დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

Living Democracy » Textbooks » დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი

რა არის საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ეფუძნება ჰუმანიტარული დახმარების პრინციპებს და იმ საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტების დროს მებრძოლთა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენასა და ტანჯვის შემსუბუქებას ეხება. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი იურიდიული დოკუმენტია ჟენევის ოთხი კონვენცია (1949), რომელსაც ხელს აწერს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანა. კონვენციები ეხება ხმელეთზე და ზღვაზე მოქმედი სამხედრო ნაწილების დაჭრილი და ავადმყოფი მებრძოლების პირობების გაუმჯობესებას, სამხედრო ტყვეების მიმართ მოპყრობას და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ომის დროს. ამ კონვენციებს 1977 წელს დაემატა კიდევ ორი, რომელთა მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო და არასაერთაშორისო ხასიათის შეიარაღებული კონფლიქტების მსხვერპლთა დაცვის გაძლიერება.

ვის იცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი? მე მიცავს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი იცავს სამხედრო ნაწილების დაჭრილ და ავადმყოფ მებრძოლებს, სამხედრო ტყვეებსა და მშვიდობიან მოსახლეობას. სამხედრო ნაწილების დაჭირილ და ავადმყოფ მებრძოლებს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებიც არ უნდა იყვნენ ისინი, საჭიროა, მიაქციონ ყურადღება და მიხედონ მათ ჟენევის პირველი კონვენციით განსაზღვრული პირობების თანახმად. იკრძალება მათი სიცოცხლის ხელყოფა, წამება, ან მათზე ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარება, სამედიცინო მომსახურებისა და მოვლის გარეშე წინასწარი განზრახვით მიტოვება, ასევე, განზრახ პირობების შექმნა მათი დასნებოვანებისათვის. კონვენცია, ასევე, იცავს სამედიცინო და სასულიერო პერსონალს, სამედიცინო დანიშნულების მოწყობილობებსა და დანადგარებს.

ჟენევის მეორე კონვენცია იცავს საზღვაო სამხედრო ნაწილების დაჭრილ და ავადმყოფ მებრძოლებს, სამხედრო გემის განადგურებაში მოყოლილ მებრძოლებს; მათ ეკუთვნით ისეთივე მოპყრობა, როგორც სახმელეთო ნაწილებს. ეს კონვენცია, ასევე, იცავს ჰოსპიტალურ გემებს.

ჟენევის მესამე კონვენცია ეხება სამხედრო ტყვეების უფლებებს; მათ უნდა მოეპყრონ ჰუმანურად, უზრუნველყონ შესაბამისი საკვებით, საცხოვრებლით, ტანსაცმლითა და სამედიცინო დახმარებით. იკრძალება მათი წამება, ან მათზე სამედიცინო ექსპერიმენტების ჩატარება. ისინი უნდა იყვნენ დაცულნი ძალადობის, შეურაცხყოფისა და ხალხის ცნობისმოყვარეობისაგან. ანალოგიური უფლებები ვრცელდება ტყვედ ჩავარდნილ ჟურნალისტებზე, ან სამოქალაქო პირებზე, რომლებიც თან ახლდნენ სამხედროებს.

ჟენევის მეოთხე კონვენცია იცავს სამოქალაქო პირებს. სამხედრო კონფლიქტში ჩართული მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ყოველთვის განასხვავებენ სამხედრო პირებს სამოქალაქო პირებისაგან და იერიშს მიიტანენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე. სამოქალაქო პირებს უნდა შეუნარჩუნდეთ ნორმალური ცხოვრების პირობები. ისინი დაცულნი უნდა იყვნენ სიცოცხლის ხელყოფის, წამების, ძარცვის, რეპრესიებისა და ტყვეობისაგან. პატივი უნდა ეცეს სამოქალაქო პირების ღირსებას, ოჯახურ უფლებებსა და რელიგიურ შეხედულებებს. ოკუპანტებმა უნდა უზრუნველყონ სამოქალაქო პირებისათვის საკვების და სამედიცინო დახმარების უსაფრთხო მიწოდება, საავადმყოფიებისა და უსაფრთხოების ზონების შექმნა დაჭრილების, ავადმყოფების, მოხუცებულების, ბავშვების, ორსულების და ჩვილ ბავშვთა დედებისათვის. ეს კონვენცია უზრუნველყოფს ქალთა და ბავშვთა განსაკუთრებულ დაცვას. საავადმყოფოს თანამშრომლები, რომლებიც მათ უვლიან, უნდა იყვნენ დაცულნი.

ჟენევის კონვენციების მიხედვით, ჰუმანიტარულ დახმარებას ახორციელებს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი (ICRC), წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის ეროვნული საზოგადოებები, ან სხვა მიუკერძოებელი ჰუმანიტარული ორგანიზაციები, რომელთაც უფლებამოსილებას ანიჭებენ კონფლიქტის მონაწილე მხარეები.

რა განსხვავებაა საერთაშორისო  ჰუმანიტარულ სამართალსა და ადამიანის უფლებათა სამართალს შორის?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და ადამიანის უფლებათა სამართალი ერთმანეთს ავსებს. ორივე იცავს ადამიანებს ფიზიკური ზიანისა და ღირსების შელახვისაგან, მაგრამ ისინი სხვადასხვა გარემოებაში მოქმედებენ და სხვადასხვა დოკუმენტი უდევთ საფუძვლად. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი სამხედრო ქმედებებს უკავშირდება და იცავს მათ, ვინც მოწინააღმდეგის ხელში ვარდება. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ძირითადი მიზანია სამხედრო ქმედებების დროს დაჭრილთა, ავადმყოფთა, საზღვაო სამხედრო ქმედებების მსხვერპლთა, სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების დაცვა. ადამიანის უფლებათა სამართალი ვრცელდება როგორც საომარ, ისე მშვიდობიან პირობებში; მისი მთავარი მიზანია ადამიანების სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების დაცვა, როცა მათი მთავრობა ამ უფლებებს არღვევს.

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი და არასრულწლოვანი ჯარისკაცები

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს არასრულწლოვანთა ჩართვას საომარ მოქმედებებში. ასეთი აკრძალვის მიუხედავად, მსოფლიოს მრავალ კუთხეში არასრულწლოვნები მონაწილეობას იღებენ საბრძოლო მოქმედებებში. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების მიხედვით, 15 წლამდე ასაკის ბავშვების ომში გაწვევა დაუშვებელია და ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რათა თავიდან იყოს აცილებული არასრულწლოვანთა საომარ მოქმედებებში ჩართვა. 15-დან 18 წლამდე ახალგაზრდების გაწვევისას, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ასაკით უფრო დიდებს (მუხლი 77, პროტოკოლი I). სამწუხაროდ, ეს ნორმები ხშირად უგულებელყოფილია. ბავშვები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში ცხოვრობენ, განსაკუთრებით, ობლები და საზოგადოების მიერ სხვა ფორმით გარიყულნი, ხშირად იღებენ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. არის შემთხვევები, როცა ბავშვებს ძალით აქცევენ ჯარისკაცებად, თუმცა ზოგი ბავშვი თავად ირჩევს ჯარისკაცობას, როგორც ფიზიკური გადარჩენის გზას.

რა შემთხვევებში გამოიყენება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გამოიყენება საერთაშორისო (ქვეყნებს შორის) შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან სამოქალაქო (ქვეყნის შიგნით) ომის პირობებში.

როგორ შეიძლება მივუსადაგოთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები 11 სექტემბრის მოვლენებს?

2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპა უამრავი ადამიანი და, შესაბამისად, ამ თვალსაზრისით, ეს ტრაგედია საომარ მოქმედებას უტოლდება. თუმცა, სადავოა, რამდენად შეიძლება მივუსადაგოთ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები 11 სექტემბრის მოვლენებს. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი გამოიყენება საერთაშორისო (ქვეყნებს შორის) შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან სამოქალაქო (ქვეყნის შიგნით) ომის პირობებში. თუ ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში სამოქალაქო ობიექტების საშინელი განადგურება ტერორისტულმა დაჯგუფებამ განახორციელა, ის ტრაგედია შეიძლება ჩაითვალოს საშინელ დანაშაულად, და არა საომარ მოქმედებად, რომელსაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმები შეიძლება მივუსადაგოთ.

რამდენად უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ქალების განსაკუთრებულ დაცვას?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ასეთ დაცვას ნამდვილად უზრუნველყოფს. ზოგადად, ქალებზე ვრცელდება ისეთივე უფლებები, როგორც მამაკაცებზე, თუმცა ჟენევის კონვენციებში ნათქვამია, რომ ,,ქალებს უნდა მოეპყრონ მათი სქესის გათვალისწინებით“ (მუხლი 12, ჟენევის პირველი და მეორე კონვენციები; მუხლი 14, ჟენევის მესამე კონვენცია). სხვა სიტყვებით, იქმნება დაცვის დამატებითი გარანტიები ქალთა სქესთან დაკავშირებული ისეთი ფაქტორების გამო, როგორებიცაა: ღირსება, ორსულობა და ბავშვის გაჩენა. მაგალითად, ქალი ტყვეები, ან დაკავებულები უნდა მოთავსდნენ მამაკაცებისაგან განცალკევებით, ქალების მეთვალყურეობის ქვეშ. ქალები უნდა იქნენ დაცულნი ,,გაუპატიურების, ძალადობრივი პროსტიტუციის და ყველა სხვა ფორმის შეურაცხყოფისაგან“ (ჟენევის მეოთხე კონვენცია, მუხლი 27, ასევე, მუხლები 75 – 76, პროტოკოლი I). საომარი მოქმედებების არეალიდან გარიდებისას პრიორიტეტი ყოველთვის უნდა მიენიჭოთ ,,ორსულებს, ახალნამშობიარებ ქალებსა და ჩვილი ბავშვების დედებს“ (მუხლი 70, პროტოკოლი I). საომარი მოქმედებების პირობებში ქალების მოპყრობასთან დაკავშირებულ საკითებთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, გაეცნოთ კვლევას ,,ქალები და ომი“ (www.womenandwar.org).

როგორ უზრუნველყოფს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი ბავშვთა უფლებების დაცვას?

საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს შეტევას სამოქალაქო პირებზე და განსაკუთრებულად იცავს ბავშვებს. სამოქალაქო პირები დაცულნი უნდა იყვნენ სიცოცხლის ხელყოფის, წამების, ძარცვის, რეპრესიებისა და ტყვეობისაგან.  პატივი უნდა ეცეს სამოქალაქო პირების ღირსებას, ოჯახურ უფლებებსა და რელიგიურ შეხედულებებს. ოკუპანტებმა უნდა უზრუნველყონ სამოქალაქო პირებისათვის საკვების და სამედიცინო დახმარების უსაფრთხო მიწოდება, საავადმყოფოებისა და უსაფრთხოების ზონების შექმნა დაჭრილების, ავადმყოფების, მოხუცებულების, ბავშვების, ორსულებისა და ჩვილ ბავშვთა დედებისათვის. განსაკუთრებული პირობები მოქმედებს იმ ბავშვებზე, რომლებიც ოჯახის მზრუნველობის გარეშე არიან დარჩენილნი, აქვთ ფსიქოლოგიური პრობლემები, ან ვერ უკავშირდებიან ოჯახის წევრებს.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეთ 15 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც დაობლებულნი, ან მოწყვეტილნი არიან თავიანთ ოჯახებს; მათ უნდა ჰქონდეთ საშუალება, დაიცვან თავიანთი რელიგიური ადათ-წესები და მიიღონ განათლება.

ითვლება  თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალის ნორმების დარღვევად სამოქალაქო პირების დაღუპვა საომარი მოქმედებების დროს?

სამოქალაქო პირების დაცვა წარმოადგენს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას. ჟენევის მეოთხე კონვენციის მიხედვით, დაცული უნდა იყოს სამოქალაქო პირების სიცოცხლე და მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, გააგრძელონ ნორმალური ცხოვრება, თუ არსებობს უსაფრთხოების სათანადო პირობები. 1977 წელს დამატებული პირველი პროტოკოლი აზუსტებს სამოქალაქო პირთა დაცვის მექანიზმებს საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის დროს. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ხელი მოაწერა პირველ პროტოკოლს, ჯერ კიდევ არ  მომხდარა ამ პროტოკოლის რატიფიკაცია. აშშ აცხადებს, რომ ის დაიცავს ამ პროტოკოლით გათვალისწინებულ პირობებს.

პირველი პროტოკოლის 48-ე მუხლში ნათქვამია:

,, სამოქალაქო პირებისა და სამოქალაქო ობიექტების დაცვის მიზნით, სამხედრო კონფლიქტში ჩართული მხარეები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ ყოველთვის განასხვავებენ სამხედრო პირებს სამოქალაქო პირებისაგან და იერიშს მიიტანენ მხოლოდ სამხედრო ობიექტებზე“. სამოქალაქო პირებზე და სამოქალაქო ობიექტებზე პირდაპირი იერიშის აკრძალვის გარდა, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს შერეულ თავდასხმას, რომლის მსხვერპლნი შეიძლება სამოქალაქო პირები იყვნენ. ასეთი საშიშროება მაშინ წამოიჭრება, როცა სამხედრო ობიექტის იერიშის დროს თავდამსხმელი არ ითვალისწინებს ამ იერიშის პოტენციურ უარყოფით ზეგავლენას სამოქალაქო პირებზე (პირველი პროტოკოლის 41-ე მუხლი).

ომის დროს სამოქალაქო პირის დაღუპვა ყოველთვის უკანონო არ არის. საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი არ კრძალავს შეიარაღებულ კონფლიქტებს, ის მხოლოდ ცდილობს, დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესები ასეთი კონფლიქტის პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი აღიარებს, რომ ნებისმიერ საომარ მოქმედებებს თან ახლავს ,,ორმხრივი დანაკარგი“, რაც ზოგჯერ, სამწუხაროდ, სამოქალაქო პირების დანაკარგს გულისხმობს.