2 – სამუშაო ფურცელი 1: შეფასების სხვადასხვა განზომილება

Living Democracy » Textbooks » 2 – სამუშაო ფურცელი 1: შეფასების სხვადასხვა განზომილება

მოსწავლეთა შეფასების სხვადასხვა განზომილება მოიცავს სამ დონეს. ქვევით მოცემული კუბის ფორმის მოდელის საშუალებით, შესაძლებელია ახსნილ იქნას სამ განზომილებას შორის ურთიერთდამოკიდებულება.

განზომილება 1 – პერსპექტივები: მოსწავლეებს შეუძლიათ, თავად შეაფასონ საკუთარი მოსწრება  (აწარმოონ თვითშეფასება), ან შეიძლება შეფასდნენ სხვათა მიერ (სხვების მიერ წარმოებული შეფასება).

განზომილება 2 – ფორმები: შეფასებას შეიძლება გააჩნდეს სამი განსხვავებული ფორმა – სწავლის პროცესების შეფასება, სწავლის სფეროში წარმატების, მოსწრების შეფასება და პერსპექტივის შეფასება. ამ ფორმათაგან თითოეულს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

განზომილება 3 – სტანდარტები: შეფასებისას, შესაძლებელია მასწავლებელი ორიენტირებული იყოს ინდივიდუალურ სტანდარტზე (მოსწავლეზე), ობიექტურ სტანდარტზე (სწავლის მიზანზე) ან სოციალურ სტანდარტზე (კლასში მოსწავლის პოზიციაზე). შეფასებისას გამოყენებული სტანდარტი დიდი გავლენას ახდენს მოსწავლის შემდგომ მიღწევებზე.

ვიდრე სხვადასხვა განზომილებას განვიხილავდეთ, საჭიროა, საკუთარ თავს დავუსვათ კითხვა იმის თაობაზე, თუ რა კომპეტენციებს ვაფასებთ. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ამ კითხვაზე პასუხი უკვე გვაქვს და ეს არის სწორედ ის კომპეტენციები, რომლებიც ჩვენ უკვე განვიხილეთ: ანალიზის კომპეტენცია, პოლიტიკური აზროვნების კომპეტენცია და მოქმედების კომპეტენცია.

ამასთან დაკავშირებით, შესაძლებელია წამოიჭრას შემდეგი  კითხვები, რომლებიც ეხება შეფასების გარკვეული და ობიექტური კრიტერიუმების დასახვას:

  • წარმოადგენს კი ის, რასაც ჩვენ მოსწავლეთა წარმატების შეფასებისას ვამოწმებთ, მნიშვნელოვან ფაქტორს (დამახსოვრებული ინფორმაცია, ფაქტები, რომლებიც მხოლოდ მაგალითის ფუნქციას ასრულებს და, რაც მთავარია, მშრალი ფაქტების  ცოდნა „აზროვნებისა და მოქმედების ინსტრუმენტი“ და უნარი)?
  • ობიექტური კრიტერიუმებით არის განსაზღვრული ის ქულები, რომლებსაც ჩვენ ვანიჭებთ მოსწავლეთა ნამუშევრებს მათი შეფასებისას?
  • მოსწავლეების მიერ ტესტის შესრულების დროს გამოყენებული სტანდარტები შეესაბამება სილაბუსით გათვალისწინებულ სტანდარტებს?
  • წინასწარ არის განსაზღვრული ყველა ის მოთხოვნა, რომელიც დაკმაყოფილებული უნდა იყოს, რომ მოსწავლის ნამუშევარი გარკვეული ქულით შევაფასოთ (მიღწევათა სხვადასხვა დონე)?
  • გამოცდაზე მოსწავლეებისათვის მიცემული ტესტი აძლევს საშუალებას მოსწავლეებს, თავად გააცნობიერონ, სწავლის მიზნის რა ნაწილში მიაღწიეს მათ წარმატებას?
  • სხვადასხვა საწყისი დონის მქონე მოსწავლეებს სხვადასხვა ტესტი ეძლევა?
  • ეძლევათ  მოსწავლეებს იმის საშუალება, რომ  ინდივიდუალურად შეასრულონ ტესტით გათვალისწინებული დავალება იქ, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს (მაგალითად, შეუძლიათ მათ სწორი პასუხი შეარჩიონ იმ დროში, რომელიც მათთვის არის ხელსაყრელი)?