გაკვეთილი 4: ჩვენი პირველი გამოცემა!

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 4: ჩვენი პირველი გამოცემა!

რას ვაკეთებთ შემდეგ?

სწავლის მიზანი მოსწავლეები იაზრებენ, თუ რა საკითხებთანაა დაკავშირებული სასკოლო გაზეთის გაგრძელების პროექტი. მათ შეუძლიათ გადაწყვეტილების მიღება და პასუხისმგებლობის აღება.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები აყალიბებენ საკუთარ შეხედულებებს პროექტის შესაძლო გაგრძელების შესახებ.
საჭირო მასალა დაფა ან ფლიპჩარტი.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა დისკუსია.

ძირითადი ცნებები

დისკუსია (,,არგუმენტების გაცვლა’’, მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან discussio) არის ვერბალური კომუნიკაცია ორ ან მეტ ადამიანს შორის, რომელიც ეხება ერთ ან რამდენიმე საკითხს და რომლის დროსაც თითოეული მხარე საკუთარ არგუმენტებს წარმოადგენს. დისკუსია უნდა გაიმართოს ურთიერთპატივისცემის პრინციპის გათვალისწინებით. კარგი დისკუსია საშუალებას აძლევს მოსაუბრეებს, წარმოადგინონ განსხვავებული მოსაზრებები და სათანადო ყურადღებით განიხილონ ისინი. პიროვნული მახასიათებლები, როგორებიცაა: სიმშვიდე, თავშეკავება და ზრდილობიანი საქციელი, მომგებიანია დისკუსიაში მონაწილე ორივე მხარისათვის. საუკეთესო დისკუსია სრულდება პრობლემიდან გამოსავლის მოძებნით ან კომპრომისით, რომელიც ყველა მხარისათვის მისაღებია.

თანამედროვე საზოგადოებაში დისკუსია არის ინტერესთა და მიზანთა კონფლიქტის მოგვარების ცივილიზებული, არაძალადობრივი საშუალება. კონფლიქტის ჩახშობის ნაცვლად ხდება კონფლიქტის მოგვარება. დისკუსიის უნარის განვითარება დაეხმარება მოსწავლეებს ცხოვრებისეული პრობლემების მშვიდობიან მოგვარებაში.

გაკვეთილი

მას შემდეგ, რაც რედაქტორები სტატიებს პირველ სასკოლო გაზეთში გამოაქვეყნებენ, დგება პროექტის გაგრძელების საკითხი. ამ პერიოდისათვის მოსწავლეებმა უკვე იციან, თუ რა დრო სჭირდება გაზეთის მომზადებას და რა ორგანიზაციულ პრობლემებთანაა დაკავშირებული იგი. საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, მოსწავლეებს შეუძლიათ, წარმართონ დისკუსია სასკოლო გაზეთის პროექტის გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ.

მასწავლებელს შეუძლია, ამ ფლიპჩარტით მეტი სიცხადე და სტრუქტურა შეიტანოს მოსწავლეთა დისკუსიებში:

ორგანიზაცია პიროვნული ასპექტები თანამშრომლობა დროის მენეჯმენტი

თუ გავაგრძელებთ:

– რა უნდა გავითვალისწინოთ?

– დროში ხომ არ ვიქნებით შეზღუდულები?

-რა ტექნიკური საშუალებები გაგვაჩნია?

– როგორ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ჩვენი გაზეთი არ გახდეს ვანდალიზმის მსხვერპლი?

– რა ფინანსური რესურსები დაგვჭირდება? როგორ უნდა მოვიზიდოთ ეს რესურსები?

ვინ არის დაინტერესებული?

– მთავარი რედაქტორი

– რედაქტორთა კომიტეტი

– რა არის მასწავლებლის როლი და პოზიცია?

– სახელები:




-როგორ ჩავრთოთ სხვა მოსწავლეები ამ პროექტში?

-კიდევ რომელი მასწავლებლები ჩაერთვებიან ჩვენს პროექტში?

-შეგვიძლია უზრუნველვყოთ გასვლები რედაქციებში (ბეჭდვითი მედიის, ტელემაუწყებლობის ან ელექტრონული მედიის)?

-შეგვიძლია გავაკეთოთ ინტერვიუ ჟურნალისტთან, როგორც ექსპერტთან?

როცა ამ ცხრილის შევსებაზე მუშაობთ, ხვდებით, რომ შეუძლებელია ყველაფრის დასაწყისშივე დაგეგმვა. გაზეთის პროექტზე მუშაობა საჭიროებს ყველა მონაწილის აქტიურ ჩართულობას და გეგმების ცვლილებას, საჭიროებისდა მიხედვით. ეს არის სიცოცხლით სავსე, სახალისო, თუმცა, ამავდროულად, რთული და ზოგჯერ იმედგამაცრუებელი პროცესი.

მასწავლებელი, რომელსაც მოსწავლეებთან ერთად პროექტებზე აქამდეც უმუშავია, იცნობს პროექტზე მუშაობის სტრუქტურას და აუცილებელი ნაბიჯების თანმიმდევრობას; მას, ასევე, კარგად ესმის, რომ მნიშვნელოვანია კარგი ხელმძღვანელობა, როცა სასკოლო პროექტის წარმატებულ განხორციელებას ვგეგმავთ. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მასწავლებლის მხრიდან ზედმეტმა ყურადღებამ შეიძლება, რომ ჩაახშოს მოსწავლეთა მოტივაცია და ინიციატივა. ასეთ პროექტებში მონაწილეობა მოსწავლეებისათვის სასარგებლოა, რადგან ისინი იღებენ მნიშვნელოვან გამოცდილებას სამოქალაქო და ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების კუთხით.

მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა მიიღონ  რეალური გადაწყვეტილებები პროექტის გაგრძელების სხვადასხვა საკითხთან, მათ შორის, ვადებთან დაკავშირებით.