თავი 1 (დაწყებითი სკოლა, 1 კლასი) – მე მაქვს სახელი – ჩვენ გვაქვს სკოლა

Living Democracy » Textbooks » თავი 1 (დაწყებითი სკოლა, 1 კლასი) – მე მაქვს სახელი – ჩვენ გვაქვს სკოლა

ა)   გაკვეთილის გეგმა

  ძირითადი კითხვა/ გაკვეთილის თემა ძირითადი ამოცანა რესურსები

გაკვეთილი 1

მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთის სახელებს.

მოსწავლეები წარადგენენ ერთმანეთს სახელებით.

ფერადი ქაღალდის ფურცლები

გაკვეთილები 2 და 3

რამდენად მრავალფეროვანია ჩვენი კლასი?

მოსწავლეები ქმნიან ყვავილებს, შუაში თავიანთი ფოტოსურათებით. ამ ყვავილებისაგან ადგენენ თაიგულს.

ფერადი ქაღალდის ფურცლები, ყველა მოსწავლის პატარა ფოტოსურათები, ერთი დიდი ფორმატის ფურცელი

გაკვეთილი 4

რა ვიცით ერთმანეთის შესახებ

პლენარულ სესიაზე განხილვა

(დასრულებული პოსტერი)

 

ბ)   საფუძველი და  საგანმანათლებლო მიზნები

მოსწავლეები ეცნობიან ერთმანეთს სახელებით. ისინი აცნობიერებენ, რომ თითოეულმა მათგანმა დაბადებისთანავე მიიღო სახელი, რომელიც მათ სხვებისაგან განასხვავებს. ასევე, აცნობიერებენ, რომ მათი სახელები მათ საკუთრებას წარმოადგენს და მათი ჩამორთმევა არავის შეუძლია.

V5_P7

მოსწავლეებს ესმით, რომ სხვადასხვა სახელი პიროვნებებს ერთმანეთისაგან განასხვავებს, და ყველა ერთად, ყვავილების დიდი და ლამაზი თაიგულის მსგავსად, ერთ კლასს ქმნის. ყვავილების თაიგულის ნაცვლად, შეგიძლიათ, მოსწავლეებს შესთავაზოთ წვიმის წვეთების ან მატარებლის ვაგონების, მუსიკალური ნოტების, ასაწყობი თავსატეხის შემადგენელი ნაწილების და ა. შ. დამზადება  ცენტრში მათი ფოტოებით. ყველა შემთხვევაში, ერთი რამ ცხადი უნდა იყოს: ჩვენ ყველანი ერთად  უფრო მეტს წარმოვადგენთ, ვიდრე მხოლოდ შემადგენელი ნაწილები. ჩვენ ერთად თაიგულს ვქმნით, ან ღრუბელს, ან ტბას, ან მატარებელს, მელოდიას, რაიმე სრულყოფილ სურათს და ა.შ.

მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ კლასი შეადგენს შემსწავლელთა საზოგადოებას.

მოსწავლეებს ესმით და აფასებენ იმას, რომ სკოლა მათ ეხმარება მოცემულ მომენტში – და დაეხმარება მომავალშიც – რათა თითოეულმა მათგანმა, და ყველამ ერთად, მეტი ისწავლოს და მეტი ცოდნა და უნარები შეიძინოს.

ისინი აღმოაჩენენ, რომ სკოლაში სიარული მხოლოდ მოვალეობას არ წარმოადგენს, სკოლის შექმნა უკავშირდება მათ უფლებას, იარონ სკოლაში და მიიღონ განათლება, ხოლო მშობლები, მასწავლებლები და სახელმწიფო უზრუნველყოფს მათი ამ უფლების დაცვას.

გ)   ძირითადი კითხვები 1 თავის  შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოში და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

სკოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილს შეადგენს; კლასი, თავისთავად, მიკროსაზოგადოებაა. მისი სიმბოლო მოსწავლეების მიერ დამზადებული თაიგულია.

მოცემული თავის გავლისას, მოსწავლეები ერკვევიან ბავშვის იმ უფლებებში, რომლებიც  აქ მოყვანილ მუხლებშია მოცემული.

მუხლები 7 და 28 ( იხ. დანართი: გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია ბავშვის უფლებების შესახებ)

მოსწავლეები მონაწილეობენ გადაწყვეტილების მიღებაში იმასთან დაკავშირებით, თუ სად გამოფინონ მათ მიერ შექმნილი პოსტერი ყვავილების თაიგულით.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

ყველა ჩვენთაგანი განსაკუთრებულია.

ყველა მოსწავლეს სიხარულით ხვდებიან კლასში.

დასანანი იქნება, თუ რომელიმე ჩვენგანს გაკვეთილების გაცდენა მოუწევს.

ჩვენ ყველას თანაბარი უფლებები გვაქვს.

ჩვენ, ბავშვებს, განსაკუთრებული უფლებები გვაქვს:

ჩვენ გვაქვს სახელი, რომლის ჩამორთმევაც ჩვენთვის არავის შეუძლია (მუხლი 7).

ჩვენ გვაქვს უფლება, ვიაროთ სკოლაში და ვისწავლოთ წერა-კითხვა. (მუხლი 28) სკოლის დახმარების გარეშე, შემდგომ ცხოვრებაში, ვერავინ შეძლებს სამსახურის შოვნას.

მე ახლა ვიცი, რომ თავს უკეთ ვგრძნობ, როგორც კლასის ერთ-ერთი მოსწავლე; ჩვენ ერთად კარგი გუნდი ვართ.

მე ვეცდები, დავეხმარო სხვა მოსწავლეებს, რათა მათ თავი ისევე კარგად იგრძნონ კლასში, როგორც მე ვგრძნობ.

დ)   მსვლელობა

გაკვეთილი 1

მოსწავლეები სხდებიან წრეზე. ამ წრის შუაში, იატაკზე, განლაგებულია გულების ფორმაზე გამოჭრილი ფერადი ქაღალდის ფურცლები. თითოეულ  გულზე თითო მოსწავლის სახელი წერია და თითოეულ მათგანზე მობმულია ბაფთა. ერთ-ერთ გულზე მასწავლებლის სახელი წერია და იგი სხვა გულების შუაშია მოთავსებული.

მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს, რათა მათ ერთმანეთთან დიალოგი გამართონ:

  • ყველამ ვიცით ერთმანეთის სახელები? ვინ ვინ არის?
  • თითოეული მოსწავლე იღებს თითო  გულს, რომელზეც სხვა მოსწავლის სახელი წერია. რა მომწონს მე ამ ბავშვში? რა გაგვიკეთებია ერთად? რა დამაკლდებოდა, აქ რომ არ იყოს?
  • სხვა კითხვები, რომლებიც შეიძლება ჩავრთოთ მოსწავლეების საუბარში: რას იტყოდა სხვა ვინმე ამ ბავშვის შესახებ, მაგალითად, მასწავლებელი, ოჯახის რომელიმე წევრი, როგორ დაახასიათებდა იგი საკუთარ თავს, როგორ დაახასიათებდა მას მისი მეგობარი, საკლასო ოთახში მყოფი რომელიმე პირი, სკოლა ან საზოგადოება?

ყველა მოსწავლე საუბრობს კლასის სხვა რომელიმე მოსწავლეზე და გულს, რომელზეც ამ მოსწავლის სახელი წერია, გადასცემს მას.

ყველა მოსწავლე ინახავს გულს, რომელზეც მისი საკუთარი სახელი წერია. (ეს გაგრძელდება მომდევნო გაკვეთილებზეც მანამ, სანამ მოსწავლეები ერთმანეთს უკეთ არ გაიცნობენ.)

მასწავლებელი სვამს შეკითხვას: „რატომ შევარჩიე სხვადასხვა ფერის ფურცლები და ყველას სახელი ერთი ფერის ფურცელზე რატომ არ დავწერე?“

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, შემდეგ გაკვეთილზე საკუთარი პატარა ფოტოსურათები მოიტანონ (მასწავლებელს, ამის ნაცვლად, შეუძლია თავად გადაუღოს ფოტოები მოსწავლეებს).

გაკვეთილები 2 და 3

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს: მსოფლიოს ყველა ბავშვი ერთმანეთისაგან განსხვავდება. თითოეული ბავშვი განსაკუთრებულია თავისი გარეგნობით, მახასიათებლებით, ხასიათით, სახელით!

ბავშვებს აქვთ თავიანთი უფლებები – „ბავშვის უფლებები“, რომელიც აღიარებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის მიერ. ეს უფლებები ერთმანეთისაგან განსხვავდება, მაგალითად:

  • ბავშვს აქვს უფლება, ჰქონდეს სახელი (მუხლი 7);
  • ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს განათლება სკოლაში (მუხლი 28).

ვინმემ რომ მოგმართოთ, ამისათვის უნდა გქონდეთ სახელი. ამრიგად, მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ერთმანეთის სახელები!

დისკუსია კლასში. დასკვნა: ყველა ჩვენგანი, ჩვენი განსხვავებული მახასიათებლებით, განსხვავებული ხასიათით, განსხვავებული გარეგნობით, ვქმნით ამ კლასს.

ჩვენ უნდა შევქმნათ ჩვენი კლასის სურათი, არა გულებით, არამედ ყვავილებით. საყვავილე წარმოადგენს სკოლას, სკოლის შენობას ან ჩვენს საკლასო ოთახს; ხოლო ყოველი ჩვენგანი არის ყვავილი. ჩვენ გარეშე სკოლაც არ იქნებოდა, სკოლა ცარიელ საყვავილეს დაემსგავსებოდა.

მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს დავალების შესრულებისას განსახორციელებელ პროცედურათა თანმიმდევრობას:

  • თითოეული მოსწავლე მუშაობს საკუთარი ყვავილის შექმნაზე.
  • ისინი აფერადებენ ყვავილის ფურცლებს და თავიანთ ფოტოებს ყვავილის გულის ადგილზე აკრავენ.
  • ყვავილები ერთად გროვდება და კეთდება თაიგული.
  • მოსწავლეები თაიგულს აკრავენ პოსტერზე.
  • ამგვარად, ჩვენ ჩვენი კლასის ფერად პოსტერს ვქმნით.

მოსწავლეებს ეძლევათ დრო დასაფიქრებლად, მათ უნდა წარმოიდგინონ, როგორი უნდა იყოს პოსტერი და გამოთქვან მოსაზრებები. მასწავლებელი ისმენს და ინიშნავს მათ მოსაზრებებსა და იდეებს. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს თავისუფლად გამოთქვამენ, სავარაუდოდ, შემდეგ კითხვებზე პასუხების სახით:

  • რას აღნიშნავს თითოეული ყვავილი?
  • რას აღნიშნავს საყვავილე?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი, გქონდეს სახელი?

იმის მიხედვით, თუ რა დრო ეძლევათ მოსწავლეებს დავალების შესასრულებლად და რა სამუშაო მასალა აქვს მათთვის მომზადებული მასწავლებელს, მოცემული აქტივობა შესაძლებელია რამდენიმე განსხვავებული გზით წარიმართოს, მაგალითად:

  • მოსწავლეებს შეუძლიათ თავად დახატონ, გამოჭრან და მორთონ ყვავილები, ან მათ მასწავლებელი აძლევს უკვე გამოჭრილ ყვავილებს, რომლებსაც ისინი საკუთარი გემოვნებით აფორმებენ.
  • მასწავლებელს მომზადებული აქვს ყვავილების გულები, მოსწავლეები თავად ქმნიან ყვავილის ფურცლებსა და გვირგვინს.
  • მოსწავლეების ფოტოები ამოჭრილია ისე, რომ მათი სახეები ყვავილის გულებს მოერგოს.

მოსწავლეები, რომლებიც სხვებზე ადრე დაასრულებენ სამუშაოს, აკეთებენ სხვა ყვავილებს, მოსწავლეთა  ფოტოების გარეშე.

ბოლოს ერთ-ერთი საკლასო ოთახის კედელი დასათაურებულია –  „საკლასო ბუკეტი“.

საყვავილეზე წარმოდგენილია მოკლე ვერსია ბავშვთა იმ უფლებებისა, რომლებიც გაკვეთილის განმავლობაში იქნა ნახსენები (მუხლი 7 და მუხლი 28).

გაკვეთილი 4

გარემო:

  • პოსტერი, რომელზეც მოსწავლეების მიერ გაკეთებული ყვავილების თაიგულია დატანილი, გამოფენილია დაფაზე ან საკლასო ოთახის კედელზე.
  • მოსწავლეები სხედან დიდ ნახევარწრეზე; კლასში, სადაც ბევრი მოსწავლეა, შესაძლებელია, მოსწავლეები ორ ნახევარწრეზე განლაგდნენ. ყველა მოსწავლე კარგად უნდა ხედავდეს პოსტერს.

მოსწავლეები ფიქრობენ, როგორ გასცენ პასუხი შემდეგ კითხვებს:

  • რისი კეთება მომეწონა ამ დავალების შესრულების დროს?
  • რა ვისწავლე?
  • რა ვიცი სხვა მოსწავლეების შესახებ?
  • რა ვიცი მასწავლებლის შესახებ?

მასწავლებელი უძღვება მოსწავლეებს შორის  მოსაზრებებისა და კომენტარების გაცვლა-გამოცვლის პროცესს.

გაკვეთილის ბოლოს, მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის გარკვეულ ინფორმაციას ბავშვთა უფლებების შესახებ. იგი კონკრეტულად ეხება ბავშვთა უფლებების ორ მუხლს, რომელიც საყვავილეზეა დატანილი. მასწავლებელი მოსწავლეებს ამცნობს 20 ნოემბრის შესახებ, რომელიც ბავშვთა საყოველთაო დღედ არის ცნობილი.

მასწავლებელი კლასთან ერთად განიხილავს, თუ სად შეიძლება გამოიფინოს პოსტერი, სკოლის დერეფანში თუ  სკოლის შემოსასვლელ ჰოლში. მოსწავლეები მსჯელობენ, თუ სად უნდა განთავსდეს პოსტერი, რათა სკოლაში მოსულ ყველა ადამიანს ჰქონდეს მისი ნახვის შესაძლებლობა; მსჯელობენ იმაზე, თუ როგორ უნდა მოიქცნენ იმ შემთხვევაში, თუ მათ კლასს ახალი მოსწავლე შეემატება.