2 – ფურცელი 3: სწავლებისა და სწავლის ადეკვატური ფორმების შერჩევა

Living Democracy » Textbooks » 2 – ფურცელი 3: სწავლებისა და სწავლის ადეკვატური ფორმების შერჩევა

სწავლების კონკრეტული ფორმის შერჩევისას, მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა იყოს ორგანიზებული სწავლებისა და სწავლის გარემო და რა თანამიმდევრობით უნდა გახორციელდეს ეს პროცესი. აქვე წამოიჭრება კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ სწავლების, სწავლისა და სოციალური ურთიერთობის რა განსხვავებული ფორმები უნდა იქნეს ჩართული და ერთმანეთთან შერწყმული, როგორ უნდა განისაზღვროს სწავლის ეტაპებისათვის გამოყოფილი დრო და რა მასალა უნდა იყოს შერჩეული და გამოყენებული მოსწავლეებისათვის მისაწოდებლად. ქვემოთ მოყვანილი კითხვები განკუთვნილია მასწავლებლებისათვის ამგვარი შერჩევისა და ძიების პროცესში დასახმარებლად:

  • სწავლების რა ფორმები შეუწყობს ხელს სწავლის დაგეგმილ პროცესს?
  • სოციალურ ურთიერთობათა რა ფორმებს ვირჩევ?
  • რა სტრუქტურასა და რიტმს ვირჩევ მოცემული კურსისათვის?
  • რამდენად შეუძლიათ მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ გაკვეთილის დაგეგმვასა და სწავლების ფორმის შერჩევაში?
  • გარეშე ფაქტორებისა და გარემოებების გათვალისწინებით, სწავლების რა ფორმებია ხელმისაწვდომი და ტექნიკურად შესაძლებელი?
  • სწავლების რომელი მეთოდები და სტილია ჩემთვის ხელსაყრელი, ვინაიდან მე ეს უკეთესად გამომდის?
  • კიდევ რისი გაკეთება შემიძლია ჩემს მოსწავლეებთან ერთად, სწავლისათვის უფრო ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად?
  • სწავლების ჩემ მიერ შერჩეული მეთოდი თანაბრად აკმაყოფილებს როგორც გოგონების, ასევე, ვაჟების მოთხოვნილებებს?
  • ჩემ მიერ დაგეგმილი გაკვეთილი იძლევა კლასში თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის საშუალებას?
  • საკლასო ოთახში არის გამოყოფილი თავისუფალი ადგილები ან კუთხეები, სადაც მოსწავლეები და მოსწავლეთა ჯგუფები შეძლებენ, განმარტოვდნენ?
  • საკლასო ოთახი ყოველთვის საუკეთესო გარემოს წარმოადგენს სწავლისათვის? ხომ არ არის საჭირო საკლასო ოთახის შეცვლა ან მისი სხვაგვარად მოწყობა? სკოლაში არის ოთახები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელი იქნება განსაკუთრებულ შემთხვევებში? რამდენად სასარგებლო იქნება ექსკურსიები და ადგილზე ჩატარებული კვლევები?
  • რა დოზით ვაძლევ თავისუფლებას ჩემს მოსწავლეებს; როგორ ვაფასებ მე მათ უნარებს?
  • ყველა მოსწავლემ ერთი, წინასწარ განსაზღვრული გზით უნდა ისწავლოს? ჩემი მიდგომა ითვალისწინებს ინდივიდუალურ მოსწავლეებს და არის ის საკმაოდ მოქნილი იმისათვის, რომ სწავლის განსხვავებული საჭიროებები, ტემპი და უნარები დააკმაყოფილოს?
  • შესაძლებელია მოსწავლეებს შევთავაზო რამდენიმე ალტერნატივა, რათა მათ თავად შეარჩიონ პროცედურები, რომლებიც მათთვის უფრო საინტერესოა?
  • როგორი იქნება მათი საშინაო დავალება?
  • სოციალურ ურთიერთობათა რა ფორმებია მისაღები, სწავლის გარემოს, მიზნების, შინაარსისა და სწავლის პროცესების გათვალისწინებით (ინდივიდუალური სამუშაო, წყვილებში მუშაობა, მცირე ან დიდ ჯგუფებში მუშაობა)?