გაკვეთილი 4: როგორ ვაფასებთ იმას, რაც გავაკეთეთ – რის გაკეთებას ვგეგმავთ შემდგომ?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: როგორ ვაფასებთ იმას, რაც გავაკეთეთ – რის გაკეთებას ვგეგმავთ შემდგომ?

მოსწავლეები აფასებენ იმას, რაც გააკეთეს და გეგმავენ შემდგომ ნაბიჯებს

სწავლის მიზნები ამ თავის დასასრულს, მოსწავლეები ცდილობენ, როლები შეცვალონ, რათა საკუთარ თავზე გამოსცადონ, რას ნიშნავს ამა თუ იმ პოზიციასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის აღება. ეს კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის უკეთ აღსაქმელად.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ერთმანეთში ცვლიან იმ როლებს, რომლებიც მათ მცირე ჯგუფებში მუშაობისას ეკავათ.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები.
მეთოდები საერთო საკლასო განხილვა, ჯგუფური სამუშაო.

გაკვეთილის აღწერა

მოცემული გაკვეთილი წინამდებარე თავში მოცემული თემის დასკვნით ნაწილს წარმოადგენს, თუმცა მასწავლებელმა შესაძლებელია მიიღოს გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ამ გაკვეთილით საფუძველი ჩაუყაროს მოსწავლეთა პრაქტიკულ საქმიანობას. როგორც უკვე ავხსენით, პრაქტიკული საქმიანობა გულისხმობს მოსწავლეების მუშაობას მცირერიცხოვან ჯგუფებში ან ერთიანი კლასის მუშაობას, ან სულაც, შესაძლებელია პროექტმა მთელი სკოლა მოიცვას.

გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები იგივე აქტივობით არიან დაკავებულები, რითაც მათ პირველი გაკვეთილი დაიწყეს. ისინი სხდებიან წრეზე და აჯამებენ განვლილი გაკვეთილებიდან შეძენილ ცოდნას.

დასაწყის ეტაპზე, მათ თანაკლასელებს უნდა გააცნონ საკუთარი კვლევის შედეგები:

  • რისი მიღწევა შეძლეს მოსწავლეებმა?
  • რამ არ გაამართლა?
  • რა გამოსწორდა ან შეიცვალა?
  • რას ნიშნავს პასუხისმგებლობის აღება გარემოსდაცვით პროექტზე?
  • მზად ვარ ავიღო პასუხისმგებლობა მასზედ, რაც ჩემი მიზეზით არ მომხდარა?
  • როგორ ვაფასებ საკუთარ ქმედებებს?
  • რამ გამოიწვია ჩემი იმედგაცრუება? რამ მომანიჭა სიხარულის შეგრძნება?

იმისათვის, რომ მოსწავლეებს დავეხმაროთ, რათა მათ შეაჯამონ ის, რისი მიღწევაც შეძლეს, როგორც ამას გამოცდილება გვიჩვენებს, რეკომენდებულია გარემოს დაცვის კუთხის მოწყობა, რომელიც წინამდებარე თავში შესული გაკვეთილების მსვლელობისას დაგროვილი მასალებით უნდა შეივსოს.

ამ შემაჯამებელ ეტაპზე მოსწავლეებმა უნდა გააცნობიერონ პასუხისმგებლობის აღების მნიშვნელობა საზოგადოების სათანადო დონეზე ფუნქციონირებაში. მოსწავლეების მსჯელობისათვის ამ მიმართულების მისაცემად, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს შემდეგი კითხვები:

  • რა ტიპის საზოგადოებებს ვხვდებით?
  • ვის რა ფუნქცია აქვს აღებული?
  • როგორ არის ეს ორგანიზებული სახელმწიფოს დონეზე?
  • რა ვიცით დემოკრატიის შესახებ და როგორ ფუნქციონირებს დემოკრატია?
  • როგორ გესმით ჯონ კენედის შემდეგი სიტყვები: „ნუ იკითხავთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყანამ თქვენთვის; იკითხეთ, რა შეგიძლიათ გააკეთოთ თქვენ ქვეყნისათვის“?

მიუხედავად იმისა, რომ ანალოგიები ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს, ამ საფეხურზე რეკომენდებულია მათი გამოყენება, მოსწავლეებში უფრო კომპლექსური აზროვნების პროცესის ხელშეწყობის მიზნით.  არ არის აუცილებელი, მოსწავლეებმა რაიმე კონკრეტული დასკვნები გამოიტანონ ამ ანალოგიებიდან. უფრო მნიშვნელოვანია მოსწავლეების წახალისება, რათა მათ კომპლექსური აზროვნება ჩართონ მოვლენების განხილვაში და ეს პროცესი შემდგომ თავებში შესული გაკვეთილების მსვლელობისას უნდა გაგრძელდეს.

მოსწავლეებს, რომლებიც მცირერიცხოვან ჯგუფებში არიან გადანაწილებულნი, უნდა დაურიგდეთ სამუშაო ფურცლები, რომლებზეც მათ საკუთარი გამოცდილება უნდა აღწერონ:

პასუხისმგებლობის აღება, პასუხისმგებლობის გადანაწილება
მაგალითი: გარემოს დაცვა
ადგილი/სიტუაცია რა პასუხისმგებლობები აკისრია ამ პირს?
კლასი მასწავლებელი მოსწავლე
სკოლა სკოლის ხელმძღვანელი მასწავლებელი/მოსწავლე
სახელმწიფო სახელმწიფოს ხელმძღვანელი ხალხი
?

მოსწავლეები უნდა დაფიქრდნენ იმის შესახებ, თუ თითოეულ სიტუაციაში, რა დროს ხდება პასუხისმგებლობის აღება.

მოსწავლეთა ჯგუფებს ამ დავალების შესასრულებლად ეძლევათ გარკვეული დრო, რის შემდეგაც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა უნდა წარმოადგინოს ჯგუფის მუშაობის შედეგები. შემაჯამებელი განხილვისას, მასწავლებელმა ყურადღება უნდა გაამახვილოს მასზედ, რომ კლასში მიღებულ გამოცდილებებსა და აღწერილ სიტუაციებს შორის პარალელები ადეკვატური იყოს. მის მოვალეობაში შედის აგრეთვე მოსწავლეებისათვის იმის ახსნა, რომ პარალელის გავლებისას დიდია გარკვეული წინააღმდეგობების წარმოქმნის ალბათობა.

საბოლოოდ, საჭიროა მოსწავლეების სწრაფი გამოკითხვა, ეგრეთ წოდებული ბლიცგამოკითხვის მეთოდით, სადაც თითოეულ მოსწავლეს შეუძლია მხოლოდ ერთი წინადადების წარმოთქმა, რაც ემსახურება იმის გაგებას, თუ რა შეიძინეს მოსწავლეებმა ამ თავში შესული გაკვეთილებიდან, მაგალითად:

„ახსენით ერთი წინადადებით, თქვენი აზრით, რა არის გავლილი თავის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი.“

მოსწავლეებს მოსაფიქრებლად უნდა მივცეთ რამდენიმე წუთი, რათა მათ ჩამოაყალიბონ, რისი თქმა სურთ, და წინადადების წარმოთქმის საშუალება იმ შემთხვევაშიც უნდა მივცეთ, თუ სხვა მოსწავლეების მიერ უკვე გამოთქმულ იქნა იგივე ან თითქმის იგივე მოსაზრება. ბლიცგამოკითხვის პროცესში მასწავლებელმაც უნდა მიიღოს მონაწილეობა. მან მადლობა უნდა გადაუხადოს მოსწავლეებს აქტიური მონაწილეობისათვის, მაგრამ არ უნდა გააკეთოს არანაირი კომენტარი მოსწავლეების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე.