7.4 ამოცანაზე ორიენტირებული სწავლა არის პრობლემაზე ორიენტირებული სწავლა

Living Democracy » Textbooks » 7.4 ამოცანაზე ორიენტირებული სწავლა არის პრობლემაზე ორიენტირებული სწავლა

გამოცდილებით დასტურდება, რომ მოსწავლეები დიდად აფასებენ თავისუფლებას, რომელიც მათ ამგვარ გარემოში ენიჭებათ, ისევე, როგორც მასწავლებლის მხრიდან გამოცხადებულ ნდობას, რომ ისინი მათთვის მიცემულ დროს ნაყოფიერად გამოიყენებენ. მოსწავლეები პასუხისმგებლობის აღებას მხოლოდ იმ შემთხვევაში სწავლობენ, თუ მათ ამის თავისუფლება ეძლევათ. წარუმატებლობის რისკი ყოველთვის არსებობს, მაგრამ რისკის გარეშე შეუძლებელია პროგრესის მიღწევა. უფრო მეტიც, მოსწავლეების მიერ მიღწეული შედეგები შესაძლებელია არ ამართლებდეს მასწავლებლის მოლოდინს, მაგრამ, ასეთ შემთხვევაში, მასწავლებელი ეცნობა მოსწავლეების კომპეტენციათა განვითარების დონეს და მათ სწავლის საჭიროებებს, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია სწავლების შემდგომი პროცესის დაგეგმვისას. სწავლის პროცესი სწორედ ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სწავლის შედეგი.

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლისას, მოსწავლეების წინაშე დგება პრობლემა, არა მარტო ამოცანის შინაარსსა და შესწავლის საგანთან დაკავშირებული, არამედ უწევთ ფიქრი, როგორ დაგეგმონ შესასრულებელი სამუშაო. მოსწავლეებს კარგად უნდა ესმოდეთ პრობლემის არსი და თავად უნდა მონახონ მისი მოგვარების გზები. პრობლემის გადაჭრის ამოცანასთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოწვევა უნარებში დახელოვნების შესანიშნავ შესაძლებლობებს იძლევა, როგორიცაა, მაგალითად, დროის გადანაწილება, სამუშაოს დაგეგმვა, გუნდის წევრებს შორის თანამშრომლობა, მასალის მოპოვება და ინფორმაციის შერჩევა, საშუალებებისა და ინსტრუმენტების მოძიება და მათი გამოყენება და ა. შ. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა კომფორტულია, ვინაიდან მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება, ამოცანა თავიანთ შესაძლებლობებს მოარგონ.