინოს სკოლიდან ყველა გარიყულ მოსწავლეს.
  17. სპეციალიზებული ცოდნისა და უნარების მქონე საზოგადოების წევრი ქალები და მამაკაცები მოწვეულნი არიან კლასებში, როგორც რესურს-პერსონალი.
  18. სკოლა ადგილობრივ ბიზნესთან, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან აყალიბებს პარტნიორობას, მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად და ოჯახების დასახმარებლად.

ქმედება:

თქვენს გუნდთან ერთად აირჩიეთ 10 ინდიკატორი სიიდან.

ჩართულობისთვის შერჩეული ინდიკატორები ინდიკატორის სტატუსი ჩემს სკოლაში 1-დან 10-მდე გადასადგმელი ნაბიჯები (სადისკუსიო გუნდების მიერ შეგროვებული)
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
8.
9.
10.
  1. ზემოთ აღნიშნული სიიდან გამომდინარე, მოამზადეთ მასალა ან ფლიპჩარტები, რომლებიც გადაეცემა შეფასების პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარეს.
  2. მოამზადეთ მრგვალი მაგიდები სხვადსხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად (მოსწავლეები, მასწავლებლები, თანამშრომლები, მშობლები, საბჭოს წევრები და ა.შ.). ისინი ერთმანეთს შეიძლება შეხვდნენ სკოლის დიდ ღონისძიებებზე ან დაგეგმილ შეხვედრებზე, მათი ხელმისაწვდომობის მიხედვით.
  3. სთხოვეთ, განიხილონ თავიანთი შეფასება და კომენტარები.
  4. დაავალეთ მათ გამოთქვან შემოთავაზებები გაუმჯობესების მიზნით.
  5. შეაგროვეთ ყველა კომენტარი და შემოთავაზება თქვენს გუნდში.
  6. შეიმუშავეთ მკაფიო და ქმედითი გენერალური გეგმა მომავალი 6-12 თვისთვის.
  7. შეატყობინეთ გენერალური გეგმის შესახებ ყველა ჩართულ პირს.
  8. დაგეგმეთ შემდეგი შეფასების პერიოდი (გამჭვირვალობა პირველ ადგილზეა!)