გაკვეთილი 2: თქვენ რომ პრეზიდენტი იყოთ

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: თქვენ რომ პრეზიდენტი იყოთ

რისთვის არსებობს მთავრობა?

სწავლის მიზანი მოსწავლეებს შეუძლიათ, ახსნან მთავრობის პასუხისმგებლობები და ფუნქციები.
მოსწავლის დავალება მოსწავლეები წარმოიდგენენ, რომ ისინი ქმნიან მთავრობას. მათ უნდა მოიფიქრონ, თუ როგორ განკარგავენ სახელწიფო სახსრებს. მოსწავლეები მსჯელობენ სოციალურ იდეალებზე, რომლის მიღწევაც მნიშვნელოვანი იქნებოდა.
საჭირო მასალა დიდი ზომის ქაღალდი, მარკერები და პატარა ფურცლები ყოველი 4-6 კაციანი ჯგუფისათვის.
მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა პოსტერები. პრეზენტაციები. მცირე ზომის ჯგუფებში მუშაობა. მთელი კლასის დისკუსია.

ძირითადი ცნებები

დემოკრატიულ საზოგადოებაში მთავრობა საყოველთაო კეთილდღეობაზე ზრუნავს, რაც გულისხმობს უფრო მეტს, ვიდრე უმრავლესობის ინტერესების დაცვაა. საყოველთაო კეთილდღეობა საზოგადოების ყველა წევრის კეთილდღეობას ნიშნავს. ამ ცნების პრაქტიკული მნიშვნელობა განხილვის საგანს წარმოადგენს. სოციალურ იდეალებთან დაკავშირებით, სხვადასხვა, ხშირად ურთიერთდაპირისპირებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად, სოციალური კეთილდღეობა, უსაფრთხოება, სამართლიანობა, სოციალური ჰარმონია, ადამიანის უფლებები, მატერიალური კეთილდღეობა. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვით ნაწილში ამ საკითხების რეალური პრიორიტეტიზაცია რთულია. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობის განკარგულებაში არსებული რესურსები, როგორც წესი, მწირია.

გაკვეთილი

გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი მოსწავლეებს 4-6 კაციან ჯგუფებად ყოფს. თითოეულ ჯგუფს აქვს მარკერი და დიდი ზომის ფურცელი.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, წარმოიდგინონ, რომ მომავალში ცხოვრობენ და მათ სახელმწიფოს მართვა დაევალათ. სხვა სიტყვებით, ისინი მთავრობის წევრები არიან. მათი მთავრობის განკარგულებაშია 6 მილიარდი აშშ დოლარი (მასწავლებელს შეუძლია, ქვეყნის რეალური ბიუჯეტი დაუსახელოს მოსწავლეებს და ამ ბიუჯეტის ფარგლებში სთხოვოს მუშაობა).

ჯგუფების დავალებაა იმის განსაზღვრა, თუ როგორ უნდა დაიხარჯოს ეს ფული მომავალ წელს. მოსწავლეები იყენებენ დიდი ზომის ქაღალდებსა და მარკერებს და ქმნიან პოსტერს, რომელზეც ნაჩვენებია, თუ როგორ გაანაწილებს ფულს მთავრობა. მოსწავლეთა თითოეული ჯგუფი დანარჩენებს წარმოუდგენს თავის ნააზრევს. თითოეული პრეზენტაციის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთს შეკითხვებს უსვამენ.

მასწავლებელიც სვამს შეკითხვებს ისე, რომ მოსწავლეებს მიაწოდოს ახალი ინფორმაცია ქვეყნის ეკონომიკის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, მაგალითად:

  • ის თუ გაითვალისწინეთ, რომ ფულის ნაწილის გადახდა საჭირო იქნება უცხოური ვალების დასაფარად?
  • სამუშაო ადგილების შექმნაზე დახარჯავთ ფულს?
  • რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსათვის ფულის ხარჯვა განათლებაზე?

მასწავლებელი მუშაობს მთელ კლასთან ერთად, რომ ჩამოაყალიბოს იმ სფეროთა ნუსხა, რომელთა დაფინანსებაც მთავრობის საქმეა.

შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, დაუბრუნდნენ საკუთარ ჯგუფებს. მათ ურიგდებათ ფურცლები, რომლებზეც ჩამოწერილია დემოკრატიულ სახელმწიფოში მისაღწევი სოციალური იდეალები:

  • კეთილდღეობა;
  • უსაფრთხოება;
  • სამართლიანობა;
  • სოციალური ჰარმონია;
  • ადამიანის უფლებების დაცვა;
  • მატერიალური კეთილდღეობა.

ჯგუფებმა უნდა დააკავშირონ ეს იდეალები საბიუჯეტო დანახარჯებთან, რომლებიც უკვე გაწერეს.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, მთელი კლასის წინაშე წარმოადგინონ საკუთარი ანალიზის შედეგები. ბოლოს, მასწავლებელი შემდეგ შეკითხვას სვამს:

  • თქვენი აზრით, რა არის მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა?

საშინაო დავალება: ინფორმაციის მოპოვება იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება ქვეყანაში საბიუჯეტო სახსრები. ეს მონაცემები მოსწავლეებმა შეიძლება მოიძიონ სხვადასხვა წყაროდან. მომავალი გაკვეთილის დასაწყისში მოსწავლეები საკუთარი ძიების შედეგებს წარმოადგენენ და მსჯელობენ იმის შესახებ, თუ რამდენად ემთხვევა მათი პრიორიტეტები ქვეყნის ამჟამინდელი მთავრობის მიერ შერჩეულ პრიორიტეტებს.