ინსტრუმენტი 1: ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა

Living Democracy » Textbooks » ინსტრუმენტი 1: ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა

სწავლის პროცესის ხელშეწყობა ამოცანების დასახვის საშუალებით

ინტერაქტიული სწავლება და სწავლა გადამწყვეტ როლს თამაშობს წინამდებარე სახელმძღვანელოში შემოთავაზებული აქტივობების უმეტესობაში. ინტერაქტიული სწავლების მიზანს წარმოადგენს შემეცნება (ანუ ფიქრი და გაგება), სწავლა და მოქმედება. გაკვეთილის დაგეგმვის, დავალების შემოწმების, შედეგების შეფასებისა და პროცესის შეჯამების ყველა ეტაპი სწავლის საკმაოდ დიდ  პოტენციალს მოიცავს.

ძირითადი მიდგომა, რომელიც აზროვნებისა და მოქმედების ინტეგრაციას მოიცავს, აისახება  სწავლის მთლიან პროცესზე. ეს არ გულისხმობს იმას, რომ შესწავლის საგნისადმი აქტიური დამოკიდებულება შემოიფარგლება „რეალური“ სწავლის მოსამზადებელი ეტაპით, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს როგორც პროცესი, რომელიც მხოლოდ შემსწავლელთა აზროვნებას ეყრდნობა. პირიქით, აზროვნებისა და მოქმედების ინტეგრაცია ყველა მოსწავლეს უნერგავს ნათელ წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რატომ სწავლობენ ისინი მოქმედების საშუალებით: მათ წინაშე დგას შესასრულებელი ამოცანა და ამ ამოცანის შესრულება მათგან მთელი რიგი უნარების გამოყენებას მოითხოვს. ამ ტიპის სწავლებისას, მოსწავლე ყოველ ახალ სიტუაციაში იძულებულია, განსაზღვროს მისი საჭიროებები სწავლასთან დაკავშირებით. ამგვარად, მოსწავლეები საჭიროებენ მითითებებსა და ინსტრუქციებს მასწავლებლისაგან, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეები, თავის მხრივ, ამოცანას აყენებენ მასწავლებლის წინაშე და არა პირიქით. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა გვაძლევს კონსტრუქტივისტული სწავლისა და ინსტრუქციების საშუალებით სწავლის იდეალურ კომბინაციას.

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის დროს, მოსწავლის წინაშე დგება პრობლემა, რომელიც უნდა გადაჭრას. სწავლა არ წარმოადგენს თვითმიზანს, არამედ არის საშუალება სასარგებლო და გამოსადეგი ნაბიჯების გადასადგმელად. მოსწავლეები სწავლობენ პრობლემის გადაჭრის გზების ძიების პროცესში, აყენებენ ამოცანას საკუთარი თავისა და მასწავლებლის წინაშე, რაც მათ პრობლემის გადაჭრისაკენ მიმავალ გზას უხსნის. სკოლა რეალური ცხოვრებაა – დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ სწავლების ეს ლაიტმოტივი გასდევს ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის პროცესს. ბევრი რეალური ცხოვრებისეული სიტუაცია პრობლემის გადაჭრას გულისხმობს. ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა ხელს უწყობს მოსწავლეების მომზადებას ცხოვრებისათვის იმით, რომ რეალურ, ცხოვრებისეულ სიტუაციებზე დაყრდნობით განხორციელებულ სწავლას სთავაზობს მოსწავლეებს.

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლება ემყარება მოდელს, რომლის დახასიათებაც შესაძლებელია ზოგადი შტრიხებით. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელი სწავლებას ამ მოდელის მიხედვით აწარმოებს, სწავლა მოქმედების საშუალებით, ანუ აქტიური სწავლა თავისთავად ხორციელდება.

ამოცანაზე დაფუძნებული სწავლის ელემენტები:

მოსწავლეების წინაშე დგება ამოცანა, რომელიც უნდა ამოხსნას (ამოცანა შემოაქვს მასწავლებელს ან მოცემულია სახელმძღვანელოში).
მოსწავლეები შეიმუშავებენ მოქმედების გეგმას.
მოსწავლეები ასრულებენ დაგეგმილ ქმედებებს.
მოსწავლეები აჯამებენ სწავლის პროცესს და წარმოადგენენ შედეგებს.

აუცილებელია, მოსწავლეებს ხშირად ჰქონდეთ შეხება ამოცანაზე დაფუძნებულ სწავლის პრინციპებთან, სხვადასხვა კონტექსტში. ამოცანა, რომლის ამოხსნაც სხვა პრობლემებთან არის დაკავშირებული, რომლებიც, თავის მხრივ, გადაჭრას საჭიროებენ, წარმოადგენს საუკეთესო საშუალებას პროდუქტიული და ხალისით მიმდინარე სწავლის გარემოს შესაქმნელად.