4. ბავშვის უფლებები: პრაქტიკაში გამოცდა, სიღრმისეულად გაცნობა და დანერგვა

Living Democracy » Textbooks » 4. ბავშვის უფლებები: პრაქტიკაში გამოცდა, სიღრმისეულად გაცნობა და დანერგვა

ბავშვებს არა მხოლოდ უნდა მიეწოდოთ ინფორმაცია საკუთარი უფლებების შესახებ, არამედ უნდა შეისწავლონ, თუ როგორ დააფასონ და პრაქტიკაში გამოიყენონ ამგვარი უფლებები. ამ მიზნის მისაღწევად, სკოლამ უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს ექნებათ საშუალება მიიღონ ფართო სასწავლო გამოცდილება ბავშვის უფლებათა განათლების სფეროში. დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების სამ ძირითად განზომილებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია შემდეგი კომპონენტები:

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა (საშუალებით): მოსწავლეები იღებენ გამოცდილებას ბავშვთა უფლებების, როგორც პრინციპების შესახებ, რომლებიც მართავენ საგაკვეთილო პროცესს და სასკოლო თემს და შესაბამისად პირდაპირი ზეგავლენა აქვთ ბავშვებზე. ამ კატეგორიის ფარგლებში ყალიბდება დამოკიდებულებები, ღირებულებები და უნარ-ჩვევები.

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა (შესახებ): მოსწავლეები ეცნობიან და აცნობიერებენ თუ რა უფლებებს ფლობენ ისინი. ამ პროცესში, სადაც აქცენტი კეთდება ცოდნასა და გააზრებაზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მასწავლებლის მიერ ცოდნის მიწოდება მიზანმიმართული და სათანადოდ დაგეგმილი ფორმით.

ბავშვთა უფლებების დანერგვა (მიზნით): ბავშვებს ასწავლიან ბავშვთა უფლებების პატივისცემასა და ამ უფლებების გამოყენებას გაკვეთილზე და სკოლაში. ამგვარად, ბავშვები პრაქტიკულად ემზადებიან მომავალი როლისთვის, ანუ ინფორმირებული და აქტიური მოქალაქისა დემოკრატიულ საზოგადოებაში (იგულისხმება მონაწილეობა/ჩართულობა სკოლაში, და ასევე მოგვიანებით, ზრდასრულ ცხოვრებაში).

ბავშვის და ადამიანის უფლებათა სულისკვეთებით განმსჭვალული განათლების მიწოდება (“საშუალებით”) და ასევე იმის სწავლება, თუ როგორ მივიღოთ მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში (“მიზნით”) წარმოადგენს სასკოლო საზოგადოების ვალდებულებას. ყველა მასწავლებელმა და დირექტორმა, ისევე როგორც მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა უნდა შეასრულონ საკუთარი ფუნქციები. დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების სამი განზომილება მხარს უჭერს და ავსებს ერთი მეორეს. წინამდებარე სახელმძღვანელო გთავაზობთ სასწავლო პროცესის ინიცირებისა და წარმართვის აღწერას. კერძოდ, “ბავშვის უფლებათა პრაქტიკაში გამოცდა” გულისხმობს სწავლებისა და სწავლის მეთოდების ყურადღებით შერჩევას, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, გააცნობიერონ სკოლის არსი – მიკრო საზოგადოებისა – რომელიც რეგულირდება ადამიანისა და ბავშვის უფლებათა პრინციპების თანახმად.

ზემოთ აღნიშნული მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ბავშვებს გაუჩნდეთ შეგრძნება, რომ მათ, როგორც პიროვნებას პატივს სცემენ, და რომ მათ შეხედულებებს უსმენენ დისკუსიებში ან გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბავშვებისა და მოზარდების მიერ მიღებული გამოცდილება უნდა იქნეს დაფასებული და კარგად მოფიქრებული, რადგან სწორედ ეს ის მომენტია, როდესაც მათი ჭეშმარიტი გამოცდილება და ცოდნა ადამიანისა და ბავშვის უფლებების შესახებ ერთმანეთს უკავშირდება. რასაკვირველია, სასკოლო თემისთვის რთულ ამოცანას წარმოადგენს იმის უზრუნველყოფა, რომ მოსწავლეებმა პრაქტიკაში გამოსცადონ, კარგად შეისწავლონ და გამოიყენონ ბავშვთა და ადამიანის უფლებები სკოლის ფარგლებში – რეალურად მიიღონ მონაწილეობა დემოკრატიულ საზოგადოებაში. არა მხოლოდ პედაგოგებმა და სკოლის ადმინისტრაციამ, არამედ ბავშვებმა და მშობლებმაც უნდა შეასრულონ გარკვეული როლი აღნიშნული მიზნის მისაღწევად. ამ პროცესში მნიშვნელოვანი კომპონენტია მონაწილეობის პრინციპი. ამრიგად, საკლასო ოთახში და სასკოლო თემის პრაქტიკაში უკვე დანერგილი მონაწილეობის სხვადასხვა ფორმები ხდება ბავშვის უფლებების შესახებ განათლების მიღების მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი.

მონაწილეობის გზები

მონაწილეობა შეიძლება განხორციელდეს მრავალი გზით, დაიწყოს საკლასო ოთახში ან სასკოლო საზოგადოებაში და გაგრძელდეს სკოლის მიღმა ფართო საზოგადოების მიმართ:

  1. დღის წესრიგში დაყენებული საკითხებისა და ლიდერების შესახებ არსებული მასალის გაცნობა;
  2. დღის წესრიგში დაყენებული საკითხებისა და ლიდერების შესახებ სტატიებისა და პუბლიკაციების წერა;
  3. საკითხის შესახებ გამართულ დებატებში მონაწილეობა;
  4. ისეთ საზოგადოებაში მუშაობა, რომელიც რაიმე მიზნის მისაღწევად იბრძვის ან მთავრობის მიერ გადადგმულ  რომელიმე ნაბიჯს ეწინააღმდეგება;
  5. პოლიტიკური პარტიების, სხვა ტიპის საზოგადოებების ან მასობრივი ჯგუფების ჩამოყალიბება ან მათში გაწევრიანება;
  6. პოლიტიკურ ან საზოგადოებრივ თავყრილობებზე დასწრება;
  7. პოლიტიკური პარტიის, შრომითი კოლექტივის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის სათავეში ჩადგომა;
  8. არჩევნებში მონაწილეობა;
  9. ხელისუფლებაში მოსვლის მსურველ კანდიდატთა დასახმარებლად კამპანიის წარმოება;
  10. საკუთარი კანდიდატურის წამოყენება და, არჩევის შემთხვევაში, ამომრჩეველთათვის სამსახურის გაწევა;
  11. გადასახადების გადახდა;
  12. ლობირება;
  13. სამხედრო მოვალეობის მოხდა;
  14. არსებული იურიდიული არხებით სარგებლობა, როგორიცაა მთავრობის წარმომადგენლებთან ხელშეკრულებების დადება, სასამართლოში საქმის აღძვრა და ა. შ.