გაკვეთილი 1: „ჩვენს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს…“

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: „ჩვენს უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს…“

დისკუსია პოლიტიკური პროგრამის შემუშავებაზე

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

განსჯა და მსჯელობა: არჩევანის გაკეთება, დასაბუთება მიზეზების დასახელებით.

მონაწილეობა: ერთმანეთის პირადი გამოცდილების, ინტერესებისა და ღირებულებების აღიარება.

სწავლის მიზანი

პოლიტიკური პრობლემა წარმოადგენს საკითხს და არა ფაქტს. იგი მოითხოვს ყურადღებას და მოქმედებებს. მას აქვს გავლენა საზოგადოებაზე. ვინაიდან იგი მოიცავს განსხვავებულ ინტერესებს, იდეოლოგიასა და ღირებულიბებს, დგება საკითხი პრობლემის პოლიტიკურ დღის წესრიგში შეტანა – არშეტანასთან დაკავშირებით.

დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოქალაქეები, რომლებიც მონაწილეობენ მსგავს დებატებში, სარგებლობენ აზრისა და გამოხატვის თავისუფლებით. მედია დიდ გავლენას ახდენს დღის წესრიგის დადგენაზე (პრესის თავისუფლება).

მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები მართავენ დისკუსიას პოლიტიკური დღის წესრიგის დადგენის შესახებ.
მასალა და რესურსები ფლიპჩარტები და  ფერების მიხედვით დახარისხებული მარკერები, წებოვანი ლენტი (სკოჩი).
მეთოდი „სიჩუმის კედელი“ – ჯგუფური მუშაობა. პრეზენტაციები და დისკუსია.
დროის ბიუჯეტი 1: სიჩუმის კედელი. 15 წთ.
2: პრეზენტაციები. 10 წთ.
3: შეჯამება; მოსწავლეები ეცნობიან კვლევით ამოცანას. 15 წთ.

 

ინფორმაცია

„სიჩუმის კედელი“ არის ბრეინშტორმინგის მეთოდი, რომელიც ეხმარება ნაკლებად ექსტროვერტ მოსწავლეებს, ან იმ მოსწავლეებს, რომლებსაც პასუხის მოსაფიქრებლად შედარებით დიდი დრო სჭირდებათ, რათა გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. სიჩუმეში მუშაობა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს მაქსიმალური კონცენტრაცია მოიკრიბონ და, აქედან გამომდინარე, მათ მიერ გაკეთებული განცხადებები, უფრო საინტერესო და ინფორმაციულია. „სიჩუმის კედელი“ იმ პარადოქსის მაგალითია, რომ წესების მკაცრი სისტემა კი არ ზღუდავს თავისუფლებას, არამედ ხელს უწყობს მას. მოსწავლეები ექსპერტების როლში გამოდიან; მათი პასუხები ძირითად კითხვებზე არ შეიძლება იყოს „მცდარი“.

მოსწავლეები საკლასო ოთახში პოლიტიკური პროგრამის შედგენის შესახებ გამართული საჯარო დებატების სიმულაციას ახდენენ. მიღებული გამოცდილება ეხმარება მათ, უკეთ ჩასწვდნენ პოლიტიკური ციკლის მოდელის არსს, ვინაიდან პროგრამის შედგენის შესახებ გამართული დებატები პოლიტიკური ციკლის მოდელის პირველ ეტაპს წარმოადგენს.

მოსწავლეები თავად ეძებენ მასალას, რომლის შესწავლასაც მათ კვლევითი ამოცანა ავალებს (გაკვეთილი 2 და 3). კონსტრუქტივისტული მიდგომა გულისხმობს დემოკრატიულ საზოგადოებაში, პოლიტიკური პრობლემის განსაზღვრასა და გადაჭრისას კონსტრუქტივისტული მეთოდის გამოყენებას, როგორც ეს ნაჩვენებია პოლიტიკური ციკლის მოდელში.

 

გაკვეთილის აღწერა

1. „სიჩუმის კედელი“17

იქმნება ხუთ–ხუთი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები. ყოველი ჯგუფი ნახევარწრის ფორმით განლაგდება სახით ფლიპჩარტებისკენ, რომლებიც კედელზეა დამაგრებული. ყოველ ჯგუფს ურიგდება სხვადასხვა ფერის ორი ან სამი მარკერი. მოსწავლეები მუშაობენ ჩუმად. 10 წუთის განმავლობაში. ყველა მოსწავლე მინიმუმ ერთ ჩანაწერს აკეთებს ფლიპჩარტზე. მათ უნდა დაასრულონ ფრაზა:

„ჩემი აზრით, ჩვენს წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემა არის …“

მოსწავლეებს შეუძლიათ პასუხი გასცენ ფლიპჩარტზე დაფიქსირებულ, სხვა მოსწავლის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას და მათ აქვთ უფლება ჩანაწერები გააკეთონ იმ ოდენობით, რამდენიც სურთ და იმდენჯერ, რამდენჯერაც უნდათ. ჯგუფს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ფლიპჩარტი. მოსწავლეებს შეუძლიათ ფლიპჩარტზე დატანილი მოსაზრებების დასაკავშირებლად გამოიყენონ ისრები ან ხაზები, ასევე სიმბოლოები, როგორიცაა, კითხვის ნიშანი ან ძახილის ნიშანი. მათი პოსტერი, საბოლოო ჯამში, მათი დისკუსიის ჩანაწერის სახეს მიიღებს.

მასწავლებელი მოსწავლეების დისკუსიას შორიდან ადევნებს თვალს. იგი არ ერევა და არ მონაწილეობს ამ უსიტყვო დისკუსიაში. მისი მოვალეობაა უზრუნველყოს, რომ წესები მკაცრად იქნეს დაცული – მოსწავლეებმა იმუშაონ ხმის ამოუღებლად.

2. პრეზენტაცია

მას შემდეგ, რაც ამოიწურება ფლიპჩარტზე მუშაობის დრო, ფლიპჩარტები გამოიფინება ისე, რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს საშუალება გაეცნოს მათ. მოსწავლეები პოსტერების წინ ორი დიდი ნახევარწრის ფორმით განლაგდებიან. რიგრიგობით, ყოველი ჯგუფი  საკუთარ პოსტერს წარადგენს კლასის წენაშე. ყველა მოსწავლე არჩევს პოსტერზე დატანილ ერთ წინადადებას, რომლის ავტორიც თვითონ არ არის და ხმამაღლა კითხულობს მას და თან ასახელებს მიზეზს, თუ რატომ აარჩია ეს წინადადება. ძალიან ხშირად, მოსწავლეები ერთ ან ორ წინადადებაზე აკეთებენ აქცენტს. სანამ ყველა მოსწავლე არ შეასრულებს მოცემულ დავალებას, არ იმართება განხილვა.

მასწავლებელი პოსტერზე დატანილ განცხადებებს, მოსწავლეების მიერ წამოჭრილი საკითხების თემატიკის მიხედვით, ახარისხებს ზოგადი ქვესათაურების სვეტებში, რომელიც დაფაზე ან ფლიპჩარტზე დატანილ ცხრილშია მოცემული. გთავაზობთ მაგალითს:

ჩვენს წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე პრობლემა არის …
ეკომომიკა უსაფრთხოება გარემო საზოგადოება

ვებრძოლოთ უმუშევრობას

მეტი სამუშაო ადგილი ახალგაზრდებისთვის

ავტოსაგზაო შემთხვევები

შევამციროთ ნახშირორჟანგის ემისია

გავაუმჯობესოთ სკოლების მდგომარეობა

დახმარება გავუწიოთ ახალგაზრდა ქალებს

 

მასწავლებელს შეუძლია, ამ სამუშაოს შესრულება რომელიმე მოსწავლეს დაავალოს. მოსწავლეები მონაწილეობენ ახალი კატეგორიების შერჩევასა და განცხადებებისთვის სათანადო ადგილის მიჩენის პროცესში.

3. შეჯამება

„სიჩუმის კედელი“ პოლიტიკური დღის წესრიგის შემუშავების სიმულაციაა. რა პრიორიტეტები გამოიკვეთა მოსწავლეთა ჩანაწერებში? შეუძლიათ მათ შეთანხმდნენ იმის თაობაზე, თუ რომელი პრობლემაა ყველაზე პრიორიტეტული? მათივე მიერ შედგენილი ცხრილი ეხმარება მათ უპასუხონ ამ კითხვებს. ცხრილი აჩვენებს, თუ რომელ კატეგორიაშია ყველაზე მეტი მოსაზრება შესული, შესაბამისად, რომელი სფეროა მოსწავლეებისთვის პრიორიტეტული. ასევე აჩვენებს, რომელი მოსაზრებების გაერთიანებაა შესაძლებელი (იხ. ეკონომიკა მოცემულ ცხრილში).

შეიძლება, მოსწავლეები ვერ შეთანხმდნენ ერთი საკითხისათვის პრიორიტეტის მინიჭებაზე. ვალდებული არიან კი ისინი? ამ კითხვაზე ღირს დაფიქრება.

ერთი მხრივ, ისინი თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრობენ. ისინი სარგებლობენ თავისუფლებით, აირჩიონ რომელ საკითხს ანიჭებენ უპირატესობას და წარუდგინონ ეს საკითხი საზოგადოებას. მეორე მხრივ, რესურსების სიმწირე პრობლემას წარმოადგენს – საქმე არა მარტო გადასახადებიდან მიღებულ შემოსავალს და ფონდებს ეხება, არამედ დროსა და ენერგიას, და ბოლოს, რაც არც თუ ისე უმნიშვნელოა, საზოგადოების ყურადღებას. ბევრ ადამიანს, განსაზღვრულ დროში, შეუძლია მოაგვაროს საკითხების მხოლოდ მცირე რაოდენობა და ამის შემდეგ სწრაფად დაკარგოს ინტერესი; ზოგიერთი მედიასაშუალება ემსახურება ისეთი დღის წესრიგის შემუშავებას, სადაც მხოლოდ ერთი საკითხია დაყენებული.

მოსწავლეებმა, ასევე, შეიძლება გამოთქვან მოსაზრება, რომ დღის წესრიგის დადგენის ასეთი პროცესი უსამართლო და, უფრო მეტიც, არაგონივრულია, ვინაიდან, საკითხები, რომლებიც მათი თვალსაზრისით მნიშვნელოვანია, შეიძლება ვერც კი შევიდეს დღის წესრიგში. ვინ გამოასწორებს ამ „მცდარ“ გადაწყვეტილებას?

პასუხი არის – თავად მოსწავლეები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მიხვდებიან, რომ საჭიროა მოქმედება. მოსწავლეები, ერთგვარად, აყალიბებენ პარტიებს, რომელთაც განსხვავებული მიზნები და ღირებულებები („იდეოლოგია“) გააჩნიათ და რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ დღის წესრიგის დადგენის თაობაზე გამართულ დებატებში (მაგ. დაქირავებული მუშაკები, გარემოს დამცველები, უმცირესობათა უფლებების დამცველები).

გამართული დისკუსია ემსახურება იმის გაგებას, თუ რა არის პარტიების დანიშნულება. იხილეთ, ამ თავის ბოლოში მოცემული კვლევითი ამოცანა.

4. კვლევითი ამოცანა

დისკუსიის შემდეგ, მოსწავლეები არჩეულ გზას დაადგებიან. მასწავლებელი აუწყებს მათ, რომ ეძლევათ შესაძლებლობა დეტალურად შეისწავლონ მათ მიერ არჩეული საკითხი. კვლევითი ამოცანის შესასრულებლად, მათ დასჭირდებათ შერჩეულ საკითხზე მასალის შეგროვება, ბეჭვდითი თუ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. მათ ყურადღების გამახვილება მარტო დღის წესრიგის დადგენის გამო გამართულ დებეტებზე არ მოუწევთ, მოსწავლეებმა ყველა შესაძლო მასალა უნდა მოიპოვონ საკითხთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების, სტატისტიკური მონაცემების, პოლიტიკური პარტიების, ლობისტთა ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გაკეთებული განცხადებების და ა.შ. შესახებ.

17. წყარო: დემოკრატიის სწავლება, სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ,  წიგნი VI: ევროპის საბჭოს გამომცემლობა, სტრასბურგი 2008 წელი, სავარჯიშო 7.1 გვ. 62