გაკვეთილი 2: რომელი მიზნების განხორციელება გვსურს?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: რომელი მიზნების განხორციელება გვსურს?

მოსწავლეები ქმნიან პოლიტიკურ პარტიებს

მატრიცაში მოცემულია ინფორმაცია, რომელიც მასწავლებელს გაკვეთილის დაგეგმვისა და მისი ჩატარებისთვის სჭირდება.ემსახურება უშუალოდ დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში გათვალისწინებული კომპეტენციების გამომუშავება/განვითარებას.

სწავლის მიზანს წარმოადგენს ორიენტირება იმაზე, რაც მოსწავლეებმა იციან და ესმით.

მოსწავლეებისთვის დასახული ამოცანა (ამოცანები) და გამოყენებული მეთოდები წარმოადგენს სწავლების პროცესის ძირითად ბირთვს.

მოწოდებული მასალა ხელს უწყობს გაკვეთილისთვის მზადებას.

დროის ბიუჯეტით სარგებლობა მასწავლებელს საშუალებას აძლევს ეფექტურად განახორციელოს დროის მენეჯმენტი.

კომპეტენციების დაუფლება მონაწილეობა: მოლაპარაკება – საკუთარი მიზნების წამოყენება ზომიერების ფარგლებში და სხვათა მიზნების გათვალისწინება.
სწავლის მიზანი პოლიტიკურ პარტია პოლიტიკური მიზნების დასახვისთვის საჭირო ძალაუფლებას ფლობს. პარტია ამას მასში შემავალი ცალკეული წევრის თვალსაზრისისა და ინტერესების გაერთიანების საფუძველზე აღწევს და, გამომდინარე აქედან, წევრებს უწევთ კომპრომისზე წასვლა.
მოსწავლეთა ამოცანა

მოსწავლეები მოლაპარაკების საფუძველზე შეიმუშავებენ პოლიტიკური პრიორიტეტების საერთო დღის წესრიგს.

მოსწავლეები წარადგენენ საკუთარი პარტიების პროფილს საჯარო თავშეყრაზე.

მასალა და რესურსები

მასალა მოსწავლეებისთვის 3.1 – 3.4.

მასალა მასწავლებლებისთვის 3 ბ.

მეთოდი ჯგუფური სამუშაო, პლენარული პრეზენტაცია, ლექცია.
დროის ბიუჯეტი ეტაპი 1: მოსწავლეები განსაზღვრავენ საკუთარი პარტიების პროფილს. 15 წთ.
ეტაპი 2: საჯარო თავშეყრა: პარტიები წარადგენენ საკუთარ პროფილს. 10 წთ.
ეტაპი 3: მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს  საყოველთაო კეთილდღეობის კონსტრუქტივისტულ ცნებას. 5 წთ.
ეტაპი 4: მოსწავლეები განიხილავენ მოლაპარაკების საკუთარ სტრატეგიებს. 10 წთ.

ინფორმაცია

გაკვეთილის ძირითადი ნაწილი ეთმობა მოსწავლეების საქმიანობას, რომელიც მათ დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთში უნდა შეასრულონ (იხ.? მასალა მოსწავლეებისთვის 3.1).

მასწავლებელი ატარებს მოკლე ლექციას, სადაც მოსწავლეებს თავიანთი ამოცანის შესასრულებლად ახალ პერსპექტივას სთავაზობს. მასწავლებელი ლექციის დროს ძირითადად საუბრობს იმაზე, რაც მოსწავლეებისთვის კარგად არის ცნობილი და განუმარტავს მათ ამ თავის ძირითად ცნებებს – მრავალფეროვნება, პლურალიზმი, საყოველთაო კეთილდღეობა.

კონსტრუქტივისტული სწავლის ამ ეტაპზე, მოსწავლეებისთვის ნათელი უნდა იყოს ეს ცნებები, რაგდანაც, ეს ეხმარება მათ იმ ვითარების აღქმაში, რომელშიც ისინი იმყოფებიან.

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელი საუბრობს გაკვეთილის დღის წესრიგზე (მასალა მოსწავლეებისთვის 3.1). პარტიები იკავებენ გარკვეულ პოზიციებს „პოლიტიკურ ასპარეზზე“ – საკლასო ოთახში იკავებენ მათთვის განკუთვნილ ადგილს – და იმუშავებენ საკუთარ პროფილს. საჯარო შეხვედრა მათ დაეხმარება განსაზღვრონ საკუთარი პოზიცია – სხვა პარტიებთან თანამშრომლობითა ან დაპირისპირებით.

ეტაპი 1: მოსწავლეები განსაზღვრავენ საკუთარი პარტიების პროფილსა და ადგენენ დღის წესრიგს

საფეხური 1.1: მოსწავლეები განსაზღვრავენ საკუთარ პოზიციას „პოლიტიკურ ასპარეზზე“

მოსწავლეები, რომელთა მიერ წინა გაკვეთილზე გაკეთებული პოლიტიკური განცხადებებიც ერთმანეთის მსგავსი იყო, ამჯერად განსაზღვრავენ „პოლიტიკურ ასპარეზზე“ საკუთარ პოზიციას. ისინი ირჩევენ ადგილს საკლასო ოთახში, სადაც ათავსებენ საკუთარ მერხებსა და სკამებს. ეს ადგილი შეიძლება იყოს საკლასო ოთახის რომელიმე კუთხეში ან კუთხეებს შორის კედელთან. ამგვარად, პარტიების განთავსების ადგილებს შორის დარჩენილი სივრცე მიუთითებს, რომელი პარტიაა, პოზიციების თვალსაზრისით, ერთმანეთთან ახლოს და რომელია ერთმანეთთან ოპოზიციაში. რაც უფრო ახლოს არიან პარტიები განლაგებული ერთმანეთთან მიმართებაში, მით უფრო დიდი შანსი აქვთ მათ შექმნან კოალიცია, საერთო მიზნის მისაღწევად.

მოსწავლეები, რომლებმაც ამჯობინეს არც ერთ პარტიაში არ გაწევრიანებულიყვნენ, ჯგუფდებიან, უმჯობესია, ოთახის შუაგულში. ისინი ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ მოსაზრებებს. მათი მხრიდან სურვილის გამოთქმის შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია შეუერთდეს მათ, დახმარების გაწევის მიზნით. მასწავლებელმა არ უნდა აიძულოს ისინი შექმნან პარტია, არამედ, უნდა მოუსმინოს მათ კითხვა–პასუხებს. გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, მიიღონ თუ არა მონაწილეობა და რა ფორმით მიიღონ მონაწილეობა პროცესში, იღებენ მოსწავლეები და არა მასწავლებელი.

პარტიები მზად უნდა იყვნენ ნებისმიერ მომენტში ახალი წევრის მისაღებად, ისევე როგორც ეს რეალურ ცხოვრებაში ხდება. მოსწავლეებს ასევე აქვთ უფლება, დატოვონ პარტია.

საფეხური 1.2: პარტიები განსაზღვრავენ საკუთარ პრიორიტეტებს

ხელმძღვანელობენ რა მასალა მოსწავლეებისთვის 3.2 და 3.3–ით, მოსწავლეები მუშაობენ საკუთარი პარტიის პროფილის განსაზღვრაზე. მასწავლებელი თვალყურს ადევნებს მათ, მაგრამ არ ერევა მათ საქმიანობაში, თუ მოსწავლეები თავად არ მიმართავენ მას დახმარებისთვის, ან თუ მასწავლებელი არ შეამჩნევს, რომ მოსწავლეები სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ.

ეტაპი 2: საჯარო შეხვედრა – მოსწავლეები აკეთებენ თავიანთი პარტიების პროფილის პრეზენტაციას

ეწყობა საჯარო შეხვედრა პარტიებისთვის და არა ინდივიდუალური მოსწავლეებისთვის. დროში შეზღუდულობა სხვა არჩევანს არ გვიტოვებს. პარტიები ახორციელებენ ინდივიდუალური თვალთახედვების გაერთიანებას, რაც ინდივიდუალურ მოსაზრებათა მრავალფეროვნების შეკვეცას ემსახურება.

თითოეულ პარტიას ეძლევა ერთნაირი განსაზღვრული დრო, 2–3 წუთი, რაც დამოკიდებულია პარტიების საერთო რაოდენობაზე. მასწავლებელი ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის მოსწავლეებს მათ მიერ პრეზენტაციების მომზადების პროცესში და ამცნობს მათ, რომ სამართლიანობის მიზნით, საჭიროა ამ მითითების მკაცრად დაცვა.

როგორც ამის შესახებ მითითებულია მასალაში მოსწავლეებისთვის 3.2, პარტიის წარმომადგენლებმა, რომლებიც სიტყვით გამოდიან უნდა მიმართონ იმ მოსწავლეებს, რომელთაც ჯერ არ გაუკეთებიათ საკუთარი არჩევანი. მათ უნდა ეცადონ, კონკურენცია გაუწიონ სხვა პარტიებს. მოსწავლეებს შეუძლიათ ფლაერებისა და პოსტერების გამოყენება.

ამ შეხვედრის შემდეგ ნებისმიერ მოსწავლეს, მიუხედავად იმისა, გაწევრიანებულია თუ არა რომელიმე პარტიაში, შეუძლია შეუერთდეს სხვა პარტიას, ან დატოვოს თავისი პარტია.

ეტაპი 3: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას განსჯისთვის – საყოველთაო კეთილდღეობა

ეს ინფორმაცია – მოკლე ლექცია, რომელიც აგებულია მასალა მოსწავლეებისთვის 3.4–ის მიხედვით – მოსწავლეების გამოცდილების მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის ცნებებთან დაკავშირებას ემსახურება. მოსწავლეების მიერ შექმნილ ინტერაქტიულ გარემოსა და მათ მიერ მიღებული გამოცდილების კონტექსტში, ლექციის ჩართვით, კონსტრუქტივისტული სწავლის პროცესი ერწყმის ინსტრუქციის სისტემატურ მიწოდებას.

მასალა მასწავლებლებისთვის 3ბ გვაწვდის ლექციის მოკლე მონახაზს.

მოსწავლეებმა შესაძლოა მოითხოვონ შემდგომი განმარტებები. სხვა შემთხვევაში არ არის მსჯელობის გამართვის აუცილებლობა, ვინაიდან მოსწავლეებს შემდეგ ეტაპზე მოუწევთ ამ სამუშაოს შესრულება.

ეტაპი 4: პარტიები ემზადებიან მოლაპარაკებებისთვის, იმუშავებენ სტრატეგიებს

მასწავლებელი მოსწავლეების ყურადღებას მიაპყრობს მასალა მოსწავლეებისთვის 3.2–ში მოცემულ გეგმას. მოცემულ გაკვეთილზე პარტიებს ეძლევათ შესაძლებლობა მოლაპარაკებები აწარმოონ ერთმანეთთან. შეუძლიათ მათ შექმნან ალიანსი, კოალიცია? გაიმართება მრგვალი მაგიდის სხდომა, რომელიც ყველა პარტიასა და ინდივიდუალურ მოსწავლეს მისცემს საშუალებას მოილაპარაკონ იმის თაობაზე, თუ რა არის მათთვის საყოველთაო კეთილდღეობა. ამ გაკვეთილის დასკვნით ეტაპზე, მოსწავლეები იმუშავებენ მოლაპარაკებებისთვის საჭირო სტრატეგიებს.

  • რომელ მიზნებს მიანიჭებენ ისინი უპირატესობას?
  • რომელი პარტიის ან პარტიების წინაშე უნდათ წარსდგნენ ორმხრივი მოლაპარაკებების პირველ რაუნდში?
  • დელეგაციის როგორ შემადგენლობაზე შეთანხმდება პარტია?

მოსწავლეები განაახლებენ შიდაპარტიულ მსჯელობებს. ისინი დამოუკიდებლად მუშაობენ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ თავად არ მოითხოვეს მასწავლებლის დახმარება.