გაკვეთილი 3: კვლევა: რას ფიქრობს ხალხი ჩვენ გარშემო და რა იციან მათ

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 3: კვლევა: რას ფიქრობს ხალხი ჩვენ გარშემო და რა იციან მათ

მოსწავლეები ატარებენ მცირე კვლევას ადამიანის უფლებების შესახებ

სწავლის მიზნები მოსწავლეები ცოდნას იძენენ მოზრდილებისათვის ინტერვიუების ჩამორთმევის საშუალებით, უსვამენ რა მათ კითხვებს ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული ცოდნისა და დამოკიდებულებების შესახებ. ისინი არკვევენ, რამდენად განსხვავებულად შეიძლება  შეფასდეს ადამიანის ცალკეული უფლება.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ადგენენ კითხვარს და, მომზადების მიზნით, ინტერვიუებს ართმევენ საკუთარ თანაკლასელებს. თავად გამოკითხვას მოსწავლეები საშინაო დავალების სახით ასრულებენ, შემდგომი კვირის განმავლობაში.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, კალმები და ფანქრები.
მეთოდები ჯგუფური კვლევა.

გაკვეთილის აღწერა

კლასს ახლა აქვს ადამიანის უფლებათა ჩამონათვალი (რომელიც ადამიანის უფლებათა არასრულ ჩამონათვალს წარმოადგენს). ამ ჩამონათვალიდან აშკარა ხდება, რომ ადამიანის უფლებათა ცნების შესახებ წარმოდგენის არქონის შემთხვევაშიც კი, ყველასათვის ცნობილია, რომ ადამიანებს აქვთ აუცილებელი მოთხოვნილებები და საჭიროებები, რომლებიც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მუხლებში შესული უფლებების ანალოგიურია. ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, მოსწავლეები ადამიანის უფლებათა შექმნის ისტორიას აღადგენენ, რომელიც არ შექმნილა განყენებულად, არამედ შექმნა იმ მოსაზრების საფუძველზე, რომ ყველა ადამიანს გააჩნია ძირითადი უფლებები, რომელთა ხელყოფასაც დაუშვებელია  ადგილი ჰქონდეს ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან.

წინამდებარე თავის მე-3 და მე-4 გაკვეთილების მსვლელობისას, მოსწავლეებს ევალებათ მოკლე გამოკითხვის წარმოება. გამოკითხვას მოსწავლეები აწარმოებენ იმ საზოგადოების წევრებს შორის, რომელსაც თავად მიეკუთვნებიან. მოსწავლეები ცდილობენ, გაარკვიონ, რა მოსაზრებები გააჩნიათ საზოგადოების წევრებს ადამიანის უფლებათა შესახებ, როგორ აფასებენ ისინი ადამიანის უფლებებს და, ზოგადად, რამდენად კარგად იცნობენ საზოგადოების წევრები ადამიანის უფლებებს.

მოსწავლეები თავად უკეთებენ კვლევას ორგანიზებას, თავად ცდილობენ წარმართვასა და შეფასებას, რომლის მიზანსაც წარმოადგენს იმის გარკვევა, თუ რა ადგილი უკავია ადამიანის უფლებებს იმ გარემოში, რომელშიც მოსწავლეებს უწევთ ცხოვრება. მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს სამუშაო ფურცლებს, რომლებშიც მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ ჩანაწერები, სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით გადანაწილებული, მათ კითხვებზე მიღებული პასუხების შესახებ, ეს კატეგორიებია: პირადი დამოკიდებულება ადამიანის უფლებებისადმი, ადამიანის უფლებების ცოდნის დონე და ქვეყანაში არსებული სიტუაცია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. მოსწავლეების მიერ ჩატარებული გამოკითხვისას, მათი რესპონდენტები უნდა იყვნენ მოზრდილი პირები (ნათესავები, მეგობრები, მეზობლები, ქუჩაში გამვლელები), რომლებსაც მოსწავლეების შემდეგ კითხვებს დაუსვამენ:

  • თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა მთელ მსოფლიოში დამკვიდრება? თუ მნიშვნელოვანია, რატომ? თუ არ არის მნიშვნელოვანი, რატომ?
  • ადამიანის რომელი უფლებები უნდა იყოს დაცული ყველაზე მეტად მთელ მსოფლიოში?
  • ვინ უნდა უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა?
  • ადამიანის რომელი უფლებები საჭიროებს დაცვას ჩვენს ქვეყანაში?
  • ვინ უნდა უზრუნველყოს ამ უფლებების დაცვა?

მოსწავლეები უნდა გავაფრთხილოთ, რომ მათ არ უნდა შეაფასონ რესპონდენტთა შეხედულებები და მოსაზრებები იმის მიხედვით, რამდენად სწორია თუ არასწორი ისინი და, ასევე, არ უნდა შეაფასონ რესპონდენტთა ცოდნის დონე. მათ მხოლოდ  პასუხების ჩანიშვნა ევალებათ.

ინტერვიუების წარმართვა არ არის მარტივი პროცედურა. მოსწავლეებს შეუძლიათ მოემზადონ ინტერვიუს ჩასატარებლად, საკლასო გარემოში ინტერვიუების სიმულირების საშუალებით, სადაც მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფი ასრულებს კორესპონდენტების როლს, ხოლო ორი მოსწავლე – ქუჩაში გამვლელი უცნობი პირების როლს. კლასში შესაძლებელია, აგრეთვე, მეგობრებთან ან ნათესავებთან ინტერვიუების ინსცენირებაც. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეებს არ დაავიწყდეთ საკუთარი თავის წარდგენა და პოტენციური რესპონდენტისათვის იმის ახსნა, თუ რას ემსახურება  ეს ინტერვიუ და რა არის მისი მიზანი. კლასში ინტერვიუების ინსცენირებისას, დანარჩენი მოსწავლეები უნდა დააკვირდნენ ინსცენირებაში მონაწილე მოსწავლეების ქცევებს, გააკეთონ კომენტარი და გამოთქვან მოსაზრებები ინტერვიუს წარმართვასთან დაკავშირებით, რაც უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ჩართულობას აქტივობაში.

რა უნდა გაითვალისწინონ მოსწავლეებმა?

  • როგორ უნდა მოხდეს ჩანაწერების გაკეთება?
  • როგორ უნდა გადანაწილდეს ფუნქციები ჯგუფის იმ წევრებს შორის, რომლებიც ინტერვიუზე ერთად მუშაობენ?
  • როგორ უნდა მოხდეს შედეგების წარდგენა მომავალ გაკვეთილზე?

მოსწავლეებს ინტერვიუს ჩასატარებლად ეძლევათ ერთი კვირა. რეკომენდებულია, ეს დავალება, რომელიც ინტერვიუს აღებას გულისხმობს, მოსწავლეთა მცირერიცხოვანი ჯგუფების მიერ იქნეს შესრულებული.