შეფასება გაცილებით მეტია, ვიდრე ტესტირება და კონტროლი

Living Democracy » Principals » სწავლა » მზადება » შეფასება გაცილებით მეტია, ვიდრე ტესტირება და კონტროლი

პროცესის შეფასება რბოლის დასრულებას ჰგავს. შედეგის შეფასება კი ნიშნავს მიმდინარე მოვლენების პულსზე გეჭიროს ხელი. ამ ფორმების პრაქტიკაში დანერგვა და გამოყენება შესაძლოა სკოლის ხელმძღვანელისთვის მძიმე შრომად იქცეს, ან ინსტრუმენტად, რომელიც მას პროცესების მართვაში ეხმარება. როგორც ყველა დანარჩენი ასპექტი, შეფასებაც სათანადო ყურადღებას საჭიროებს, და არა მხოლოდ გამოცდების მოახლოვებისას.

ტესტირება შეფასება არ არის

მასწავლებელი შემოდის კლასში და მოსწავლეებს აცნობს თემას, ხაზს უსვამს მნიშვნელოვან საკითხებს და ფაქტორებს, განმარტავს იმას, რისი ახსნის საჭიროებასაც თავად თვლის აუცილებლად და მოჰყავს ერთი ან ორი მაგალითი. მოსწავლე უსმენს მას და მიჰყვება მასწავლებლის ტემპს. შემდეგ იგი მიდის სახლში, პოულობს სახელმძღვანელოში მასწავლებლის მიერ გაკვეთილისას ახსნილ საკითხს, კითხულობს მას, ყურადღებას ამახვილებს მნიშვნელოვან ნაწილებზე, იხსენებს მასწავლებლის მიერ მიწოდებულ ახსნა-განმარტებას და ასრულებს ერთ ან ორ სავარჯიშოს. შემდეგი გაკვეთილის განმავლობაში, მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს გაიხსენონ წინა გაკვეთილზე ახსნილი მასალა. დასასრულს, იგი აყალიბებს კითხვების მთელ რიგს და სთხოვს მოსწავლეებს პასუხი გასცენ ამ კითხვებს წერილობითი ფორმით. მასწავლებელი მოსწავლეს გადასცემს ინფორმაციას, მოსწავლე ამუშავებს ამ ინფორმაციას და აბარებს მას მასწავლებელს. მასწავლებელი ამოწმებს რამდენად სწორად გაიგო მოსწავლემ მასალა, და პასუხგაუცემელი კითხვების ქულათა ჯამს აკლებს მაქსიმალურ ქულას, მოსწავლის შეფასების მიზნით.

ეს არის შემაჯამებელი შეფასების ნიმუში, რომელიც მოსწრების თვალსაზრისით მოსწავლის მიღწევებზეა ორიენტირებული, და რომელიც ეყრდნობა ტესტირებას და გულისხმობს ქულების მინიჭებას. ამგვარი შეფასება სკოლებში სავალდებულოა და ემსახურება მოსწავლისთვის ნიშნის დაწერას. იგი ასევე კონტროლის ინსტრუმენტსაც წარმოადგენს, მაგრამ არა შედეგის შეფასებას, რადგან იგი ფაქტობრივად აფასებს სწავლების – როგორც ინფორმაციის გადაცემის – ეფექტურობას.

ტესტირებას და კონტროლს ბევრი მნიშვნელოვანი ნაკლოვანება გააჩნია. შეფასების კრიტერიუმები ხშირად ძალიან ბუნდოვანია იმისთვის, რომ მათი საშუალებით ცოდნის ზუსტი გაზომვა მოხდეს, ან ძალიან მკაცრია და არ ითვალისწინებს მოსწავლეთა ძლიერ და სუსტ მხარეებს და მოსწავლეთა შორის არსებულ სხვაობას. თუ ამას თან დავურთავთ იმ პირის მიერ მოსწავლეების მიმართ გამოჩენილ სუბიექტურობასა და მიკერძოებულ დამოკიდებულებას, რომელიც მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების შეფასებას აწარმოებს, მივიღებთ ვითარებას, როდესაც ერთი და იმავე დონის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვანაირად შეფასდეს და მათგან მიღებული უკუკავშირი აბსოლუტურად გამოუსადეგარი იყოს მოსწავლისათვის.

მიმდინარე და პროგნოზული შეფასება

არა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებისას, არამედ ზოგადად, სწავლებისას, შეფასება ასევე გულისხმობს ინდივიდუალური მოსწავლისა და მისი პროგრესის შეფასებას (მიმდინარე შეფასება) და ასევე პროგნოზულ შეფასებას, ანუ შეფასებას იმისა, თუ რა შედეგებია მოსალოდნელი. შეფასების ეს ფორმები ითვალისწინებს მოსწავლეთა თავისებურებებს და მათ ძლიერ მხარეებსა და სწავლის საჭიროებებს.

შეფასების კრიტერიუმები წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც ავლენს ინდივიდუალური მოსწავლის მიერ დაშვებულ შეცდომებს, და არ გულისხმობს ამ შეცდომების გასწორებას. მასწავლებლები მოსწავლეებთან ერთად განიხილავენ სურთულეების დაძლევის გზებს და მოსწავლეები იღებენ პასუხისმგებლობას სწავლის მიმართულებით საკუთარ მიღწევებზე. ამგვარად, მიმდინარე და პროგნოზული შეფასება ემსახურება სწავლება-სწავლის დაკავშირებას დემოკრატიულ ღირებულებებთან, და საშუალებას აძლევს და ამხნევებს მოსწავლეებს, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ დემოკრატიულ პროცესებში და მეტ წარმატებას მიაღწიონ შემდგომ სწავლის პროცესში.
დეტალური ინფორმაცია შემაჯამებელი, მიმდინარე და პროგნოზული შეფასების შესახებ იხილეთ შემდეგ ვებ-გვერდზე: http://living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/chapter-2/lesson-3/.

შეფასების კრიტერიუმების გაზიარება მოსწავლეებისათვის

შეფასება სკოლის დემოკრატიულ ეთოსს უნდა ეხმიანებოდეს და მის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. მაშასადამე, შემაჯამებელი შეფასების კრიტერიუმები უნდა იყოს სამართლიანი და მკაფიო და, ამასთანავე, გამჭვირვალე, ე.ი. კარგად გასაგები მოსწავლეებისათვის. აღნიშნული არა მხოლოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლებას ეხმიანება, არამედ სწავლების კარგი პრაქტიკის უცილობო წინაპირობასაც წარმოადგენს, ნებისმიერი სასკოლო საგნის სწავლებისას. გარდა ამისა, თქვენ და თქვენმა კოლექტივმა ერთად უნდა განიხილოთ და შეთანხმდეთ შეფასების მასშტაბზე, მაგალითად, უნდა მოხდეს მხოლოდ ცოდნისა და უნარების შეფასება, თუ დამოკიდებულებებისა და ღირებულებების შეფასებაც.

მასწავლებელთა თვით-შეფასება

მასწავლებლები გვერდს ვერ აუვლიან საკუთარი ინდივიდუალური ხედვის შეფასებას და იმის შეფასებას თუ როგორ ზემოქმედებს მათი ხედვა მოსწავლეების შეფასებაზე. ამრიგად, მათ უნდა გააცნობიერონ, რომ სხვადასხვა მასწავლებლების მიერ შეფასებებს შორის სხვაობა შეიძლება უსამართლო იყოს ინდივიდუალური მოსწავლისთვის. მასწავლებლები მუდმივად უნდა აკვირდებოდნენ შეფასების პროცედურებს, რომლებსაც ისინი იყენებენ, რისი მიღწევაც მარტივდება მასწავლებლებს შორის ურთიერთდაკვირვებისა და ერთმანეთთან უკუკავშირის საშუალებით. ამას გარდა, საინტერესოა ამ საკითხზე მოსწავლეებისაგან მიღებული უკუკავშირიც. არსებობს კიდევ ერთი გზა, ეს არის მასწავლებელთა თვით-შეფასება. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების სახელმძღვანელოთა პირველი ტომი – განათლება დემოკრატიისათვის – მოიცავს ერთ მთლიან თავს, რომელიც ეძღვნება მოსწავლეთა, მასწავლებლებისა და სკოლის შეფასებას https:// www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/, და ასევე მოიცავს კითხვებს მასწავლებელთა თვით-შეფასებისათვის https://www.living-democracy.com/ge/textbooks/volume-1/part-2/unit-5/chapter-2/lesson-8/