დაინტერესებული მხარეების ჩართვა სკოლის მმართველობაში

Living Democracy » Principals » ლიდერობა » სკოლის ხელმძღვანელობის დემოკრატიული სტილი » დაინტერესებული მხარეების ჩართვა სკოლის მმართველობაში

ქვემოთ მოცემული მოსაზრებები ეყრდნობა ევროპის საბჭოს 2007 წლის პუბლიკაციას – სკოლების დემოკრატიული მმართველობა, რომლის ავტორებიც არიან ელისაბეთ ბეკმენი და ბერნარდ ტრაფორდი გვ. 51–59.

სკოლის დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანია რომ ყველა დაინტერესებულ მხარეს ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა. ისინი ჩართული უნდა იყვნენ სკოლის ქსელში, კომუნიკაციისა თუ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. ადგილობრივი საზოგადოების ამ პროცესებში ჩართვით, სკოლა ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მას არ სურს იყოს იზოლირებული და საზოგადოებას მოწყვეტილი, არამედ სურს აქტიური მონაწილეობა მიიღოს ფართო საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებში. სკოლის საზოგადოების წევრები საზოგადოებაში აქტიურ როლს ასრულებენ, და არ რჩებიან შორიდან მაყურებლის როლში, როდესაც, როგორც სკოლაში ასევე ფართო საზოგადოებაში, საქმე დემოკრატიის დაცვას ეხება (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 51).

როგორც სკოლის ხელმძღვანელი და დაინტერესებული მხარე, თქვენ მნიშვნელოვან როლს თამაშობთ სხვა დაინტერესებული მხარეების ყველა ჯგუფის წინაშე ინიციატივით გამოსვლის, შესაბამისი ჩარჩოს შეთავაზებისა და წახალისების საქმეში, რათა მათ საკუთარი როლი შეასრულონ სკოლის ფარგლებში მიმდინარე პროცესებში. თქვენი ეს როლი მარტივი არ არის, ვინაიდან სკოლის აკადემიური და არააკდემიური პერსონალისა და მოსწავლეების რაოდენობა ხშირად უტოლდება საშუალო ზომის კომპანიაში დასაქმებულ პირთა რაოდენობას. სკოლის ხელმძღვანელებს მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ შიგა დაინტერესებულ მხარეებთან, მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და სკოლის სხვა პერსონალთან. მეორე მხრივ, არიან გარე დაინტერესებული მხარეებიც, როგორიცაა მოსწავლეთა მშობლები, სკოლების მართვაზე თუ პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ხელმძღვანელი პირები, და დონორები. როგორც სკოლის ხელმძღვანელს, თქვენ არ შეგიძლიათ აკონტროლოთ ყველა ამ ჯგუფის ქცევა, თუმცა თქვენ შეგიძლიათ მათი საერთო ინტერესები სკოლის წარმატებისკენ მიმართოთ. შესაბამისად, თქვენი პიროვნული და პროფესიული ხედვა მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ ცდილობთ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ჩართოთ ყველა დაინტერესებული მხარე.

საჭიროა კარგად გააცნობიეროთ და გააანალიზოთ თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის ხედვა.

თქვენ წარმოადგენთ მთავარ დაინტერესებულ მხარეს. თქვენზე მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ის, თუ სხვა დაინტერესებული მხარეები და ჯგუფები რამდენად აქტიურად აიღებენ პასუხისმგებლობას სკოლის საზოგადოებაზე. შესაბამისად, საჭიროა კარგად გააცნობიეროთ და გააანალიზოთ თქვენი, როგორც სკოლის ხელმძღვანელის პროფესიული ხედვა, რადგან იგი მნიშვნელოვან ზემოქმედებას ახდენს თქვენ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და გახორციელებულ ქმედებებზე (იხ. ინფორმირებულობისათვის საჭირო მასალა 1.1 და სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 52, 56).

შიგა თუ გარე დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობისას, თქვენ ქმნით ერთგვარ ქსელს. თქვენ უწყვეტ რეჟიმში გაქვთ კომუნიკაცია მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან და სკოლის თანამშრომლებთან, როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ კონტექსტში. თქვენ რეგულარულად გაქვთ კავშირი პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და დონორებთან, რომლებიც თქვენგან ყურადღების გამოჩენას ელიან. სცადეთ ამოიცნოთ მათი საერთო ინტერესები, რომლებსაც თქვენ გაითვალისწინებთ.

დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვა: რატომ მსურდა გავმხდარიყავი სკოლის ხელმძღვანელი? რა ტიპის სკოლის და რა ტიპის საზოგადოების ხელმძღვანელი მსურს ვიყო? ამგვარ კითხვებზე პასუხის გაცემით თქვენ უფრო ნათელი წარმოდგენა შეგექმნებათ თქვენ საკუთარ ხედვაზე, რომლითაც ხელმძღვანელობთ მოქმედებისას, როგორც სკოლის ხელმძღვანელი (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 47).

გარე დაინტერესებული მხარეები

სკოლის გარემო მოიცავს როგორც ფორმალურ ასევე არაფორმალურ კონტექსტს, რაც სკოლის ხელმძღვანელის, მასწავლებლებისა და მოსწავლეების მხრიდან კონკრეტული როლისა და ფუნქციების შესრულებას მოითხოვს და, ამავდროულად, მათ სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს. სკოლის პერსონალის მონაწილეობით გამართული შეხვედრები, მშობელთა კრებები და გაკვეთილები განეკუთვნება ფორმალურ კონტექსტს, შესვენებების დროს სკოლის დერეფნებში თუ სკოლის ეზოში გამართული საუბრები განეკუთვნება არაფორმალურ კონტექსტს.

იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ მოცემულ რეკომენდაციებს დამაჯერებლად მიიჩნევთ, დაუყოვნებლივ შეუდექით მათ გახორციელებას.

მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობის უზრუნველსაყოფად გადადმული პირველი ნაბიჯები

  • სკოლის პერსონალთან შეხვედრის დაწყებამდე, მიაწოდეთ მასწავლებლებს სათანადო ინფორმაცია, რაც მათ დაეხმარება საკუთარი მოსაზრების ჩამოყალიბებაში, შეხვედრაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 36).
  • მიეცით საშუალება მასწავლებლებს გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები სკოლის პერსონალთან შეხვედრის დროს. მოუსმინეთ მათ მსჯელობას და აირჩიეთ კრების თამჯდომარედ სკოლის ხელმძღვანელის მოადგილე ან ერთ-ერთი თანამშრომელი.
  • მიეცით საშუალება და ხელი შეუწყეთ სკოლის იმ თანამშრომლებს, რომლებიც გამოთქვამენ საზოგადოებასთან და გარე ექსპერტებთან ქსელის შექმნის სურვილს (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 54).
  • შესვენებებისა და საუზმისთვის განკუთვნილ დროს დატოვეთ საკუთარი კაბინეტი და შეუერთდით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს. სათანადო ყურადღება დაუთმეთ იმას, რაზეც თქვენ გესაუბრებიან მასწავლებლები არაფორმალურ კონტექსტში, ვინაიდან მასწავლებლებს ყოველთვის წინასწარ აქვთ დაგეგმილი რისი თქმა სურთ მათ თქვენთვის, როდესაც არაფორმალურ კონტექსტში თქვენთან კომუნიკაციას ამყარებენ (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 57).
  • შეეცადეთ დაიმახსოვროთ რაც შეიძლება მეტი მოსწავლის სახელი. მაგალითად, უკრაინის ერთ-ერთი სკოლის ხელმძღვანელმა შეძლო ამის მიღწევა ეტაპობრივად, მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფების საკუთარ კაბინეტში მოწვევით, მათთან ერთად ჩაის მირთმევის მიზნით.

დაინტერესებულ მხარეთა ჩართვა: შემდგომი ნაბიჯები

  • განსაზღვრეთ რა შეადგენს ყოველდღიურ საქმიანობას და მათი შესრულება დაავალეთ სკოლის პერსონალს, დასაწყისისთვის, უმჯობესია, გარკვეული დროის მანძილზე. სკოლის ადმინისტრირების შესახებ მასწავლებლებისათვის მეტი ინფორმაციის მიწოდება საშუალებას მოგცემთ ყურადღების კონცენტრირება მოახდინოთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე. პასუხისმგებლობის აღებით, სკოლის პერსონალი შეძლებს სკოლასთან საკუთარი თავის მეტად იდენტიფიცირებას (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 58). ამგვარად თქვენ სკოლის პერსონალს ნდობას უცხადებთ ნაცვლად იმისა რომ აკონტროლოთ ისინი.
  • უზრუნველყავით ისეთი გარემოს შექმა, რომელიც ხელს შეუწყობს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის სოციალიზაციას საკლასო გარემოს მიღმა, მაგალითად, საერთო კაფეტერია, სასაუზმე, ან დასასვენებელი სივრცე, რომელიც განკუთვნილია როგორც მასწავლებლებისათვის, ისე მოსწავლეებისათვის (იხ. სკოლების დემოკრატიული მმართველობა, გვ. 48). ამ საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებული დამატებითი იდეები შეგიძლიათ იხილოთ ამავე ვებ-გვერდზე მოცემულ რესურსებში, რომლებიც ეძღვნება კვებასა და ფიზიკურ აქტივობებს.
  • სკოლის ვებგვერდის დამზადება დაავალეთ გუნდს, რომლებშიც წარმოდგენილი იქნებიან როგორც მასწავლებლები, ასევე მოსწავლეები. ამგვარად შექმნილი ვებგვერდი ემსახურება სკოლის დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებას, აწვდის რა მის გამომწერებს ინფორმაციას აქტუალურ თემებსა და საკითხებზე და მიმდინარე მოვლენებზე. შესთავაზეთ ყველა დაინტერესებულ მხარეს გაწევრიანდნენ ამ ვებ-გვერზე.
  • მოიწვიეთ მოსწავლეთა მშობლები, სკოლის ხელმძღვანელობაზე პასუხისმგებელი პირები, პოლიტიკის შემუშავებაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი ხელისუფლება, დონორები, და/ან მედია თქვენს სკოლაში. მოაწყვეთ შეხვედრები სკოლის პერსონალთან და მოსწავლეებთან. განიხილეთ მათთან ერთად შემდეგი საკითხები: როგორ წარმოუდგენიათ საუკეთესო სკოლა, რომელიც მოცემული საზოგადოების ინტერესებს ესადაგება? რა ტიპის განათლება უზრუნველყოფს ჩვენი მოსწავლეების საუკეთესოდ მომზადებას მომავალი ცხოვრებისთვის? რატომ არის მნიშვნელოვანი რომ სკოლა წარმოადგენდეს დემოკრატიული კულტურის ნიმუშს?

დამატებითი იდეები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა უზრუნველყოთ დაინეტესებული მხარეების ჩართვა თქვენ სკოლაში მიმდინარე მოვლენებში, იხილეთ მასალაში, რომელიც უკავშირდება თემებს 2, 3 და 4.