1. წინასიტყვაობა: რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ?

Living Democracy » Textbooks » 1. წინასიტყვაობა: რა უნდა ისწავლოს მოსწავლემ?

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების მიზანს წარმოადგენს გარკვეული უნარების განვითარება მოსწავლეებში და მათი აღჭურვა შესაბამისი საშუალებებით, რათა მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღონ  იმ გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, რომლებიც ეხება მათ ინტერესებსა  და იმ საზოგადოების ინტერესებს, რომელსაც ისინი ეკუთვნიან.

კონკრეტულ ქმედებას ვასრულებ მხოლოდ მას შემდეგ, რაც მივიღებ გადაწყვეტილებას, ანუ, როდესაც მეცოდინება, რა მსურს. ამ საკითხისადმი უფრო ანალიტიკური მიდგომით, ეს ნიშნავს იმას, რომ პიროვნებას გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი ინტერესები და განსაზღვრული უნდა ჰქონდეს მათი პრიორიტეტულობა, ან კარგად უნდა იცნობდეს და შესწავლილი ჰქონდეს საკითხი, პრობლემა თუ კონფლიქტი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება, მოქმედების რა კურსი აირჩიოს ან რა კურსს დაუჭიროს მხარი. საკითხის შესწავლა, თავის მხრივ, გულისხმობს საკითხის სწორ აღქმას, ხოლო სწორი აღქმისათვის საჭიროა სარწმუნო ინფორმაცია.

აქედან გამომდინარე, მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, რაც, ერთი მხრივ, ემსახურება ამ მოვლენების მოსწავლეების მიერ გაცნობიერებას (პოლიტიკის „შესახებ“ სწავლა), ხოლო, მეორე მხრივ, მოსწავლეებში გარკვეული კომპეტენციების განვითარებას, რაც მათ საშუალებას აძლევს, დამოუკიდებლად იმოქმედონ საჭირო დროს: მოიპოვონ ინფორმაცია, აწარმოონ პოლიტიკური საკითხისა თუ პრობლემის ანალიზი,  ჩამოიყალიბონ სწორი წარმოდგენა და საკუთარი მიდგომა ამ საკითხებისა და პრობლემების მიმართ. ეს ახალგაზრდა მოქალაქეს პროცესებში მონაწილეობისა და მოქმედების საშუალებას აძლევს (სწავლა დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის „მიზნით“).