გაკვეთილი 3: რა არის საყოველთაო კეთილდღეობა?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: რა არის საყოველთაო კეთილდღეობა?

თანხმობა უთანხმოების საფუძველზე?

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება

მონაწილეობა: მოლაპარაკების წარმოებისთვის საჭირო უნარი.

ანალიზი: საერთო მიზნების ანალიზი.

სწავლის მიზანი

პოლიტიკას აქვს ორი განზომილება: პრობლემათა გადაჭრა და ბრძოლა ძალაუფლებისთვის.

კომპრომისი საჭიროა მხარდაჭერის მოსაპოვებლად და შეთანხმების მისაღწევად.

მოსწავლეთა ამოცანა მოსწავლეები მოლაპარაკების საფუძველზე იღებენ გადაწყვეტილებას.
მასალა და რესურსები

A4 ფორმატის ფურცლები და მარკერები.

რომბისებური განლაგებით ჯგუფური ანალიზისთვის საჭირო სადემონსტრაციო ფურცლები.

მეთოდი თამაში გადაწყვეტილების მიღებაზე; ინდივიდუალური, ჯგუფური და პლენარული სხდომები.
დროის ბიუჯეტი ეტაპი 1: მოსწავლეები გამოდიან საკუთარი წინადადებებით. 10 წთ.
ეტაპი 2: მოსწავლეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ მრგვალი მაგიდის გარშემო. 30 წთ.

ინფორმაცია

წინამდებარე თავში მოცემულია მიზნებზე მოლაპარაკების პროცესის მოდელი. ამ მიზნებს განაპირობებს საყოველთაო კეთილდღეობის საერთო აღქმა. მოცემულ გაკვეთილზე, მოსწავლეების ამოცანას წარმოადგენს ამ მიზნისკენ სწრაფვა. მათ შესაძლოა წარმატებას მიაღწიონ, ან ვერ მიაღწიონ. მათი ძალისხმევა და გამოცდილება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი.

მასწავლებელი კვლავაც აგრძელებს მოსწავლეების დახმარებას. მაგალითად, იგი მოსწავლეებს აცნობს მოლაპარაკების მოდელს, მაგრამ არ აკეთებს კომენტარს შინაარსზე.

პირველი ეტაპის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს იმ მოსწავლეებს, რომლებიც მარტო აღმოჩნდნენ, ვინაიდან არ გაწევრიანდნენ არც ერთ პარტიაში.

გაკვეთილის აღწერა

შესავალი: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს დეტალურ ინფორმაციას გაკვეთილის გეგმის შესახებ

მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიაპყრობს გაკვეთილის გეგმას (მასალა მოსწავლეებისთვის 3.1) და შეახსენებს მათ თავიანთ ამოცანას. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებმა მოლაპარაკების გზით უნდა შეიმუშაონ პოლიტიკური დღის წესრიგი. დღის წესრიგში რომელი მიზნების შეტანას უჭერენ ისინი მხარს?

ეტაპი1: მოსწავლეები განსაზღვრავენ საკუთარ მიზნებს

მოსწავლეები ირჩევენ დღის წესრიგში შესატან მიზნებს. როგორც პარტიებს, ასევე ინდივიდუალურ მოსწავლეებს შეუძლიათ გააკეთონ განცხადება დღის წესრიგში მათთვის სასურველი მიზნის გათვალისწინების თაობაზე. ამან შესაძლოა „უპარტიო“ მოსწავლეებს მცირედი უპირატესობა მისცეს; მეორე მხრივ, პარტიის მიერ შემოთავაზებულ წინადადებას მაღალი ალბათობა აქვს, მოექცეს დღის წესრიგის სათავეში.

ჯგუფის მიერ არჩეული სპიკერი ან ინდივიდუალური მოსწავლე ამზადებს მოკლე განცხადებას.

მოსწავლეები საკუთარ მიზნებს წერილობითი ფორმით აყალიბებენ ფურცლებზე, მარკერების გამოყენებით.

ეტაპი 2: მოსწავლეები მოლაპარაკებას აწარმოებენ „მრგვალი მაგიდის“ გარშემო

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დროულად შეუდგნენ შემდეგ ეტაპს. მოსწავლეები საკლასო ოთახში განლაგდებიან სკამებზე წრიულად; რაც მაინცდამაინც არ შეესაბამება „მრგვალი მაგიდის“ მეტაფორას, მაგრამ კომუნიკაციის პროცესს უწყობს ხელს. პარტიები, რომლებმაც შექმნეს კოალიციები, განლაგდებიან ერთმანეთის გვერდით.

საფეხური 2.1: მოსწავლეები გამოდიან წინადადებებით

მასწავლებელი გახსნილად აცხადებს მრგვალი მაგიდის მოლაპარაკებებს და ასპარეზს აძლევს პარტიების სპიკერებსა და „უპარტიო“ მოსწავლეებს, გააკეთონ თავიანთი განცხადებები. მასწავლებელი ახსენებს მათ, რომ განცხადება უნდა გააკეთონ იმ ნებისმიერ შეთანხმებაზე, რომელსაც მათ მიაღწიეს და შესთავაზონ თავიანთი გადაწყვეტილება კლასს განსახილველად. ისინი ფურცლებზე დაწერილ მიზნებს იატაკზე ალაგებენ.

საფეხური 2.2: მოსწავლეები აანალიზებენ თავიანთ მიზნებს და განიხილავენ კომპრომისისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებს

მას შემდეგ, რაც ბოლო გამომსვლელი დაასრულებს სიტყვას, მოსწავლეებმა უნდა გამონახონ თავიანთი შემოთავაზებების გაერთიანებისა ან კომპრომისზე წასვლის გზები, რაშიც მათ მასწავლებელი ეხმარება.

  • თქვენს მიერ გაკეთებული წინადადებებიდან რომელიმე ესადაგება ერთმანეთს? შესაძლებელია მათი დაჯგუფება?
  • რომელი წინადადებები გამორიცხავს ერთიმეორეს? მოსწავლეებს მოუწევთ წინადადებების ყურადღებით შესწავლა. მათ მიერ შემოთავაზებული მიზნებიდან რომელიმე გამორიცხავს მეორეს? თუ მიზნები ერთსა და იმავე განზრახვას ემსახურება, მაგრამ დიდ ძალისხმევას, რესურსებსა და ფინანსებს მოითხოვს?
საფეხური 2.3: მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს მოლაპარაკების მოდელს

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს მოდელს, რომელიც მათ დაეხმარება საყოველთაო კეთილდღეობის მიზნების შესახებ მოლაპარაკებისთვის პოლიტიკური დღის წესრიგის შედგენაში. A4 ფორმატის დანომრილი ფურცლების გამოყენებით, როგორც ეს ნაჩვენებია ქვემოთ, მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პირველ მოდელს, რომელიც არის კლასიკური, „რომბისებური განლაგებით“ ჯგუფური ანალიზის მოდელის გამარტივებული ვერსია (მოდელი #3).

ოთხი მიზნის არსებობის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ერთ მიზანს. ორ მიზანი გადის მეორე კატეგორიაში, ხოლო ერთი მიზანი, რომელიც ნაკლებმნიშვნელოვნად მიიჩნევა, ან რომელიც მოითხოვს სასწრაფოდ იქნეს მიღწეული – მე–3 კატეგორიაში (ან ხდება მისი დღის წესრიგიდან მოხსნა –ამ შემთხვევაში, მასწავლებელი მიზანი #3 –ით აღნიშნულ ფურცელს იღებს სქემიდან).

Takingpart_EN.pdf

სამი ან ოთხი მიზნით წარმოდგენილი ეს შეკვეცილი მოდელი მოითხოვს მოლაპარაკებას, რადგან დიდი რაოდენობით წარმოდგენილ მიზნებზე მოლაპარაკება არ არის დასაშვები. ერთი მხრივ, მცირერიცხოვანი მიზნების განხორციელება შედარებით ადვილია, ვიდრე ისეთი დღის წესრიგის, რომლითაც ყველა კმაყოფილია, მაგრამ მსგავსი დღის წესრიგის შედგენა გაცილებით უფრო დიდ სირთულეს წარმოადგენს (ჩართულობასა და ეფექტურობას შორის არსებული დილემა). მასწავლებელი ამატებს ფურცლებს, რათა მოდელი #1 გადააკეთოს მოდელ #2–ად და #3–ად.

მასწავლებელი ბოლოს აღნიშნავს, რომ ყველა მოდელში უპირატესობა ენიჭება ერთ მიზანს. ასე რომ, სამომავლო, ძირეული არჩევანი უნდა გაკეთდეს ერთ მიზანზე.

Takingpart_EN.pdf

საფეხური 2.4: მოსწავლეები აწარმოებენ მოლაპარაკებებს

მოსწავლეებს რამდენიმე საკითხი აქვთ შესათანხმებელი. ამავდროულად, ეს საკითხები ქმნის კომპრომისისა და უმრავლესობის მხარდაჭერის პერსპექტივას.

  • რომელ მოდელს ავირჩევთ – რამდენი მიზნის შეტანა გვინდა დღის წესრიგში?
  • რომელ მიზანს მივანიჭოთ უპირატესობა?
  • შესაძლებელია კი ყველა ერთ მიზანზე შევთანხმდეთ?
  • რომელ მიზნებს შევიტანთ დღის წესრიგში? მიზნებს, რომლებიც ერთმანეთს ესადაგება, თუ მიზნებს, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს? (პირველი არჩევანი ემსახურება ეფექტურობას, მეორე – ჩართულობას.)
  • ჩვენს მიერ შედგენილი დღის წესრიგი მთლიანობაში რეალურია?

ამ ეტაპზე საჭიროა დაკვირვება და ყურადღებით განსჯა. პარტიების მიერ წამოყენებულ მიზნებს ძლიერი მხარდაჭერა აქვთ, მაგრამ სხვებს, შესაძლოა, უკეთესი მოსაზრებები გააჩნდეთ. ამიტომ კითხვა, რომელი მიზანი მიიღებს მეტ მხარდაჭერას, ღიად რჩება.

დღის წესრიგში ისეთი მიზნების შეტანა, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავს (მაგ. მწვანეები + კონსერვატორები) ტიპურია კოალიციური პარტიების არსებობის ან მრავალპარტიულობის პირობებში. მიზნების რაციონალური მოდელი (სადაც ყველა მიზანს ერთი პარტია განსაზღვრავს) უფრო მეტად იწვევს კონკურენციასა და კონფლიქტს. ამ მოდელებს შორის არჩევანის გაკეთება, აქედან გამომდინარე,  პოლიტიკური კულტურის შესახებ არჩევანის გაკეთების ტოლფასია – ვირჩევთ გზას როგორ ვმართოთ პლურალიზმი დემოკრატიულ საზოგადოებაში. მასწავლებელი აკვირდება, როგორ გადაწყვეტილებას იღებენ მოსწავლეები ამ საკითხთან დაკავშირებით და შეხედულებისამებრ ირჩევს, განიხილოს თუ არა მოცემული საკითხი შემაჯამებელ გაკვეთილზე.

მოსწავლეები იატაკზე განლაგებულ ფურცლებს, სადაც მათი მიზნებია დაფიქსირებული, გადაანაწილებენ, რათა შექმნან დღის წესრიგის თავიანთი მოდელი (მისცემენ მას რომბის ან პირამიდის ფორმას). თუ რამდენიმე მოდელი ერთი და იმავე მიზანს შეიცავს, განმეორებადი მიზნები გამოიყენება იმისთვის, რომ მოსწავლეებმა მოდელები ერთმანეთს შეადარონ.

ბოლოს ფურცლები გადააქვთ ფლიპჩარტზე და აძლევენ მას პოსტერის ფორმას. იგი გამოყენებული იქნება შემდეგ გაკვეთილზე.

საფეხური 2.5: კენჭისყრა

შეხვედრის ბოლოს, მოსწავლეები მართავენ კენჭისყრას ხელის აწევით. თუ ისინი დღის წესრიგის ერთ მოდელზე შეთანხმდნენ, მოსალოდნელია ერთსულოვანი ხმის მიცემა.

თუ სახეზეა სხვადასხვა მოდელი, მოსწავლეები კენჭს უყრიან ამ მოდელებს.

ამ შემთხვევაში მასწავლებელი მოსწავლეებს კენჭისყრის შემდეგ პროცედურას სთავაზობს, რომელიც ასევე კენჭისყრის საფუძველზე უნდა იქნეს მიღებული, სანამ გაიმართება კენჭისყრა დღის წესრიგის მოდელზე: თუ რომელიმე მოდელი ხმების 50%–ზე მეტს დააგროვებს, იგი დამტკიცებულია. სხვა შემთხვევაში იმართება კენჭისყრის მეორე რაუნდი, ამჯერად იმ ორ დღის წესრიგზე, რომელმაც ყველაზე მეტი ხმების რაოდენობა დააგროვა. თავის შეკავების შემთხვევათა გათვალისწინებით, მოდელი, რომელიც ხმების უმეტესობას დააგროვებს, დამტკიცებული იქნება.