გაკვეთილი 1: სუპერგმირი?

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: სუპერგმირი?

რა პოზიცია უნდა ეკავოს კლასის ხელმძღვანელს?

სწავლის მიზნები მოსწავლეები მსჯელობენ პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების გადაცემის კონცეფციებზე, სკოლის ხელმძღვანელის პოზიციის მაგალითზე.
მოსწავლის ამოცანა მოსწავლეები განიხილავენ პასუხისმგებლობებს, კომპეტენციებსა და პოზიციას, რომელსაც უნდა ფლობდეს კლასის ხელმძღვანელი.
რესურსები ფლიპჩარტი, კალმები, მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, სუპერგმირის დიდი ფორმატის სურათი.
მეთოდები დამოუკიდებელი სამუშაო, ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილის აღწერა

მოსწავლეებს ურიგდებათ სამუშაო ფურცლები „სუპერგმირის“ გამოსახულებით. მათ ამოცანას წარმოადგენს „სუპერგმირის“ გარშემო მოცემულ ცარიელ უჯრებში იმ კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების ჩაწერა, რომელსაც კლასის ხელმძღვანელი უნდა ფლობდეს. მოსწავლეებს, ამ დავალების დამოუკიდებლად შესასრულებლად, ეძლევათ 10 წუთი.

მას შემდეგ, რაც ისინი დავალებას შეასრულებენ, მოსწავლეები ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებში ნაწილდებიან და განიხილავენ საკუთარ და თანაგუნდელების მიერ შესრულებულ სამუშაოს. ჯგუფის წევრები უნდა შეთანხმდნენ ყველაზე მართებულ და შესაბამის მახასიათებლებზე, კომპეტენციებსა და პასუხისმგებლობებზე, რომელსაც უნდა ფლობდეს კლასის ხელმძღვანელი. საკუთარი გადაწყვეტილებები მოსწავლეთა ჯგუფების წევრებმა უნდა დაიტანონ ფურცლებზე.

ყველა ჯგუფმა მის მიერ შედგენილი ჩამონათვალი უნდა მიაკრას დაფაზე ან ფლიპჩარტზე განთავსებული „სუპერგმირის“ სურათს. მოსწავლეები ერთვებიან მასწავლებლის მიერ ინიცირებულ დისკუსიაში, რომლის დროსაც განიხილავენ შემდეგ საკითხებს:

  • რომელია უმთავრესი კომპეტენცია, რომელსაც უნდა ფლობდეს კლასის ხელმძღვანელი?
  • რა სიტუაციაში დასჭირდება კლასის ხელმძღვანელს სხვების მხარდაჭერა?
  • აუცილებელია კლასის ხელმძღვანელი სუპერგმირი იყოს?
  • რა სიტუაციებში უნდა იყოს კლასის ხელმძღვანელი ყველა დანარჩენი მოსწავლის ამპლუაში?
  • რა სისუსტეები შეიძლება ახასიათებდეს კლასის ხელმძღვანელს?
  • რა გარემოებების არსებობისას არის შესაძლებელი კლასის ხელმძღვანელის ჩანაცვლება? როგორ უნდა გახორციელდეს ეს?
  • რა სურვილებსა და მისწრაფებებზე უნდა თქვას უარი კლასის ხელმძღვანელმა?

დისკუსიის შემდეგ მოსწავლეებს ეძლევათ დავალება, დაფიქრდნენ კლასის ხელმძღვანელად წარმოუდგენიათ თუ არა საკუთარი თავი. მათ უნდა გაითვალისწინონ ის პასუხისმგებლობები და კომპეტენციები, რომლის შესახებაც იმსჯელეს და შეაფასონ, შეძლებენ თუ არა, თავი გაართვან კლასის ხელმძღვანელის ვალდებულებებს. მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ფურცელს და სთხოვს, ამ ფურცელზე დაწერონ საკუთარი სახელი და გვარი იმ შემთხვევაში, თუ მიაჩნიათ, რომ შეძლებენ კლასის ხელმძღვანელის ფუნქცია იტვირთონ და თუ დაინტერესებულები არიან ამით.