გაკვეთილი 2: სამართლიანია?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 2: სამართლიანია?

უმცირესობები და უმრავლესობა  სკოლის სათამაშო მოედანზე (კვლევა)

სწავლის მიზნები მოსწავლეები აცნობიერებენ საკუთარ სკოლაში არსებულ სიტუაციას, შესვენებების პერიოდში სხვა მოსწავლეებზე დაკვირვების საშუალებით.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები ატარებენ კვლევას სკოლის სათამაშო მოედანზე, ითვლიან რა იმ მოსწავლეების რაოდენობას, რომლებიც სხვადასხვა სახის აქტივობაში არიან ჩართულნი. ისინი ინიშნავენ შედეგებს და ინტერვიუებს იღებენ იმ მოსწავლეებისაგან, რომლებიც არ არიან ჩართულნი არც ერთ აქტივობაში.
რესურსები მოსწავლეებისათვის განკუთვნილი სამუშაო ფურცელის ასლები, მათზე დატანილი, შენიშვნების გასაკეთებელი ცხრილით, სკოლის სათამაშო მოედანზე ჩანაწერების გასაკეთებლად, კალმები.
მეთოდები ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში მუშაობა.

ინფორმაცია

რაოდენობრივი და ხარისხობრივი კვლევა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე

მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდი – სტატისტიკა – სკოლებში რამდენიმე მიზეზის გამო ისწავლება: სტატისტიკა გამოსადეგია ყოველდღიურ ცხოვრებაში, იგი ინსტრუმენტულ ფუნქციას ასრულებს სხვა დისციპლინებში და  ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, როდესაც გამოიყენება რეალური მონაცემები.

სტატისტიკის სწავლება, დაწყებით საფეხურზე, როგორც წესი, ხორციელდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან კომბინირების საშუალებით, ან მათემატიკის შემადგენელი ნაწილის სახით. ბევრ შემთხვევაში, მონაცემთა შეგროვების რაოდენობრივი მეთოდის სწავლება, დაწყებით საფეხურზე, მხოლოდ ინსტრუმენტულ დონეზე რჩება და ძალიან იშვიათად მოიცავს შეგროვებულ მონაცემთა ანალიზსა და ინტერპრეტირებას. კრიტიკული აზროვნების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, რაოდენობრივი მეთოდის სწავლება არ უნდა შემოიფარგლებოდეს მხოლოდ შედეგების, ცხრილებისა და დიაგრამების პრეზენტაციით. მნიშვნელოვანია, ყურადღება გამახვილდეს მონაცემთა შეგროვების მეთოდებსა და გაკეთებულ აღმოჩენებს შორის კავშირზე და, საჭიროა, ასევე,  შედეგების ინტერპრეტირება.

ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის დაწყებით საფეხურზე, ამ პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ხარისხობრივი კვლევის დამატება მოსწავლეებს ეხმარება, უკეთესად აღიქვან ის, თუ რა განაპირობებს მონაცემთა შესახებ ჩანაწერების წარმოებას და რა უდევს მას საფუძვლად. ამ კონტექსტში რეკომენდებულია, მოსწავლეებს მივცეთ საშუალება, რათა მათ თავად შეადგინონ გამოკითხვისა და ინტერვიუებისათვის საჭირო კითხვები. ამგვარად, მოსწავლეებს ექმნებათ რეალური წარმოდგენა იმ საკითხზე, რომლის კვლევაც მიმდინარეობს. მომდევნო ორი გაკვეთილი აგებულია მოსწავლეთა პირადი ცხოვრებიდან აღებულ, რეალურ მონაცემთა გამოყენების ელემენტებზე და შედეგთა ინტერპრეტირებაზე.

 

 

გაკვეთილის აღწერა

მასწავლებელი მოსწავლეებს ყოფს ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად. თითოეული ჯგუფი ატარებს კვლევას სკოლის სათამაშო მოედანზე, შესვენებების დროს მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთ ასპექტზე.

ასპექტები, რომლის კვლევაც მოსწავლეებმა უნდა აწარმოონ, შესაძლებელია იყოს:

  • ვაჟებისა და გოგონების რაოდენობა, რომლებიც აქტივობებში არიან ჩართულნი;
  • სპორტული აქტივობების რაოდენობა;
  • სპორტული თამაშებისაგან განსხვავებული აქტივობების რაოდენობა;
  • განხილული საკითხები;
  • დაბალ და მაღალ კლასელთა განსხვავებული აქტივობები.

თითოეულ ჯგუფს უნდა დაევალოს ერთი ასპექტის კვლევა, რომლის საფუძველზეც გამოავლენენ სკოლაში არსებულ უმრავლესობისა და უმცირესობის ჯგუფებს. მოსწავლეთა ჯგუფებმა უნდა ჩამოაყალიბონ ერთი კითხვა კვლევის თემაზე, სადაც ყურადღება გამახვილებული იქნება მათი კვლევის ძირითად ობიექტზე. მათ თავიანთი ძირითადი კითხვა უნდა ჩაწერონ კვლევისათვის განკუთვნილი ცხრილის ნაბეჭდ ასლში.

ქვევით მოყვანილია კითხვების მაგალითები:

  • „რამდენი ვაჟი და რამდენი გოგონაა ჩართული აქტივობებში შესვენების დროს?“
  • „რა ტიპის სპორტული აქტივობებით არიან დაკავებულნი მოსწავლეები შესვენების დროს და ვინ არის ჩართული ამ აქტივობებში?“

დამატებით, მოსწავლეებმა უნდა ჩამოაყალიბონ მაქსიმუმ ხუთი კითხვისაგან შემდგარი კითხვარი, საკვლევ ასპექტთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელთა გამოყენებითაც ისინი გამოჰკითხავენ სხვა მოსწავლეებს სკოლის სათამაშო მოედანზე.

კითხვარში შესული კითხვების მაგალითებია:

  • „თქვენი აზრით, რატომ არის ამ აქტივობაში ჩართული მეტი ვაჟი/გოგონა ვიდრე გოგონა/ვაჟი?“
  • „თქვენი აზრით, რატომ არის ამ აქტივობაში ჩართული ნაკლები ვაჟი/გოგონა ვიდრე გოგონა/ვაჟი?“
  • „რის შეცვლას ისურვებდი?“

დიდი შესვენების დროს, მოსწავლეები გადიან სკოლის სათამაშო მოედანზე და აწარმოებენ თავიანთ კვლევას ჯგუფურად. კლასის ორგანიზების დონიდან გამომდინარე, კვლევისათვის საჭირო სამუშაოები შესაძლებელია გადანაწილდეს ჯგუფებს შიგნითაც (ორი მოსწავლე აწარმოებს ჩანაწერებს რაოდენობრივი შედეგების შესახებ, ხოლო დანარჩენი ორი მოსწავლე გამოკითხვას ატარებს ასპექტის ხარისხთან დაკავშირებით და აწარმოებს შესაბამის ჩანაწერებს).

კვლევის დასრულების შემდეგ, მოსწავლეები ბრუნდებიან თავიანთ საკლასო ოთახში და განიხილავენ შედეგებს, საკუთარი ჯგუფის წევრებთან ერთად, მცირე დროის განმავლობაში. როგორია მათი ზოგადი შთაბეჭდილება? არის შედეგებს შორის კავშირი?