თავი 4: კონფლიქტი

Living Democracy » Textbooks » თავი 4: კონფლიქტი

როგორ ვიქცევით, როცა არ ვეთანხმებით?

ID_5599

მშვიდობის ცნებას აქვს მნიშვნელოვანი კულტურული განზომილება. შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებში მშვიდობის ცნება უფრო შინაგან, სულიერ სიმშვიდეს უკავშირდება მაშინ, როცა დასავლეთში მშვიდობა ომის ან სხვა ძალადობრივი კონფლიქტის არარსებობას გულისხმობს. ინდურში მშვიდობის აღმნიშვნელი სიტყვაა ,,shanti”, რაც ნიშნავს გონებრივ სიმშვიდეს. განდიმ თავისი ფილოსოფია და სტრატეგია ,,Ahimsa”-ს ცნებას დააფუძნა, რაც ყველაფერ საზიანოსაგან თავშეკავებას გულისხმობს. ის ამბობდა: ,,პირდაპირ თარგმანში ეს სიტყვა ნიშნავს არაძალადობას. ჩემთვის კი ეს სიტყვა გაცილებით უფრო მაღალი მნიშვნელობის მატარებელია. ჩემი აზრით, ეს სიტყვა ნიშნავს შეურაცხყოფის მიყენებისაგან თავშეკავებას, მზაკვრული აზრების უარყოფას, ბოროტი ჩანაფიქრის არქონას იმ ადამიანების მიმართაც კი, ვისაც მტრად მიიჩნევ. მისთვის, ვინც ამ დოქტრინას იცნობს, არ არსებობს მტრის ცნება“. მაიას ტომის ტრადიციის მიხედვით, მშვიდობის ცნება კეთილდღეობას უკავშირდება და ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტს შორის ბალანსს გულისხმობს.19

,,პოზიტიური მშვიდობა“  იმ მდგომარეობას ჰქვია, რომელშიც საზოგადოების სურვილი მშვიდობის დამყარებაზე და მშვიდობის ბარიერების დაძლევაზეა მიმართული; ის სოციალური სამართლიანობის პრინციპს ემყარება და სცდება მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მშვიდობა მხოლოდ შიშის, ძალადობისა და ომის არარსებობას უკავშირდება. ,,პოზიტიური მშვიდობა” მიმართულია კონფლიქტების არაძალადობრივ მოგვარებაზე და მოუწოდებს ადამიანებს, კონსტრუქციულად მოაგვარონ სოციალური პრობლემები. განათლების სპეციალისტებისათვის ეს საკლასო ოთახში დემოკრატიული პროცესებს წახალისებას, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების საკითხების მოგვარებას, მოსმენისა და კონსტრუქციული დიალოგის წარმოების უნარების განვითარებას ნიშნავს.20

ძალადობა ბუნებრივი ფენომენია? ზოგიერთი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ ადამიანის ბუნებაა ძალადობრივი და, შესაბამისად, შეუძლებელია კონფლიქტების, ომებისა და ძალადობის სხვა გამოხატულებების თავიდან არიდება. ამ სფეროს სხვა სპეციალისტები კი ფიქრობენ, რომ ჩვენ შეგვიძლია თავი ავარიდოთ ძალადობრივ აზროვნებას, გრძნობებსა და ქმედებებს. 1986 წელს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებმა შეიმუშავეს აქტი ძალადობის შესახებ (Seville Statement on Violence). ამ აქტის მიხედვით:

,,1. მეცნიერულად არასწორია იმის მტკიცება, რომ ძალადობრივი ტენდენციები ადამიანებმა წინაპარი ცხოველებისაგან მემკვიდრეობით მიიღეს (…). კეთილდღეობა ადამიანური ფენომენია და სხვა ცხოველებში არ გვხვდება (…).

2. ადამიანთა ზოგიერთი საზოგადოება ომში არასოდეს ჩაბმულა, ზოგი კი ომებში აქტიურად მონაწილეობდა, მხოლოდ კონკრეტულ ისტორიულ პერიოდში (…).

3. მეცნიერულად არასწორია იმის მტკიცება, რომ ომი ან სხვა ძალადობრივი ქმედება გენეტიკურად დევს ადამიანში (…).

4. მეცნიერულად არასწორია იმის მტკიცება, რომ ადამიანს აქვს ,,ძალადობრივი ტვინი“ (…). ადამიანის ქმედებები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ პირობებსა და სოციალურ გარემოში არსებობს“.

ადამიანთა უმეტესობა ცხოვრობს ისეთ გარემოში, რომელიც აგრესიისა და ძალადობისაკენ უბიძგებს; ჩვენ ვეჩვევით აგრესიულ აზროვნებას, გრძნობებსა და ქმედებას. ადამიანი არის სოციალური და კულტურული წნეხის ქვეშ, განუწყვეტლივ კითხულობს და ესმის ძალადობის შესახებ. სატელევიზიო გადაცემები, რეკლამები, ფილმები, გაზეთები და ვიდეოთამაშები ასეთი ძალადობრივი სიტუაციების ჩამოყალიბებას უწყობენ ხელს. ზრდასრული ასაკის მიღწევამდე ახალგაზრდას ნანახი აქვს ათასობით მკვლელობისა და ძალადობის კადრი ტელევიზიით. თანამედროვე საზოგადოებაში ძალადობა ხშირად დადებით ღირებულებად აღიქმება. ზოგჯერ ძალადობაზე უარის თქმა სისუსიტის ნიშნად მიიჩნევა, განსაკუთრებით მამაკაცებში, რომლებიც, ადრეული ასაკიდან, თანატოლების წნეხის ქვეშ ექცევიან.21

დამატებითი ინფორმაციისათვის გაეცანით მასწავლებლის დამხმარე მასალას ამ თავის ბოლოს.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

გაკვეთილთა ეს სერია მოსწავლეებს დაეხმარება:

  • გააცნობიერონ კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები;
  • გააცნობიერონ კონფლიქტების გადაჭრის არაძალისმიერი გზები;
  • გაიუმჯობესონ მათ გარშემო წამოჭრილი კონფლიქტების გადაჭრის უნარი;
  • განივითარონ  იმ საჭიროებების გააზრების უნარი, რომელიც კონფლიქტში ჩართულ მხარეებს აწუხებთ;
  • გაიაზრონ, რომ ადამიანის უფლებებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ერთმანეთს;
  • კრიტიკულად გაიაზრონ ძალადობის გამოყენების საკითხი;
  • უკეთ გაიაზრონ, როგორ შეიძლება ძალადობასთან გამკლავება;
  • გააცნობიერონ კონფლიქტების მოგვარების არაძალადობრივი გზები.

 

თავი 4. კონფლიქტი

როგორ ვიქცევით, როცა არ ვეთანხმებით?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

კონფლიქტის გადაჭრა

კონფლიქტის გადაჭრის ექვსეტაპიანი მიდგომა: შესავალი განიხილეთ კონფლიქტური სიტუაცია; იპოვეთ კონფლიქტის გადაჭრის გზები. მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.1 მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა.

გაკვეთილი 2:

ექვსეტაპიანი მიდგომის გამოყენება

ექვსეტაპიანი მიდგომის გამოყენება განიხილეთ კონფლიქტური სიტუაცია; იპოვეთ კონფლიქტის გადაჭრის გზები.

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.1

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.2

მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა.

გაკვეთილი 3:

ურთიერთწინააღმდეგობრიობა ადამიანის უფლებებში

იმ სიტუაციების ამოცნობა და ანალიზი, როცა ადამიანის უფლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. განიხილეთ სიტუაცია, როცა ადამიანის უფლებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.3

მოსწავლის სამუშაო ფურცელი 5.2

მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა.

კრიტიკული აზროვნება.

გაკვეთილი 4:

ძალის გამოყნება

კრიტიკული ანალიზი იმისა, თუ რამდენად მისაღებია ძალადობის გამოყენება. გააანალიზეთ ძალის გამოყენების შემთხვევა. მოსწავლის სამუშაო ფურცელი 4.4 მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა. კრიტიკული აზროვნება.

 

 

19. ტექსტი ამოღებულია წიგნიდან ,,კომპასი, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო ახალგაზრდებისათვის”, ევროსაბჭო, სტრასბურგი, 2002, გვ. 376
20. წიგნიდან ,,სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისათვის: სიტყვათა განმარტება”, კარენ ო’შეა, ევროსაბჭო (2003), გვ. 29
21. ტექსტი ამოღებულია წიგნიდან ,,კომპასი, სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელო ახალგაზრდებისათვის”, ევროსაბჭო, სტრასბურგი, 2002, გვ. 380