სავარჯიშო 1.1. – ბარათების დაწყვილება

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 1.1. – ბარათების დაწყვილება
საგანმანათლებლო  მიზანი მოცემული სავარჯიშო საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, მშვიდობიანად დაამყარონ  კონტაქტი სხვებთან.
შენიშვნა მასწავლებლებს შეუძლიათ, ეს სავარჯიშო ჯგუფში მოსწავლეების სწავლის მოთხოვნილებებისა და მოლოდინის შესაფასებლად გამოიყენონ.
რესურსები ბარათები, რომლებიც ქმნიან წყვილებს.

 

მსვლელობა

  1. მასწავლებელი მოსწავლეებს არეულად ურიგებს ბარათებს და სთხოვს, იპოვონ მოსწავლე, რომელსაც მისი ბარათის წყვილი ერგო.
  2. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ერთმანეთს იპოვიან, 5–10 წუთის განმავლობაში საუბრობენ, რათა ერთმანეთის შესახებ მოიპოვონ ძირითადი ინფორმაცია:
      • სახელი და გვარი
    • ინფორმაცია ოჯახის შესახებ
    • საცხოვრებელი ადგილი
    • საყვარელი ცხოველი, მუსიკალური ჯგუფი ან ფერი და ა.შ.
  3. მოსწავლეები ისევ ერთად იყრიან თავს. ყოველ მოსწავლეს ეძლევა საშუალება, კლასს წარუდგინოს თავისი პარტნიორი.1
  4. მოსწავლეები სხდებიან წრეზე. მოსწავლეების საუბარში გამოწვევის მიზნით, მასწავლებელი სთხოვს მათ, დაასახელონ, რა იყო მათთვის ახალი მიღებული ინფორმაციიდან და რამ გამოიწვია მათი გაკვირვება.

გაგრძელება

შეიძლება ამ სავარჯიშოს გაგრძელება. მაგალითად, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებთან მუშაობისას, სთხოვეთ, ერთად მოიყარონ თავი იმ მოსწავლეებმა, რომელთა საყვარელი ფერიც არის წითელი. მოსწავლეები ქმნიან პატარა ჯგუფებს და მსჯელობენ.

ალტერნატიული ვარიანტი

მოსწავლეები ირჩევენ თავიანთი პარტნიორის წარდგენის სხვადასხვა გზას, მაგალითად, მიმიკით და ჟესტების ენით, საკუთარი პარტნიორის შესახებ პოსტერის შექმნით, ან მათზე ლექსის დაწერით.

მასალა

ბარათები, რომელზეც გამოსახული ან დაწერილი იქნება ისეთი რამ, რაც სხვა ბარათზე გამოსახულის  ან დაწერილის  წყვილს ქმნის.

ბარათზე დაწერილი ან გამოსახული უნდა იყოს მარტივი ცნებები, რაც სირთულეს არ შეუქმნის მცირეწლოვან, ან  შეზღუდული აკადემიური შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებს, მონაწილეობა მიიღონ სავარჯიშოს შესრულებაში.

    ვარდი – ეკალი დღე – ღამე დანა – ჩანგალი ფეხსაცმელი – წინდა
    ნათელი – ბნელი მარილი – პილპილი კალამი – ფურცელი მაგიდა – სკამი
    ცხელი – ცივი მაღალი – დაბალი ძლიერი – სუსტი ზევით – ქვევით
    ჩართული – გამორთული ღია – დახურული დიდი – პატარა სწრაფი – ნელი
    სუფთა – ჭუჭყიანი უსწორმასწორო – გლუვი შეჩერდი – იარე დასაწყისი – დასასრული
    კარგი – ცუდი კი – არა მეგობარი – მტერი მსუქანი – გამხდარი
    მზე – მთვარე ძმა – და ბიჭი – გოგო

    1. ამის შესახებ მასწავლებელი მათ სავარჯიშოს დაწყებამდე ატყობინებს, რათა მოსწავლეებმა მოიპოვონ ის ინფორმაცია, რის შესახებაც მათ სურთ საუბარი პარტნიორის წარდგენისას.