თავი 6: ძალაუფლება და ხელისუფლება – მე ვწყვეტ ყველაფერს! არის კი ეს ასე?

Living Democracy » Textbooks » თავი 6: ძალაუფლება და ხელისუფლება – მე ვწყვეტ ყველაფერს! არის კი ეს ასე?

თავი 6: ძირითადი ცნება – „ძალაუფლება და ხელისუფლება“ (დაწყებითი საფეხურისათვის)

ინფორმაცია მასწავლებლებისათვის: ლეგიტიმური ძალაუფლება – უფლებამოსილების გადაცემის პრინციპები დაწყებით საფეხურზე?

მოსწავლეებს, რომლებიც 10 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფს განეკუთვნებიან, აბსტრაქტული აზროვნების უნარი გააჩნიათ. მათ შეუძლიათ საკუთარ გარემოში არსებული სტრუქტურების აღქმა, თავიანთი სტრუქტურების ჩამოყალიბება და, ასევე, შეუძლიათ თავიანთი ინტერესები სხვათა ინტერესებისაგან განასხვაონ. ასაკის მატებასთან ერთად, მათ ეს სულ უფრო და უფრო უკეთ გამოსდით.

10 წლის ასაკიდან მოსწავლეები იწყებენ სივრცესა და დროს შორის არსებული კავშირის გაცნობიერებას, მათ უვითარდებათ განწყობის აღქმისა და გამოხატვის უნარი და ნორმების აღქმის უნარი. ამ ასაკის მოზარდები უკვე კარგად იცნობენ იმ გარემოს, რომელშიც უწევთ ყოფნა და უდიდეს ინტერესს ავლენენ იმის მიმართ, რაც მათთვის ჯერ შეუცნობლად რჩება. სოციალური სისტემების (ასოციაციები, კლუბები, ახალგაზრდული დაჯგუფებები და ა.შ.) მათეული აღქმა უფრო დეტალური ხდება და, შესაბამისად, მეტი მოტივაცია უჩნდებათ და მეტად არიან ჩართული სხვა ადამიანების დაცვისა და თავიანთი ინტერესების გატარების საქმეში.

ამ ასაკის მოსწავლეებისათვის  კლასისა და სკოლის საზოგადოებრივი ცხოვრება მეტ მნიშვნელობას იძენს. როგორ არის ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრება? რომელი წესებია მნიშვნელოვანი? ვინ ადგენს ამ წესებს და ვინ ამტკიცებს მათ? ვინ ფლობს ამ წესების შეცვლისათვის საჭირო ძალებს?

ამ კითხვებზე პასუხების ძიებისას, საჭიროა ფლობდე არა მხოლოდ ცოდნას მოცემული საზოგადოების – ან უფრო ფართო გაგებით, სახელმწიფოს – პოლიტიკური სისტემების შესახებ, არამედ, აგრეთვე, ამ საზოგადოების შიგნით არსებულ სტრუქტურებსა  და მის ფარგლებში მიმდინარე პროცესებზე გავლენის მოხდენის უნარს – სხვა სიტყვებით რომ გადმოვცეთ, საჭიროა „ცხოვრობდე“ დემოკრატიულად.

ბავშვის ასაკობრივი ფსიქოლოგიის თვალსაზრისით, მოზარდების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მათ მონაწილეობის საშუალებას მისცემს სკოლის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროცესებსა და პროექტებში, განსაკუთრებით, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო საფეხურის პირველ ეტაპზე. მოზარდებს შეუძლიათ, აღიქვან პოლიტიკური პროცესების ციკლი და ჩასწვდნენ გადაწყვეტილების მიღების პროცესის არსს. გარდა ამისა, მოზარდთა ამ ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაფერის გადაწყვეტილებათა უმრავლესობა საზოგადოებრივ დონეზე არსებულ საკითხებს ეხება (როგორიცაა, გზებზე მოძრაობა, გასართობი საშუალებები და ა.შ.). მოსწავლეებს შეუძლიათ, სათანადო დონეზე ჩასწვდნენ საკითხის არსს, თუ მათ ეძლევათ იმის შესაძლებლობა, რომ სოციალური პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარ თავზე და თუ ისინი  პასუხისმგებლობას გრძნობენ სასკოლო ცხოვრების გარკვეულ ასპექტებზე. უფლებებით აღჭურვისა და ამ უფლებებით სარგებლობის პირობებში, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობისა და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უამრავი  გამოცდილების დაგროვება შეუძლიათ. რაც უფრო მეტი რეალური გამოცდილება უგროვდებათ ამ ასაკის მოსწავლეებს და რაც უფრო მეტ სიტუაციაში ეძლევათ პოლიტიკურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა, მით უფრო მაღალია იმის ალბათობა, რომ შემდგომ ცხოვრებაში ისინი აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ გადაწყვეტილების მიღების პროცესებში და საზოგადოებისადმი მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა ჩამოუყალიბდებათ.

ძალაუფლებისა და ხელისუფლების – უფლებამოსილების გადაცემის პრინციპის – გაცნობიერება ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია. წინამდებარე თავში შესული გაკვეთილების მიზანს წარმოადგენს სკოლაში მიმდინარე იმ პოლიტიკური პროცესების ვიზუალიზაცია, რომლებიც სკოლის ფარგლებს გარეთ მიმდინარე რეალური პროცესების ანალოგიურია. ამ თვალსაზრისით, კლასის ხელმძღვანელის არჩევის პროცესი არ უნდა განიხილებოდეს როგორც განყენებული მოვლენა, არამედ მოვლენა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც მოდელი. სკოლაში განხორციელებული ისეთი აქტივობებისაგან განსხვავებით, როგორიცაა იმიტირებული არჩევნები, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ ძალაში დატოვონ ან გააუქმონ მისი შედეგები, კლასის ხელმძღვანელის არჩევა უნდა წარმოადგენდეს პროცესს, რომელსაც გავლენა ექნება სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

დემოკრატიული მოქალაქეობისათვის განათლების მიზანს წარმოადგენს კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობა სამ სფეროში: მოცემულ თავში, ამ კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისით, შედეგი სურათი გვაქვს:

კომპეტენცია …
… პოლიტიკური ანალიზი და განსჯა … მეთოდის გამოყენება … პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება და მოქმედება
** *** **
დამხმარე ინსტრუმენტები
წინამდებარე თავში გამოიყენება ქვევით მოცემული ინსტრუმენტები, მოსწავლეთათვის განკუთვნილი დამხმარე ინსტრუმენტებიდან. მასწავლებელმა უნდა გადაწყვიტოს, სჭირდება თუ არა ყველა მოსწავლეს ან ზოგიერთ მოსწავლეს დამატებითი ინსტრუქციები, მოცემული ინსტრუმენტებით სარგებლობასთან დაკავშირებით.
0 ინფორმაციის მოძიება ბიბლიოთეკებში
0 ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში
0 ინტერვიუებისა და კვლევების წარმართვა
0 გამოსახულებებისა და სურათების ინტერპრეტირება
0 გონებრივი ვიზუალიზაცია/წარმოსახვა
0 პოსტერების შექმნა
0 გამოფენების მოწყობა
X პრეზენტაციების დაგეგმვა და გამართვა
0 პრეზენტაციების გამართვა სლაიდების და PowerPoint-ის პროგრამის თანხლებით
0 საგაზეთო სტატიების დაწერა
0 წარმოდგენების გამართვა
X დებატების წარმოება

თავი 6: ძალაუფლება და ხელისუფლება

მე ვწყვეტ ყველაფერს! არის კი ეს ასე?
ლეგიტიმური ძალაუფლება – უფლებამოსილების გადაცემის პრინციპები დაწყებით საფეხურზე?

გაკვეთილის თემა სწავლის მიზნები მოსწავლის ამოცანა რესურსები მეთოდები

გაკვეთილი 1:

სუპერგმირი?

მოსწავლეები მსჯელობენ პასუხისმგებლობისა და უფლებამოსილების გადაცემის კონცეფციებზე, სკოლის ხელმძღვანელის პოზიციის მაგალითზე. მოსწავლეები განიხილავენ პასუხისმგებლობებს, კომპეტენციებსა და პოზიციას, რომელსაც უნდა ფლობდეს კლასის ხელმძღვანელი. ფლიპჩარტი, კალმები, მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი სამუშაო ფურცლები, სუპერგმირის დიდი ფორმატის სურათი. დამოუკიდებელი სამუშაო, ჯგუფური სამუშაო, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილი 2:

კარგი ბიჭები, ცუდი ბიჭები?

მოსწავლეები ეცნობიან იმ იდეას, რომ ერთი პიროვნება შეიძლება წარმოადგენდეს ადამიანთა ჯგუფს. ისინი აგრეთვე ეცნობიან უფლებამოსილების გადაცემის კონცეფციას. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს ადარებენ დემოკრატიულ საზოგადოებაში  პოლიტიკური წარმომადგენლობის სქემას. ისინი გამოთქვამენ  მოსაზრებებს პოლიტიკოსებზე და თავიანთ მოსაზრებებს სხვათა მოსაზრებებს ადარებენ. ამისათვის ისინი მოკლე ინტერვიუებს იღებენ სხვებისაგან. პოლიტიკური წარმომადგენლობის სქემა, კალმები, ქაღალდის ფურცლები. დამოუკიდებელი სამუშაო, წყვილებში მუშაობა, საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილი 3:

ერთი პიროვნება აკეთებს ყველაფერს, სხვები არაფერს აკეთებენ?

მოსწავლეები მსჯელობენ სხვადასხვა პოზიციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებსა და კომპეტენციებზე და ეცნობიან არჩევნების პროცესსა და მის შედეგებს. მოსწავლეები კლასს აცნობენ მათ მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგებს. ისინი განსაზღვრავენ სხვადასხვა პოზიციასთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობებსა და კომპეტენციებს და ერთ-ერთ მოსწავლეს ირჩევენ კლასის ხელმძღვანელად. ფლიპჩარტი, კალმები, ხმის მისაცემი ბარათები,  იმ მოსწავლეთა სია, რომლებიც დაინტერესებულები არიან კლასის ხელმძღვანელის პოსტის დაკავებით, მოსწავლეებისათვის დასარიგებლად განკუთვნილი სამუშაო ფურცელის ასლები. საერთო საკლასო განხილვა.

გაკვეთილი 4:

ძალაუფლების განაწილება

მოსწავლეები ეცნობიან ხელახალი არჩევნებისა და გადარჩევის ცნებებს. ისინი მსჯელობენ კრიტერიუმებზე, რომლებიც წარმომადგენლობით სისტემას განსაზღვრავს. მოსწავლეები მსჯელობენ და განსაზღვრავენ კრიტერიუმებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს, აკონტროლონ კლასის ხელმძღვანელის საქმიანობა. ფლიპჩარტი, კალმები. საერთო საკლასო განხილვა.