კომუნიკაცია დემოკრატიულ გარემოში

Living Democracy » Principals » კომუნიკაცია » ინფორმირებულობა » კომუნიკაცია დემოკრატიულ გარემოში

დემოკრატიის კონტექსტში, განსაკუთრებით ფორმალური კომუნიკაციის დროს, კომუნიკაციის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს, გამჭვირვალობა წარმოადგენს. თანამედროვე დემოკრატია ითხოვს როგორც ანგარიშვალდებულებას, ასევე გამჭვირვალობას. შესაბამისად, კომუნიკაციის პროცესი, რომელიც სკოლის საზოგადოების რომელიმე წარმომადგენლისა ან ჯგუფის კომუნიკაციის პროცესიდან მუდმივ გარიყვას გულისხმობს, უბრალოდ არადემოკრატიულია.

იმ შემთხვევაში თუ თქვენ ემზადებით სკოლის საბჭოს შეხვედრისთვის, ამზადებთ ინფორმაციას სასკოლო ღონისძიების შესახებ, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად, ითხოვთ მშობლებთან შეხვედრას, მათთან იმ თემებზე სასაუბროდ, რომლებსაც მათი უკმაყოფილება უკავშირდება, ან ცდილობთ მოიპოვოთ მეტი ინფორმაცია ახლად მიღებული კანონის შესახებ, თქვენ იყენებთ თქვენს სკოლასთან დაკავშირებულ მრავალფეროვან აუდიტორიასთან კომუნიკაციის სხვადასხვა გზას. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, თქვენ განსაზღვრავთ, თუ რა ხარისხის გამჭვირვალობაა საკმარისი თქვენი ფორმალური კომუნიკაციისათვის, და ხელს უწყობს თუ არა იგი მონაწილეობითი მიდგომის წახალისებას თქვენს სკოლაში, თუ ძალაუფლების მხოლოდ რამდენიმე პირის ხელში აღმოჩენას ემსახურება.

წინამდებარე ნაწილში გაგაცნობთ სკოლის საზოგადოებასთან კომუნიკაციის უნარებისადმი ზოგიერთ ძირითად მიდგომას, ამასთან, ნებისმიერ ეტაპზე ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ თქვენი სკოლა წარმოადგენს მიკრო საზოგადოებას.

სკოლის საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის მნიშვნელობა

აღნიშნულ კონტექსტში, კომუნიკაციის საშუალებით ჩვენ ვასრულებთ კონკრეტული აუდიტორიისთვის კონკრეტული გზავნილის მიწოდებას. შესაბამისად, როგორც სკოლის ხელმძღვანელმა, თქვენ უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები: თქვენი გაზვნილის ფორმა, თქვენი გზავნილის სამიზნე აუდიტორია და ის არხი, რომლის გამოყენებასაც თქვენ გეგმავთ გზავნილის სამიზნე აუდიტორიისათვის მისაწოდებლად. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა სამიზნე აუდიტორიისთვის გამოიყენება გზავნილების სხვადასხვა ფორმა, და კომუნიკაციის სხვადასხვა არხები.

თქვენ შეგიძლიათ ზეპირსიტყვიერი კომუნიკაცია დაამყაროთ თქვენი სკოლის პერსონალთან იმ საკითხებზე, რომლებიც სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებას ეხება; ან შეგიძლიათ ოთახში ნივთების სხვაგვარი განლაგება უზრუნველყოთ, რაც ე.წ. არავერბალური გზავნილი იქნება, რომ ეწყობა კონკრეტული ღონისძიება; მაშინ როცა, როდესაც გსურთ საზოგადოებას აუწყოთ თქვენი მოსწავლეების მნიშვნელოვანი მიღწევები, თქვენ ამზადებთ პრესრელიზს – საინფორმაციო გზავნილს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გამოსაქვეყნებლად.

აქედან გამომდინარე, ვერბალური, არავერბალური და წერილობითი კომუნიკაცია – ეს კომუნიკაციის ის ფორმებია, რომელთა საშუალებითაც თქვენ კონკრეტულ გზავნილს აწვდით თქვენს გარშემომყოფთ. თუმცა თქვენს მთავარ პრიორიტეტს უნდა წარმოადგენდეს მკაფიო და თანმიმდევრული გზავნილის ჩამოყალიბება, რომლის გაგებასა და გაშიფვრასაც ნებიმიერი აუდიტორია შეძლებს.

კომუნიკაციის უნარის განვითარება უმნიშვნელოვანესია განათლების კონტექსტში. სკოლის ხელმძღვანელებს, პედაგოგებსა და სკოლის ადმინისტრაციის წევრებს გამუდმებით უწევთ კომუნიკაციის დამყარება მოსწავლეებთან, მათ მშობლებთან, საკუთარ თანამშრომლებთან, სხვა დაწესებულებების, გაერთიანებებისა თუ ასოციაციების წარმომადგენლებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან. გარდა იმისა, რომ სკოლაში აუცილებელია ყურადღება მახვილდებოდეს ყოველდღიურ ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, სასწავლო პროგრამებისა და გეგმების სრულყოფაზე, მოსწავლეთა შეფასებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, თუ მოსწავლეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე, სკოლა მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს თუ ყურადღებას ასევე გაამახვილებს მასზედ, თუ როგორ ამყარებენ სკოლის დირექტორი და სკოლის პედაგოგები კომუნიკაციას.

კომუნიკაცია რთული პროცესია, რომელსაც არც ერთმნიშვნელოვანი და არც მარტივი ახსნა არ მოეპოვება. შესაბამისად, თუ თქვენს მიზანს წარმოადგენს სკოლაში ეფექტური კომუნიკაციის დანერგვა, დარწმუნებული იყავით, რომ თქვენი ქმედებები და განცხადებები არა მხოლოდ მცირე აუდიტორიისთვის იქნება გასაგები, არამედ ყველა იმ დაწესებულებისა და ადამიანისათვის, ვისთანაც თქვენ ეფექტურ კომუნიკაციას ამყარებთ.