გაკვეთილი 2: რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ … ?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ … ?

წესების დარღვევას გარკვეული შედეგები მოჰყვება

სწავლის მიზნები მოსწავლეები განიხილავენ წესების დარღვევის შესაძლო შედეგებს. ისინი მსჯელობენ სკოლაში არსებულ წესებზე, სამართლიანობის, თანასწორობის, მონაწილეობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებიდან გამომდინარე.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები როლებს ინაწილებენ ინსცენირებულ სიტუაციაში, სადაც წესების დარღვევის თემაა გაშლილი. განიხილავენ სკოლაში მოქმედ წესებს და ჩანაწერებს აკეთებენ ამ წესების დარღვევასთან დაკავშირებული ფაქტობრივი და შესაძლო შედეგების შესახებ. მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს იმასთან დაკავშირებით, თუ რის შეცვლას ისურვებდნენ სკოლაში მოქმედ წესებში, რატომ ისურვებდნენ ამ წესების შეცვლას და, მათი აზრით, როგორ უნდა შეიცვალოს ისინი.
რესურსები სტიკერები, კალმები, ფლიპჩარტი, სკოლის წესების ჩამონათვალი მოსწავლეთა თითოეული ჯგუფისათვის, მსხვილი შრიფტით დაწერილი სკოლაში მოქმედი წესები, ფლიპჩარტზე ან დაფაზე გასაკრავად.
მეთოდები მონაწილეობა ინსცენირებულ სიტუაციებში (ჯგუფებად), საერთო საკლასო განხილვა, ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეები ნაწილდებიან ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში. ისინი ერთვებიან სიტუაციურ თამაშში, სადაც ინსცენირებულია სკოლაში მოქმედი წესების დარღვევა. მოსწავლეები თავიანთ ჯგუფებში განიხილავენ წესებს, ვიდრე სიტუაციურ თამაშში ჩაერთვებიან. სიტუაციური თამაშების სიუჟეტები შესაძლებელია განსხვავებული იყოს, მაგალითად:

  • ფეხბურთის თამაში;
  • კლასში არასათანადო ქცევის დემონსტრირება;
  • კომპიუტერული თამაშებით დაკავება;
  • არასათანადო ქცევის დემონსტრირება სკოლის სათამაშო მოედანზე;
  • საუბარი გაკვეთილის მსვლელობისას;
  • ერთმანეთთან დაპირისპირება ან ჩხუბი;
  • და სხვ.

წესის დარღვევის ყოველ შემთხვევაზე მოსწავლეები ჩანაწერს აკეთებენ შედეგების შესახებ, ან – იმ შემთხვევაში, თუ შედეგი არ არის სახეზე – შესაძლო შედეგების შესახებ. ამის შემდეგ ჯგუფები თავიანთი ჩანაწერებით ერთვებიან საერთო საკლასო განხილვაში.

საერთო საკლასო სხდომაზე მოსწავლეები განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • როგორ უზრუნველყოფს არსებული წესები ჩვენი უფლებებისა და პასუხისმგებლობების დაცვას და ზრუნავს იმაზე, რომ უსაფრთხო, სამართლიან და სასიკეთო გარემოში შევძლოთ თანაცხოვრება?
  • რაში გვჭირდება წესები?
  • როგორ ვხვდებით, რა წესები მოქმედებს? როგორ ვეცნობით მათ?
  • მოქმედი წესები ყველასათვის სამართლიანია?
  • არსებობს ისეთი სიტუაცია, რომელიც მოქმედი წესების შეცვლას საჭიროებდეს?
  • ვინ უნდა ადგენდეს წესებს და რა მიზანს ემსახურება მათ მიერ წესების დადგენა?
  • რა შედეგი შეიძლება მივიღოთ, თუ ჩვენ წესებს არ დავიცავთ?

ამ საკითხების ირგვლივ გამართული დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეები ისევ თავიანთ ჯგუფებში აგრძელებენ მუშაობას. განიხილავენ, ისურვებდნენ თუ არა რაიმეს შეცვლას  სკოლაში მოქმედ წესებში. ჯგუფის წევრები თანხმდებიან იმ ცვლილებებზე, რომლებიც, მათი აზრით, საჭიროა შეტანილ იქნეს სკოლაში მოქმედ წესებში, დასკვნები წერილობითი ფორმით გადააქვთ ფურცლებზე, რომლებსაც გამოფენენ დაფაზე ან ფლიპჩარტზე წარმოდგენილი სკოლაში მოქმედი წესების ჩამონათვალის გვერდით.