გაკვეთილი 4: დებატები – სხვადასხვა პერსპექტივა

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: დებატები – სხვადასხვა პერსპექტივა

მოსწავლეები აანალიზებენ დებატებს

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება ანალიზი და მსჯელობა საერთო გამოცდილებაზე.
სწავლის მიზანი

რეალობის აღქმა მედიის საშუალებით გვიყალიბდება.

წესები უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს – ვისარგებლოთ თავისუფლების უფლებით.

მოსწავლეთა ამოცანა

მოსწავლეები ერთმანეთს ადარებენ გუნდების მიერ დებატების შესახებ დაწერილ სტატიებს.

მოსწავლეები აჯამებენ დებატებში მონაწილეობისას მიღებულ გამოცდილებას.

მასალა და რესურსები

მოსწავლეების მიერ დაწერილი სტატიები.

მასალა მასწავლებლებისთვის 9.1.

მეთოდი

პრეზენტაციები.

განხილვა.

დროის ბიუჯეტი 1.სამი სტატია და მათი განხილვა. 15 წთ.
2. შეჯამება: როგორ გავლენას ახდენს წესები დებატებზე. 15 წთ.
3. დეტალური მოხსენებები. 10 წთ.

 

ინფორმაცია

მოსწავლეები წინა გაკვეთილს ორი კუთხით აჯამებენ, შინაარსის თვალსაზრისით და წესების სისტემის თვალსაზრისით. მათ შეიძლება ერთ ასპექტთან მიმართებაში უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინონ, ვიდრე მეორესთან, რაც შესაბამისად ყურადღების კონცენტრაციის გადატანას გამოიწვევს, მოსწავლეებისთვის ნაკლებ საინტერესო ასპექტიდან მეტად საინტერესო ასპექტზე.

დეტალური მოხსენებები მოსწავლეებს მთლიან თავზე გარკვეულ, ზოგად ინფორმაციას უყალიბებს.

მოსწავლეებს წინასწარ აქვთ მომზადებული თავიანთი მოსაზრებები, რაც საშუალებას აძლევს ყოველ მათგანს აქტიური მონაწილეობა მიიღოს გაკვეთილის მსვლელობაში. აქედან გამომდინარე, მასწავლებელს შეუძლია, და აუცილებელიც არის, გაკვეთილის ძირითადი დროის განმავლობაში მოსწავლეებს თავიანთი მოსაზრებების გამოთქმის  საშუალება მისცეს, რაც შეიძლება მთელი გაკვეთილის განმავლობაშიც კი გაგრძელდეს (იხ. ძირითადი კითხვები მოსწავლეებისთვის). მასწავლებელი უძღვება გაკვეთილს, და იძლევა მოკლე ინფორმაციას შეჯამების სახით, მოსწავლეთა მიერ გამართული დისკუსიისთვის მიმართულების მისაცემად.

გაკვეთილის აღწერა

გაკვეთილის დღის წესრიგის დადგენა

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის დღის წესრიგს და აღნიშნავს, რომ იგი მოიცავს მოსწავლეებისათვის საშინაო დავალების სახით მიცემულ ძირითად კითხვებს. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეები არ გამოთქვამენ ერთ რომელიმე ასპექტზე ყურადღების გამახვილების სურვილს, მასწავლებელი მათ აწვდის გაკვეთილის პირველი ეტაპის ამოცანას.

1. სამი სტატია და განხილვა

მასწავლებელი აცხადებს, რომ რეპორტიორთა სამი გუნდი კლასს წარუდგენს მათ მიერ დაწერილ სტატიებს. მოსწავლეები უსმენენ მათ და ერთმანეთს ადარებენ სტატიებს, იმის გათვალისწინებით, რომ რეპორტიორთა გუნდები სხვადასხვა კატეგორიის გაზეთისთვის მუშაობენ. სტატიათა შედარებისთვის მოსწავლეებმა საჭიროა გააკეთონ ჩანიშვნები. მასწავლებელი მათ ამ ამოცანას აძლევს და ნიმუშის სახით დაფაზე ან ფლიპჩარტზე გადააქვს შემდეგი მატრიცა:

ახალი ამბები # 1 # 2 # 3
ენა/მეტყველება
შეფასება

მაწავლებელი გაზეთების კატეგორიებს არ ასახელებს, მხოლოდ ციფრებით აღნიშნავს მათ, რითაც საშუალებას აძლევს რეპორტიორებს წარადგინონ თავიანთი გაზეთები. ენა/მეტყველება არის ერთ–ერთი შესაძლო მახასიათებელი, რომლის მიხედვითაც შეიძლება სტატიების შედარება და მოსწავლეებს შეუძლიათ ჩანიშვნები გააკეთონ იმაზე, რაც მათთვის თვალში მოსახვედრი იყო. თუ ისინი ერთ–ერთ სტატიას ანიჭებენ უპირატესობას, მაშინ უნდა შეძლონ იმის დასაბუთება, თუ რა განაპირობებს მათ არჩევანს.

მასწავლებელი რწმუნდება, რომ მოსწავლეებისთვის მათი ამოცანა ნათელია და სიტყვას აძლევს რეპორტიორთა გუნდებს. რეპორტიორთა გუნდები რიგრიგობით კითხულობენ თავიანთ სტატიას, სანამ მოსწავლეები არ მოისმენენ სამივე სტატიას, არ კეთდება არანაირი კომენტარი და არ იმართება განხილვა.

ამის შემდეგ, მოსწავლეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს მოსმენილ სტატიებთან დაკავშირებით. მასწავლებელი ისმენს მათ გამოსვლებს და ამხნევებს მოსწავლეებს, რათა დაასახელონ რა კრიტერიუმებს იყენებენ ისინი სტატიების შედარებისას და მათი განხილვისას.

მასწავლებელი აჯამებს განხილვის შედეგებს, ყურადღებას ამახვილებს რა ერთ ძირითად ასპექტზე: რეპორტიორების სამი გუნდი ესწრებოდა ერთსა და იმავე დებატებს, ამ დროს ის, რასაც ისინი სთავაზობენ თავიანთ მკითხველს მნიშვნელოვანწილად განსხვავდება ერთმანეთისგან. ეს იმის მანიშნებელია, რომ მედია აშუქებს რეალობას ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც მოვლენას არ ესწრება. მაგრამ რეალობის გაშუქებისას, ისინი მის საკუთარ ვერსიას ქმნიან, ირჩევენ და წინა პლანზე გამოაქვთ რა ზოგიერთი ელემენტი და უყურადღებოდ ტოვებენ რა სხვას. მასწავლებელს შეუძლია ამის დამადასტურებელ მაგალითად მოიყვანოს რეპორტიორთა გუნდების მიერ დაწერილი სტატიები, ან მოსწავლეთა მიერ გაკეთებული კომენტარები (იხ. მასალა მასწავლებლებისთვის 9.1).

2. შეჯამება: რა ზეგავლენა იქონია წესებმა დებატებზე?

მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს სიტყვას, რათა მათ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები. მასწავლებელი ისმენს მოსწავლეების თვალსაზრისს. მოსწავლეები ერთმანეთს უსმენენ. ზოგიერთი კომენტარი შეიძლება ძალიან მწვავე იყოს (დროის რეგლამენტი „არადემოკრატიულია“, იგი გამოხატვის თავისუფლების უფლებას ზღუდავს), ზოგიერთი მოსწავლე შეიძლება წესების მომხრე იყოს.

განხილვის დროს, მასწავლებელს შეუძლია კრიტიკულად განწყობილ მოსწავლეებს ჰკითხოს, დაფიქრდნენ, რა მოჰყვებოდა იმას, თუ დებატები ამ წესის გარეშე ჩატარდებოდა. ისინი მიხვდებიან, რომ დებატებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდებოდა, რის საშუალებასაც გაკვეთილის დროის ბიუჯეტი არ იძლევა, ამის გათვალისწინებით მოხდა დროის სამართლიანი გადანაწილება, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეგლამენტი ძალიან შეზღუდული იყო. მასწავლებელი დებატებში მონაწილე მოსწავლეებს სთხოვს გააცნონ კლასს, როგორ გაუმკლავდნენ რეგლამენტის სიმცირეს: მოასწრეს მათ ფოკუსირება ძირითად სათქმელზე?

3. დეტალური მოხსენებები

ამ ეტაპზე მოსწავლეები აჯამებენ მთლიან თავს და საუბრობენ ნებისმიერ დეტალზე.

ნებისმიერი კრიტიკის ფონზე, მასწავლებელმა არ უნდა ეცადოს დაიცვას და გაამართლოს თავისი საქმიანობა, ან კონტრარგუმენტების მოშველიებით მოიგერიოს ისინი. ვინაიდან მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობდნენ პროცესში, წარმატებაც და მარცხიც მათ პასუხისმგებლობას მოიცავს, სწორედ ისე, როგორც მასწავლებლის პასუხისმგებლობას. მასწავლებელმა ეს უნდა აღნიშნოს, თუ მოსწავლეები არ არიან დარწმუნებული.

თუ მოსწავლეებს მოეწონათ დებატებში მონაწილეობა, მასწავლებელი მათ სთავაზობს დებატების კლუბის ჩამოყალიბებას, სადაც მოსწავლეების მიერ წამოჭრილი ზოგიერთი საკითხი შეიძლება იყოს განხილული. მსოფლიო მასშტაბით, ინგლისურენოვან ქვეყნებში, მრავლად არის მსგავსი კლუბები, ისევე როგორც ინგლისური ენის – როგორ უცხო ენის მასწავლებელთა საზოგადოებებში. ინტერნეტით შეგიძლიათ მოიძიოთ შესანიშნავი, მრავალფეროვნი მასალა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, რომლებიც დაინტერესებული არიან დებატებით.