მოსწავლის სამუშაო ფურცელი 7.1: როგორ იწერება სტატია

Living Democracy » Textbooks » მოსწავლის სამუშაო ფურცელი 7.1: როგორ იწერება სტატია

სტატიის სტრუქტურა

1. სათაური

სტატიას სჭირდება სათაური. სათაურის ფუნქციაა, გააღვივოს მკითხველის ინტერესი იმდენად, რომ  სტატიის წაკითხვა მოუნდეს.

გაზეთის მკითხველი თვალს ავლებს გაზეთს და არჩევს იმ სტატიას, რომლის წაკითხვაც სურს. შესაბამისად, სტატიის სათაური უნდა იპყრობდეს მკითხველის ყურადღებას. ტექსტიდან ცხადად გამოყოფილი სათაური უნდა იყოს მოკლე, დიდი და გამუქებული ასოებით დაბეჭდილი.

2. შესავალი

სტატიის პირველი აბზაცი არის შესავალი. როგორც წესი, პირველი აბზაცის ასოები გამუქებულია ხოლმე.

პირველი აბზაცი მკითხველს აწვდის ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას; აქ მოცემულია პასუხები მკითხველის ძირითად შეკითხვებზე.

სტატიაში, რომელიც უფრო ემოციურია, ვიდრე ფაქტობრივი, პირველი აბზაცი არის სიტუაციის აღწერა. ასეთ შემთხვევაში, მკითხველის ინტერესის გაღვივება ხდება უფრო სტილისტური საშუალებებით, ვიდრე ფაქტებით.

3. ენა და სტილი

ენის სწორი გამოყენება გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჟურნალისტური ფორმა ან სტილი. თუ გაზეთს აღვიქვამთ, როგორც სახლს, მაშინ ჟურნალისტური წერის სხვადასხვა ფორმა შეიძლება სხვადასხვა ტიპის ავეჯად მივიჩნიოთ; სიტყვები კი ის აგურები იქნება, რომლითაც სახლია ნაშენები.

მაშინ, როცა თავის გატანა ავეჯის გარეშეც შეგვიძლია, შეუძლებელია აგურების გარეშე ცხოვრება. ემოციური სტატიები ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. მაგრამ აქაც სიფრთხილეა საჭირო, არ უნდა გადავამლაშოთ.

მივედით წინადადებამდე. წინადადებები უნდა იყოს მოკლე და მარტივი. რთულია იმ წინადადებების გაგება, რომლებიც 14-ზე მეტი სიტყვისაგან შედგება. 25 და მეტი სიტყვისაგან შემდგარი წინადადებების გაგება კი მკითხველთა უმეტესობისათვის შეუძლებელია. ყოველთვის ეცადეთ, თავი აარიდოთ რთულ წინადადებებს, ბევრი მძიმეებით და დამოკიდებული წინადადებებით. ყოველთვის დაწერისთანავე გადაიკითხეთ წინადადება. ადვილად გასაგებია? ზედმეტი სიტყვები ხომ არ არის?

სიტყვების არასწორი წერა მკითხველისათვის გამაღიზიანებელია. როცა ადამიანი შეცდომით დაწერილ სიტყვას ხედავს, მას ეკარგება კონცენტრაცია წინადადების ძირითად არსზე . სტატიისათვის საბოლოო ფორმის მიცემა გულისხმობს მის ყურადღებით გადაკითხვას, სიტყვებისა და გრამატიკული წყობის სისწორის შესამოწმებლად, ინფორმაციის უტყუარობის დასადასტურებლად და სტილისტურად გამართვის მიზნით.