გაკვეთილი 2: ექვსეტაპიანი მიდგომის გამოყენება

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: ექვსეტაპიანი მიდგომის გამოყენება

როგორ უნდა ავარიდოთ თავი მეზობელთან დაპირისპირებას?

სწავლის მიზანი ექვსეტაპიანი მიდგომის გამოყენება.
მოსწავლის დავალება განიხილეთ კონფლიქტური სიტუაცია; იპოვეთ კონფლიქტის გადაჭრის გზები.
საჭირო მასალა

მოსწავლის სამუშაო ფურცელი  4.1

კონფლიქტების ამსახველი ამბების ასლები მოსწავლის სამუშაო ფურცელ  4.2-დან.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა  მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა.

 

ინფორმაცია

მხოლოდ თეორიული ცნებების გააზრება არ არის საკმარისი კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისათვის. აუცილებელია, კონფლიქტის მოგვარების პრაქტიკული უნარის ფლობა. ეს გაკვეთილი სტუდენტებს სწორედ ამ უნარის განვითარებაში დაეხმარება. შემდეგი ნაბიჯი კი იქნება ამ ცოდნისა და უნარის ცხოვრებისეულ მაგალითზე გამოყენება სკოლაში.

გაკვეთილი

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ მათი მიზანია, სხვადასხვა ტიპის კონფლიქტების გადაჭრის გზების ძიება ექვსეტაპიანი მიდგომის გამოყენებით.

კლასი 4-5 მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად იყოფა. ჯგუფები იღებენ მოსწავლის სამუშაო ფურცელ 4.2-ს და ერთ-ერთ კონფლიქტზე მუშაობის დავალებას იღებენ. შესაბამისად, სამუშაო ფურცელზე  მოცემულ თითოეულ კონფლიქტს ერთზე მეტი ჯგუფი განიხილავს. ასევე, მუშაობის პროცესში ჯგუფები იყენებენ მოსწავლის  სამუშაო ფურცელ 4.1-ს ,,კონფლიქტის გადაჭრის ექვსეტაპიანი მიდგომა“. მსჯელობის დასრულების შემდეგ, თითოეული ჯგუფიდან ერთი მოსწავლე კლასის წინაშე კონფლიქტის მოგვარების ექვს ეტაპს წარმოადგენს. პრეზენტაციებს ჯერ ის ჯგუფები აკეთებენ, რომლებიც პირველ კონფლიქტზე მუშაობდნენ, შემდეგ კი ისინი, რომელთაც მეორე კონფლიქტზე მუშაობა ერგოთ წილად.

პრეზენტაციების შემდეგ მასწავლებელი მართავს დისკუსიას კონფლიქტების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით. შემდეგ მასწავლებელი შეკითხვებს სვამს:

  • კარგად გვესმის ,,მოთხოვნები“ და ,,არსებული კონფლიქტის განსაზღვრება“? არის გადაუჭრელი საკითხები?
  • შეიძლება გამოიძებნოს კონფლიქტის მოგვარების სხვა გზები, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა გრძელვადიან პერსპექტივაში?

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, იმუშაონ მათთვის ცნობილ კონფლიქტებზე სკოლის, ქვეყნის, თანატოლებთან ურთიერთობის გამოცდილებიდან. მოსწავლეებმა უნდა შეარჩიონ ერთი ან ორი კონფლიქტური სიტუაცია და ამ კონფლიქტ(ებ)ის მოგება-მოგებით გადაწყვეტაზე იფიქრონ.

თუ მასწავლებელს სურს, განხილვის საგნად აქციოს მედიატორობის საკითხი, შეუძლია, კლასში შემოიტანოს კონფლიქტების იურიდიული ფორმით მოგვარების თემა (მედიატორობის ფორმები, სასამართლოში გასაჩივრება და ა.შ.). კონფლიქტების განხილვა შეიძლება მოხდეს ექვსეტაპიანი მიდგომის ან როლების გათამაშების გზით.

იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი როლების გათამაშებას ირჩევს, ერთი მოსწავლე შეასრულებს დავაში ჩართული ერთი მხარის როლს, მეორე მოსწავლე – დავაში ჩართული მეორე მხარის როლს. ასევე, საჭირო იქნება მესამე მოსწავლის მონაწილეობაც, რომელიც მედიატორად მოგვევლინება. სამი მოსწავლისაგან შემდგარი ჯგუფები კონფლიქტის გადაჭრაზე მედიატორის დახმარებით მუშაობენ. სავარჯიშოს დასრულების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს საკუთარ შედეგებს და, ასევე, გააცნობს კლასს იმ პროცესს, რომელმაც ჯგუფი ამ შედეგებამდე მიიყვანა. სხვა სიტყვებით, აქცენტი კეთდება არა მხოლოდ მედიატორის დახმარებით მიღწეულ შედეგებზე, არამედ თავად პროცესზეც. როლების გათამაშებას შეიძლება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდეს. შესაბამისად, მასწავლებელს შეუძლია, როლების გათამაშება კლასგარეშე აქტივობად, ან ცალკე გაკვეთილად გამოყოს.