1. წინასიტყვაობა

Living Democracy » Textbooks » 1. წინასიტყვაობა

მასწავლებელი, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებზეა პასუხისმგებელი, შესაძლებელია წარმატებით ართმევდეს თავს გაკვეთილის დაგეგმვისა და გაკვეთილისათვის მზადების ამოცანას. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგად არის მომზადებული გაკვეთილი, გაკვეთილი შეიძლება ჩავარდეს, თუ მასწავლებელს ავიწყდება, გაითვალისწინოს ის, თუ რა უნარებს ფლობენ მისი მოსწავლეები გარკვეული ტექნიკური თვალსაზრისით. მსგავსი სიტუაცია შეიძლება შეექმნას საუკეთესო და დიდი გამოცდილების მქონე მასწავლებელსაც. გაკვეთილი წარმატებულია მხოლოდ მაშინ, თუ მოსწავლეები ფლობენ გარკვეულ მეთოდებს და იციან, როგორ გამოიყენონ ისინი.

ევროპის მასშტაბით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში ჩართული მასწავლებლების მონაწილეობით წარმოებული სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, მასწავლებლებისათვის განკუთვნილ ამ სახელმძღვანელოში მოგვეწოდებინა ინსტრუმენტთა ჩამონათვალი მოსწავლეებისათვის. მათში მოცემული ინსტრუქციები, სამუშაო ფურცლები, ინსტრუმენტები და კითხვარები ერთგვარ მონაცემთა ბაზის ფუნქციას ასრულებს, რომელიც მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი, იმ შემთხვევებისათვის, თუ ისინი არ ფლობენ გარკვეულ მეთოდს ან ტექნიკას.

მასწავლებლის მოვალეობაში შედის, აუხსნას მოსწავლეებს, როდის, როგორ და რომელი ინსტრუმენტი უნდა გამოიყენონ. ასევე, მასწავლებლის გადასაწყვეტია ის, თუ რა დროს და რომელი ინსტრუმენტი მიაწოდოს მოსწავლეებს, ინსტრუმენტი საკლასო ოთახში უნდა გამოფინოს, ყველასათვის თვალსაჩინო ადგილას, თუ მისი მისადაგება შესაძლებელია საშინაო დავალებისათვის და უნდა დაურიგდეს მოსწავლეებს.

მოცემული ინსტრუმენტები მოსწავლეებს დაეხმარება, თავი გაართვან მათ წინაშე მდგარ სხვადასხვა ამოცანას, როგორიცაა:

  • როგორ მოიძიონ და მოიპოვონ ინფორმაცია;
  • როგორ დაახარისხონ ინფორმაცია;
  • როგორ მიუდგნენ შემოქმედებით სამუშაოს;
  • როგორ წარადგინონ საკუთარი ნამუშევარი;
  • როგორ ითანამშრომლონ სხვა მოსწავლეებთან.

ყოველი ინსტრუმენტი მოცემულია ცალკე ფურცელზე. მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გაეცნონ თითოეულ მათგანს, ან იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი იღებს ამგვარ გადაწყვეტილებას, ერთობლივად, წყვილებში, ან მცირე ზომის ჯგუფებში მოხდეს მათი განხილვა.