გაკვეთილი 3: იდეათა ნუსხა

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: იდეათა ნუსხა

რომელ გადაწყვეტილებას ემხრობა უმრავლესობა?

სწავლის მიზნები მოსწავლეები სწავლობენ არგუმენტის ჩამოყალიბებას დებატების დროს. ისინი, საკითხის განხილვისას, გამოდიან როგორც მომხრედ, ასევე, წინააღმდეგ და ეცნობიან უმრავლესობის ფუნქციას.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები გამოთქვამენ მოსაზრებებს, პრობლემის მოგვარების გზებისა და საშუალებების შესახებ და თანხმდებიან საერთო წესებზე, რომლებიც კლასის წევრების მიერ უნდა იქნას დაცული.
რესურსები ფლიპჩარტი, კალმები.
მეთოდები საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეებს გაკვეთილზე შემოაქვთ პოსტერები, რომლებიც მათ წინა გაკვეთილის მსვლელობისას დაამზადეს და რომელიც მათ ამჯერად კლასს უნდა წარუდგინონ. ასევე, უნდა გააცნონ კლასს, ჩამოთვლილთაგან რომელი გადაწყვეტილებები იქნა ჯგუფის მიერ შეფასებული როგორც საუკეთესო და დაასახელონ ამის მიზეზები.

ყოველი პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები მათ მიერვე დამზადებულ პოსტერებს კედელზე გამოფენენ.

25 მოსწავლისაგან შემდგარ კლასში დაახლოებით ექვსმა ჯგუფმა უნდა წარადგინოს ორ-ორი პრობლემისა თუ კონფლიქტის მოგვარების გზები, ამგვარად, ჯამში 12 პრობლემა იქნება მოგვარებული. მას შემდეგ, რაც მოსწავლეთა ყველა ჯგუფი წარადგენს პოსტერს და ჯგუფის წევრები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს, საჭიროა, მოსწავლეებმა კენჭი უყარონ სხვადასხვა გადაწყვეტილებას.

თითოეულ გადაწყვეტილებას უნდა მიენიჭოს ქულები – ერთიდან ხუთამდე (თუ მივიჩნევთ, რომ თითოეული პრობლემის ან კონფლიქტის მოგვარების მაქსიმუმ ხუთ-ხუთი საშუალება იქნა გამოძებნილი მოსწავლეთა ჯგუფების მიერ). კენჭისყრა შემდეგი პრინციპით წარმოებს: მოსწავლეებს ურიგდებათ ერთიდან ხუთამდე დანომრილი ბარათები. თითოეული პრობლემის ან კონფლიქტის დასახელებისას მათ უნდა აწიონ ბარათი, პრობლემის მოგვარების ხერხისათვის მინიჭებული შესაბამისი ქულით. მასწავლებელი ითვლის ქულებს და ჩაინიშნავს იმ გადაწყვეტილებას, რომელმაც ყველაზე მაღალი ქულა დააგროვა.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები შეაფასებენ პრობლემების ან კონფლიქტების ყველა გადაწყვეტილებას, მათ ერთობლივად უნდა იმსჯელონ შედეგებზე და იმ ფაქტზე, რომ პრობლემისა თუ კონფლიქტის მოგვარების გზის შესახებ გადაწყვეტილება ხმათა უმრავლესობის პრინციპით შეირჩა.