მასალა მოსწავლეებისთვის 7.1: მაჟორიტარული წესი – უმცირესობისათვის უსამართლოა? მაგალითი

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 7.1: მაჟორიტარული წესი – უმცირესობისათვის უსამართლოა? მაგალითი

სპორტულ კლუბში უმრავლესობა ფრენბურთის მოყვარულია და შედარებით მცირე რაოდენობით ჭადრაკის მოყვარული. ორივე ჯგუფი მონაწილეობს ჩემპიონატში და ორივემ წარმატებით მოახერხა ახალი წევრების მოზიდვა. ყოველი წევრი ყოველწლიურად თანაბარი ოდენობის საწევროს იხდის. წელიწადში ერთხელ, ტარდება შეხვედრა, სადაც წევრები ხმის უმრავლესობით იღებენ გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორ გამოიყენონ დაგროვილი თანხა. ფრენბურთის მოთამაშეებს მოთხოვნების გრძელი სია აქვთ, ახალი ბურთების შეძენა რეგულერულად, ახალი აღჭურვილობა მათი გუნდისთვის და ფრენბურთის მოედანის განახლება. ჭადრაკის მოთამაშეებს სჭირდებათ საწვრთნელი მასალა დამწყებთათვის, წიგნები და ჟურნალები და აგრეთვე უფრო დიდი სივრცე და მეტი ჭადრაკის დაფა ფიგურებით, მაგიდები  და სკამები, რაც ჭადრაკის მოთამაშეთა მზარდ რაოდენობას დააკმაყოფილებს.

როგორც ფრენბურთელთა, ასევე მოჭადრაკეთა წარმომადგენლები კრებაზე სიტყვით გამოდიან და აყალიბებენ მათი გუნდების მოთხოვნებს. შემდეგ მიმდინარეობს გადაწყვეტილების მიღება ხმათა უმრავლესობით. ყოველ წელს მოჭედრაკეებს ხმათა რაოდენობით ფრენბურთელები ამარცხებენ. მთელი თანხა ხმარდება ფრენბურთელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებას და მოჭადრაკეებს უწევთ იმას დასჯერდნენ რაც აქვთ.

მოჭადრაკეები იმედგაცრუებულნი არიან და მათი მოთმინების ფიალა აივსო. მათ მიერ შეტანილი თანხებიც ხომ ფრენბურთელების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ხმარდება. ისინი თავს მეორეხარისხოვან წევრებად გრძნობენ. ზოგიერთმა მათგანმა უკვე გამოთქვა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ცალკე კლუბად გამოეყონ ფრენბურთელებს.

ფრენბურთელთა უმრავლესობას ამის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. მართვის სადავეები უმრავლესობის ხელშია – ეს არის დემოკრატია. თუ ხმების რაოდენობით დამარცხდი – ეს თამაშის ნაწილია. მაგრამ ფრენბურთელთა გუნდის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს რომ, ეს მიდგომა ძალიან მარტივია, და სამართლიანი თამაში გულისხმობს, რომ მოჭადრაკეთა ინტერესებიც უნდა იყოს გათვალისწინებული. მაგრამ როგორ?

Takingpart_EN.pdf

სპორტული კლუბის სტრუქტურა პლურალიზმის მარტივი მაგალითია. პლურალისტულ საზოგადოებებს ერთნაირი სტრუქტურა აქვთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ისინი უფრო რთულ სტრუქტურებს წარმოადგენენ. სხვადასხვა ჯგუფს სხვადასხვა ინტერესები აქვს, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთს უპირისპირდებოდეს. რაც უფრო რთული აგებულების არის საზოგადოება, მით უფრო დიდია ინტერესთა კონფლიქტის ალბათობა. დემოკრატია და ადამიანის უფლებები ამ კონფლიქტთა სამართლიანი, და აქედან გამომდინარე, მშვიდობიანი მოგვარების საშუალებებს გვთავაზობს.

მაგალითი მოყვანილია დევიდ მილერის, პოლიტიკური ფილოსოფიიდან. ძალიან მოკლე შესავალი. ოქსფორდი, 2003, გვ. 5.