1.3 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კულტურული განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“ სწავლა

Living Democracy » Textbooks » 1.3 დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების კულტურული განზომილება: დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“ სწავლა

ცოდნა და უნარები ადამიანს აძლევს საშუალებას, მონაწილეობა მიიღოს დემოკრატიულ პროცესებში, მხოლოდ ტექნიკური თვალსაზრისით, რაც ადამიანის ჭეშმარიტ დემოკრატად ჩამოყალიბებისათვის საკმარისი არ არის. მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარ ცოდნასა და უნარებს ფლობს რასისტი, მაშინ იგი ბოროტად გამოიყენებს მათ, ანუ გამოიყენებს დემოკრატიულ, ადამიანის უფლებათა პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების წინააღმდეგ შეტევის იარაღად. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ ცოდნა და უნარები, რომელთაც ზურგს არ უმაგრებს ადამიანის უფლებათა ღირებულებები, უსარგებლოა დემოკრატიისათვის.

აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებას გააჩნია კულტურული განზომილება. სწავლებისა და სწავლის კულტურა უნდა ასახავდეს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ძირითად გზავნილს.

ცოდნის შეძენა შესაძლებელია სწავლებისა და ინსტრუქციების მიღების საშუალებით (ლექციის მოსმენა, კითხვა); კომპეტენციების დაუფლება–განვითარება შესაძლებელია ტრენინგის საშუალებით (დემონსტრირება, პრაქტიკა, წვრთნა).  ამგვარად, მოსწავლეები გამოცდილებით იძენენ ღირებულებებს და მათ ასევე გამოცდილებით უყალიბდებათ დამოკიდებულებები.

მაგალითად, ახალგაზრდებს თვითშეფასება უყალიბდებათ მშობლებისა და მასწავლებლების წყალობით. მხოლოდ ის მოსწავლეები ეპყრობიან იმავე პატივისცემით თავიანთ თანატოლებს, რომელთაც აქვთ მასწავლებლების მხრიდან პატივისცემით მოპყრობის გამოცდილება. ადამიანის უფლებათა ღირებულებებთან ზიარება სკოლაში სოციალიზაციის პროცესით ხდება – სწავლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საშუალებით“.

ადამიანის უფლებათა ღირებულებები განმარტებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს და სხვა ორგანიზაციების მიერ და ისინი მოიცავს თანასწორობის პრინციპსა და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპს; მონაწილეობას, ჩართულობასა და ანგარიშვალდებულებას.

მაშინ, როცა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების „შესახებ“ სწავლება გარკვეულ სასკოლო საგანთა (მაგ. სოციალური მეცნიერებები, ისტორია, სამოქალაქო განათლება) ამოცანას წარმოადგენს, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის „საფუძველზე“ განხორციელებული სწავლების პროცესი გამოწვევაა მთლიანი სკოლისთვის – დემოკრატია და ადამიანის უფლებათა დაცვა სკოლის საზოგადოების ძირითად პედაგოგიურ სახელმძღვანელო პრინციპს წარმოადგენს და, ასევე, წარმოადგენს იმ სპექტრს, რომელშიც განიხილება სკოლის მმართველობის ყველა ელემენტი.