სკოლის ლიდერობის სხვადასხვა სტილი

Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის ხელმძღვანელობის დემოკრატიული სტილი » სკოლის ლიდერობის სხვადასხვა სტილი

წარმოადგენს დემოკრატია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე რეაგირების საუკეთესო გზას? თუ უკეთესი ალტერნატივაც არსებობს? ამ საკითხთან დაკავშირებული დავა სათავეს უძველესი დროიდან იღებს და იგი დღესაც გრძელდება. ის, რაც საზოგადოებას ეხება, სკოლაზეც ვრცელდება. თუ სკოლის დემოკრატიული ლიდერობის მომხრეთა რიგებს ვუერთდებით, აუცილებელია ლიდერობის ალტერნატიულ ვარიანტებსაც ვიცნობდეთ. განვიხილოთ ლიდერობის ოთხი ძირითადი ტიპი.

ავტოკრატი ხელმძღვანელები თავად იღებენ ყველა გადაწყვეტილებას. მათი მტკიცებით, ეს ყველაზე ეფექტური გზაა უამრავი ამოცანის მოკლე დროში შესასრულებლად. ფაქტობრივად, ამაში მდგომარეობს ავტოკრატიული ლიდერობის უპირატესობა, თუმცა მის უარყოფით მხარეს წარმოადგენს ის, რომ ამგვარად მიღებულ გადაწყვეტილებას შეიძლება ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდეს და ბევრისთვის ის მიუღებელი იყოს, რაც თავის მხრივ ზრდის კონფლიქტისა და თანამშრომლობაზე უარის თქმის ალბათობას. ავტოკრატი ხელმძღვანელები სათანადოდ ვერ აფასებენ იმას, თუ რამდენად არიან დამოკიდებული სხვებზე. სკოლის წესები, რომელთა შემოღებაც განხილვის გარეშე წარმოებს, უფრო ხშირად ირღვევა, რაც უკუეფექტის მომტანია, არასწორი ქცევისა და ჩაგვრის მიმართულებით. ავტოკრატიული ლიდერობა ხშირად სტატუს-ქვოსა და არსებული წესების შენარჩუნებას ემსახურება და არ ტოვებს სივრცეს ინოვაციებისა და განვითარებისათვის. ავტოკრატიული ლიდერობის ქვეშ, სკოლებში დაბალია მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება, რადგან ყურადღების მიღმა და დაუკმაყოფილებელი რჩება მხარდაჭერასა და წახალისებაზე მოსწავლეთა განსაკუთრებული საჭიროებები.

ლიდერობა ჩაურევლობის პრინციპების დაცვით (Laissez-faire) ხასიათდება გადაწყვეტილების მიღებისას მკაფიოდ განსაზღვრული პროცედურების არარსებობით და ხელმძღვანელის მინიმალური ჩართულობით გადაწყვეტილების მიღების პროცესში. საკითხებზე მსჯელობისთვის და მათი განხილვისთვის საჭირო დრო არ არის მკაფიოდ განსაზღვრული და, შესაბამისად, გადაწყვეტილებები და ზოგადად სკოლის მართვა ნაკლებეფექტურია. მეორე მხრივ, ამგვარი ლიდერობის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ სკოლის საზოგადოებაში ნაკლებია აგრესიის დონე და კონფლიქტის წარმოშობის ალბათობა.

პატერნალისტური ლიდერობის პირობებში ხელმძღვანელი მფარველობს საკუთარ დაქვემდებარებულ პირებს და ათავისუფლებს მათ ყოველგვარი პასუხისმგებლობიდან და, ამავე დროს არ აძლევს მათ არჩევანის თავისუფლებას. ამ სტილის ლიდერობის პირობებში, ხელმძღვანელი დაკავებულია საკუთარ პერსონალზე ზრუნვით. სანაცვლოდ იგი მოელის პერსონალის მხრიდან მისდამი ნდობის გამოცხადებას, ლოიალურ დამოკიდებულებასა და მორჩილებას. მასწავლებლები მორჩილად უნდა ეთანხმებოდნენ ხელმძღვანელის მოსაზრებებს და თავს იკავებდნენ საკუთარი არჩევანის გაკეთებისგან და დამოუკიდებლად მუშაობისგან. ამგვარი ლიდერობის პირობებში მასწავლებლები ხანგრძლივად რჩებიან დასაქმებული ერთ სკოლაში, რაც ხელს უწყობს ლოიალური დამოკიდებულებისა და ნდობის გამყარებას. პატერნალისტური ლიდერობა, როგორც წესი, იწვევს სკოლის პერსონალს შორის განხეთქილებას, ვინაიდან სკოლის ხელმძღვანელი განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს კონკრეტული მასწავლებლების მიმართ, მათი ერთგულების გამო, და აჯილდოვებს მათ შესაძლებლობებით, როგორიცაა პროექტებში მონაწილეობა, მოგზაურობები, ტრენინგი და ა.შ.

დემოკრატიული ლიდერობა იძლევა იმ ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესაძლებლობას, რომლებიც სხვა სტილებს უკავშირდება. სკოლის დემოკრატი ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სკოლის საზოგადოების ყველა წევრის მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში – თუმცა მონაწილეობის დონე განსხვავდება, კონტექსტიდან გამომდინარე. მოსწავლეები ვერ მიიღებენ მონაწილეობას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სკოლის ხელმძღვანელი ყოველთვის არ სარგებლობს ბოლო სიტყვის უფლებით. ზოგიერთ შემთხვევაში, სკოლის ხელმძღვანელი შეიძლება შემოიფარგლოს თანამშრომლებს ან სასკოლო საზოგადოების წევრებს შორის შეთანხმების მიღწევის ხელშეწყობით, ან დაეთანხმოს გადაწყვეტილებას, რომელსაც იგი თავად არ უჭერს მხარს.

ხელმძღვანელის ფუნქციებს, ისევე როგორც პასუხისმგებლობას იზიარებს ბევრი პირი, რომლებიც ხშირად წარმოდგენილი არიან კონკრეტული ქვეჯგუფების ხელმძღვანელების რანგში. პროცესში სასკოლო საზოგადოების რაც უფრო მეტი წევრი მონაწილეობს – სკოლის ხელმძღვანელი, თანამშრომლები, მოსწავლეები, გამგეები, ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირები, შესაძლოა ასევე მშობლები და სხვა გარეშე დაინტერესებული პირები – მით უფრო ნათელი ხდება განსხვავებული ინტერესები, შეხედულებები და ღირებულებები. სკოლის დემოკრატიული ლიდერობის უპირატესობა მდგომარეობს მის უნარში მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ფართოდ არის მიღებული და რომელსაც ფაქტობრივად ყველა უჭერს მხარს, იმ შემთხვევაში, თუ გათვალისწინებული იქნება ყველას ინტერესი და მოთხოვნა. იმ ცოდნის შეძენის მიზნით გაღებული ძალისხმევა, რომელიც სკოლის საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს პროცესებში სრულყოფილად მონაწილეობის საშუალებას აძლევს, შესაძლებელია დიდ ენერგიას მოითხოვდეს, თუმცა საბოლოო ჯამში აღმოჩნდება რომ გაღებული ძალისხმევა ამად ღირდა. სასკოლო საზოგადოებას შესწევს ძალა დანერგოს დემოკრატიული კულტურა და შექმნას ღია და მეგობრული ატმოსფერო, რაც ხელს შეუწყობს სკოლის საზოგადოების წევრების მეტად მოტივირებასა და დაინტერესებას, სკოლის ხელმძღვანელსა და სკოლის საზოგადოების წევრებს შორის ფორმალური და არაფორმალური კომუნიკაციის სათანადოდ წარმართვას. დისციპლინა უმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები პასუხისმგებლობას გრძნობენ თავიანთი სკოლის მიმართ. სკოლას გაცილებით უფრო მაღალი შედეგები აქვს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით, როდესაც სწავლის პროცესში გათვალისწინებულია მოსწავლეთა მრავალფეროვანი შესაძლებლობები და ნიჭი.

სკოლის დემოკრატიული ლიდერობა, შესაბამისად, ბევრ შესაძლებლობას ქმნის და, ასევე, ბევრ გამოწვევას უკავშირდება. რაც უფრო მეტი ადამიანი მონაწილეობს საკითხის განხილვის, თანხმობის მიღწევისა თუ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მით უფრო რთულდება ეს პროცესი. ზოგჯერ იმდენად რთული შეიძლება გვეჩვენოს იგი, რომ ვარჩიოთ ავტოკრატული მიდგომა, პროცესის გამარტივების მიზნით. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ღირს შევეჭიდოთ ამ სირთულეებს, რადგან ამგვარად თქვენი მოსწავლეები ისწავლიან როგორ გაართვან თავი ორაზროვან და ბუნდოვან სიტუაციებს (იხ. დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები, გვ. 43). სკოლის დემოკრატიული ლიდერობა საზოგადოების კეთილდღეობას ემსახურება, ახალგაზრდების კომპეტენტურ და თავდაჯერებულ მოქალაქეებად აღზრდის საშუალებით, რომლებიც მომავალში შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღების დინამიკურ პროცესებში.