დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: სტერეოტიპები და ცრურწმენები

Living Democracy » Textbooks » დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: სტერეოტიპები და ცრურწმენები

რა არის სტერეოტიპი?

ადამიანებს ხშირად მიაკუთვნებენ ამა თუ იმ ჯგუფს, მათი კულტურის, რელიგიური წარმოდგენების, კანის ფერის, თმის ვარცხნილობის ან ჩაცმულობის მიხედვით.

ჯგუფური კუთვნილების განსაზღვრას ხშირად თან სდევს ადამიანისათვის გარკვეული მახასიათებლების მიწერაც. შედეგად, კონკრეტული წარმოდგენები უკავშირდება ადამიანების კონკრეტულ ჯგუფს. როცა ეს წარმოდგენები იმდენად გაზვიადებულია, რომ რეალობას აღარ შეესატყვისება, მათ სტერეოტიპებს ვუწოდებთ.

სტერეოტიპები გვხვდება წიგნებში (სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კი), რეკლამებში, ფილმებში. სტერეოტიპია, მაგალითად, აფრიკელი ქალის გამოსახვა დიდი ტუჩებით, პალმის რტოებისაგან გაკეთებულ კაბაში.

სტერეოტიპიდან ცრურწმენამდე

როცა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს აფასებენ მხოლოდ სტერეოტიპების მიხედვით და არა, როგორც პიროვნებას ან პიროვნებათა ჯგუფს, საქმე გვაქვს ცრურწმენასთან. სხვა სიტყვებით, ადამიანზე ან ადამიანთა ჯგუფზე მათი გაცნობის გარეშე ვიქმნით წარმოდგენას. როგორც წესი, ასეთ დამოკიდებულებებს არაფერი აქვთ საერთო რეალობასთან, ხშირად მტრული და უარყოფითია.

,,დადებითი” სტერეოტიპები

არსებობს დადებითი სტრეოტიპებიც. მაგალითად, როცა ამბობენ, რომ შავკანიანები კარგად დარბიან, საქმე გვაქვს დადებით სტერეოტიპთან. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ არაფერი ცუდი არ არის, თუ სტერეოტიპი დადებით წარმოდგენას ამკვიდრებს. ეს დამოკიდებულება მცდარი იქნებოდა. არ შეიძლება ადამიანთა მთელი ჯგუფი გავაერთიანოთ და მათ ყველას ერთი თვისება მივაწეროთ, თუნდაც დადებითი თვისება. მიზეზი? ეს სიმართლე ვერ იქნება. განა მართალია, რომ ყველა შავკანიანი სწრაფად დარბის?

რითაა სასარგებლო სტერეოტიპები?

ცრურწმენები ადამიანთა ცხოვრებას ამარტივებს. თუ უცნაურ ადამიანს ვხვდებით, თავს არც თუ ისე კომფორტულად ვგრძნობთ. ცრურწმენები ამგვარი დისკომფორტის მიჩქმალვაში გვეხმარება – შეგვიძლია თავი მოვაჩვენოთ, რომ ყველაფერი ვიცით სხვების შესახებ და კითხვების დასმა არ გვჭირდება. შედეგად, თავიდანვე აზრს ვუკარგავთ ადამიანთან შინაარსიან ურთიერთობას.

რა შედეგებამდე მივყავართ ცრურწმენებს?

ცრურწმენები შეურაცხმყოფელია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ადამიანისადმი უსამართლო მოპყრობას გულისხმობენ. ცრურწმენები ადამიანს უკარგავენ შესაძლებლობას, აჩვენოს, ვინაა ის სინამდვილეში და რისი გაკეთება შეუძლია. მაგალითად, დამსაქმებელმა შეიძლება სამსახურში არ აიყვანოს წარმოშობით თურქი, რადგან გაუგონია, რომ თურქები სამსახურში იგვიანებენ. ზოგიერთი ავრცელებს ცრურწმენებს იმისდა მიუხედავად, რომ ცხოვრებაში არასოდეს შეხვედრია ადამიანი, რომელიც ამ შეხედულებას თავისი ცხოვრებისეული მაგალითით დაადასტურებდა.

რა შეიძლება გავაკეთოთ ცრურწმენების წინააღმდეგ?

ცრურწმენების აღმოფხვრა რთულია. იმედის დაკარგვა კი მაინც არ ღირს, რადგან ადამიანები ცრურწმენებით არ იბადებიან. ცრურწმენებს ადამიანები ითვისებენ, სწავლობენ. შესაბამისად, შეიძლება მათი დავიწყებაც. სანამ ადამიანს განსჯი, ჰკითხე, თუ რატომ მოიქცა ასე და არა – სხვაგვარად. გაითვალისწინე, რომ არ გესიამოვნებოდა, თუ შენს საქციელს ისე განსჯიდნენ, რომ სიტყვის თქმის უფლებაც არ მოეცათ.