თავი 1: სტერეოტიპები და ცრურწმენები

Living Democracy » Textbooks » თავი 1: სტერეოტიპები და ცრურწმენები

რა არის თვითმყოფადობა?
როგორ აღვიქვამ სხვებს და როგორ აღმიქვამენ ისინი?

ID_5599

ვინ ვარ სინამდვილეში? მოსწავლეები ყოველდღიურად იღებენ ინფორმაციას სხვადასხვა ღირებულებისა და ცხოვრების წესის შესახებ . იმისათვის, რომ საკუთარი ადგილი იპოვონ, მათ სჭირდებათ არჩევანის გაკეთების უნარის განვითარება. რა შემიძლია გავაკეთო? რისი გაკეთება არ შეიძლება? რა არის სწორი და რა არის არასწორი? ბავშვები და მოზარდები მალე ხვდებიან, რომ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა ხშირად რთულია. რაც, ერთ შემთხვევაში, შეიძლება სწორი იყოს, სხვა შემთხვევაში არასწორი აღმოჩნდება. როგორ შეიძლება მივიღო გადაწყვეტილება? რა სახელმძღვანელო პრინციპებს უნდა გავყვე?

ადამიანის დაკვალიანების საუკეთესო საშუალებებია ქვეყნის კონსტიტუცია და მიდგომები ადამიანის უფლებებისადმი; ორივე გამოხატავს, თუ რამდენად პლურალისტულია საზოგადოების ღირებულებები. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი პირადი თავისუფლებაა, რაც თითოეულ ადამიანს აძლევს პიროვნული განვითარების შესაძლებლობას. პირადი თავისუფლების ურთიერთშემწყნარებლობისა და პასუხისმგებლობის პრინციპებზე დაფუძნება სასარგებლოა როგორც თემისათვის, რომელშიც ეს ადამიანი ცხოვრობს, ისე, ზოგადად, კაცობრიობისათვის. შეიძლება განსხვავებული მოსაზრებები და მიდგომები გვქონდეს. მთავარია, უთანხმოებების მშვიდობიანი განხილვის წესებზე ვთანხმდებოდეთ.

ბავშვებსა და მოზარდებს უნდა ესმოდეთ, რომ ზრდასრულებსაც უწევთ პრობლემებთან ჭიდილი. ასევე, უნდა იაზრებდნენ, რომ მასწავლებელი არ არის აბსოლუტური ჭეშმარიტების განსახიერება, ისიც უშვებს შეცდომებს და ისიც სწავლობს მიღებული გამოცდილებიდან.

ამ თავში პიროვნების ჩამოყალიბებაზე იქნება მსჯელობა. ასევე, შევეხებით საკითხებს, რომლებიც უკავშირდება იმას, თუ როგორ ხდება საკუთარი თავისა და საზოგადოების სხვა წევრების აღქმა. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ, რომ მათი პიროვნება მხოლოდ მათ მიერ არ ყალიბდება; პიროვნების ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი შეაქვს ადამიანის ურთიერთობებს საზოგადოების სხვა წევრებთან. პიროვნულობას განსაზღვრავს ადამიანებს შორის განმასხვავებელი ნიშნები და ადამიანის სურვილი, რომ მიეკუთვნებოდეს გარკვეულ თანამოაზრეთა/თანატოლთა ჯგუფს. ახალგაზრდები უკეთესად ჩასწვდებიან საკუთარ პიროვნებას, თუ გააანალიზებენ იმ გრძნობებსა და საჭიროებებს, რომელიც მათ ამოძრავებთ; დაფიქრდებიან პიროვნული განვითარების გზებსა და სამომავლო მიზნებზე. ახალგაზრდებმა ყოველთვის აქტიური, კონსტრუქციული მონაწილეობა უნდა მიიღონ სოციალურ ინტერაქციაში.

იმ ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური ისტორია, რომელშიც ადამიანი ცხოვრობს, დიდ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ყოფაზე. იმისათვის, რომ მოსწავლეებს ამ გავლენის არსი ესმოდეთ, ისინი მუდმივად უნდა აგროვებდნენ ინფორმაციას მიმდინარე მოვლენებზე და განიხილავდნენ მას. ასეთი განხილვების შედეგად, მათ საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდებათ და სხვისი მოსმენის კულტურას შეიძენენ. მოსწავლეებმა ყურადღება უნდა მიაქციონ შეხედულებებს, ცრურწმენებსა და სტერეოტიპებს, რაც საზოგადოებრივი აზრის ნაწილს წარმოადგენს. თუ ადამიანი ასეთ დეტალებს ვერ ცნობს, მას გაუჭირდება საზოგადოებრივი აზრის კრიტიკულად გააზრება, საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბება და, საჭიროებისამებრ, შეცვლა.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ

გაკვეთილთა ეს სერია დაეხმარება მოსწავლეებს იმის გააზრებაში, რომ:

  • არსებობს სტერეოტიპებთან და ცრურწმენების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებული ცნებები;
  • ჩვენ ადამიანებსა და ადამიანთა ჯგუფებს ყოველთვის გარკვეულ თვისებებს მივაწერთ;
  • ადამიანებისათვის გარკვეული თვისებების მიწერით ვცდილობთ, ყოველდღიური ცხოვრების სირთულეებს გავუმკლავდეთ;
  • თვისებების მიწერა შეიძლება მავნე და არასამართლიანი იყოს;
  • თვისებების მიწერა ხელს უწყობს ინდივიდუალური და ჯგუფური თვითმყოფადობის ჩამოყალიბებას;
  • თვითმყოფადობა რთული ფენომენია და იმას ნიშნავს, რომ თითოეულ ადამიანს უნდა მივუდგეთ, გავიცნოთ და აღვწეროთ განსხვავებულად.

 თავი 1. სტერეოტიპები და ცრურწმენები

რა არის თვითმყოფადობა? როგორ აღვიქვამ სხვებს და როგორ აღმიქვამენ ისინი?

გაკვეთილის სახელწოდება სწავლის მიზანი მოსწავლის დავალება საჭირო მასალა მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა

გაკვეთილი 1:

როგორ აღიქვამენ ადამიანს სხვები

მოსწავლეებს გააზრებული აქვთ, რომ მიდგომები შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს; მათ შეუძლიათ არჩევანის გაკეთება. მოსწავლეებს როლებს ვუნაწილებთ და ვთხოვთ, როლიდან გამომდინარე, საკუთარი შეხედულებები ჩამოაყალიბონ. ისინი ვარჯიშობენ სხვადასხვა მიდგომის შემუშავებაზე. როლების აღწერები, მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.1 (ჯგუფები 1-3), დიდი ზომის ფურცლები, მარკერები. ჯგუფური მუშაობა

გაკვეთილი 2:

როგორი განსხვავებული შეიძლება იყოს ერთი და იგივე ადამიანის სხვადასხვა აღწერა

მოსწავლეებს ესმით, რომ შეიძლება სხვადასხვა დახასიათება ერთ პიროვნებას უკავშირდებოდეს მოსწავლეები სცენებს გაითამაშებენ და წერილობით ნაშრომს წარმოადგენენ. განიხილავენ დადგმებს, რომლებიც ნახეს. პირველი გაკვეთილის შედეგები მეორე გაკვეთილის ძირითად მასალას წარმოადგენს. მოსწავლეებს ესმით, რომ მათი მონაწილეობისა და წვლილის გარეშე მეცადინეობა ვერ გაგრძელდება. როლების გათამაშება, პრეზენტაციები და დისკუსია

გაკვეთილი 3:

სტერეოტიპები და ცრურწმენები

მოსწავლეებს ესმით, როგორ უკავშირდება ცრურწმენები და სტერეოტიპები ერთმანეთს. ასევე, მათ გააზრებული აქვთ, რომ სტერეოტიპებისა და ცრურწმენების გამოყენებამ შეიძლება არასწორი, ზედმეტად გამარტივებული შეხედულებები შეგვიქმნას ადამიანებზე, ადამიანთა ჯგუფებსა და  ქვეყნებზე. მოსწავლეები აანალიზებენ საკუთარ შეხედულებებს სხვა ადამიანებზე და ამ შეხედულებებს ჯგუფებში განიხილავენ. ფურცლები და მარკერები. ჯგუფური მუშაობა, დისკუსია

გაკვეთილი 4:

სტერეოტიპები ჩემ შესახებ!

 

 

 

 

 

მოსწავლეები აანალიზებენ იმას, თუ როგორ აღიქვამენ მათ სხვები და ამას იღებენ, როგორც რეალობას.

მოსწავლეები უკეთ იაზრებენ, როგორ აღიქვამენ მათ და ამ აღქმაზე უჩნდებათ რეაქცია.

მოსწავლეები აღწერენ საკუთარ თავს და დანარჩენ მოსწავლეებს. აღწერის შედეგებს ისინი ერთმანეთს უზიარებენ, ადარებენ სხვადასხვა მიდგომას. მოსწავლის სამუშაო ფურცელი 1.2 წყვილებში მუშაობა, დისკუსია