მასალა მასწავლებლებისთვის 2.3: თავისუფლება და პასუხისმგებლობა – ლექციის სამი მოდული

Living Democracy » Textbooks » მასალა მასწავლებლებისთვის 2.3: თავისუფლება და პასუხისმგებლობა – ლექციის სამი მოდული

წინამდებარე მასალა წარმოადგენს ლექციის მოდულებს, რომელთა შორისაც მოსწავლეთა სწავლის მოთხოვნების გათვალისწინებით უნდა მოხდეს არჩევანის გაკეთება. ლექციის მიწოდება მოსწავლეებისთვის შესაძლებელია, როგორც სახელმძღვანელოს ამ თავში მოცემული ოთხი გაკვეთილის ფარგლებში, ასევე, დამატებითი გაკვეთილის სახით. მოდულებში განხილულია თანამედროვე საზოგადოებაში პასუხისმგებლობის აღების პირობები:

მოდული 1: შესწავლა იმისა თუ როგორ ავიღოთ პასუხისმგებლობა შეუძლებელია რისკზე წასვლის გარეშე.

მოდული 2: როგორ ვახორციელებთ პასუხისმგებლობის აღებას თანამედროვე საზოგადოებაში, რომელიც სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება, რაც ჩვენგან ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენებას მოითხოვს?

მოდული 3: დემოკრატიული საზოგადოებების სტაბილურობას კულტურული განზომილება ახასიათებს – მის ფარგლებში მოქმედი წესები, რომლებიც არ შეიძლება ძალით თავსმოხვეული იყოს, არამედ რომლის თაობაზეც ხდება შეთანხმება საზოგადოების წევრებს შორის. 

1. რისკისა და პასუხისმგებლობის დილემა

არჩევანის დამოუკიდებლად გაკეთება ადამიანის უფლებაა, მაგრამ ეს თავისუფლება პასუხისმგებლობას გულისხმობს. ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, თუ რა შედეგების მომტანი იქნება და რა გავლენა ექნება ჩვენს მიერ მიღებული გადაწყვეტილებას და ჩვენს მოქმედებას ჩვენზე და სხვა ადამიანებზე, დღეს და მომავალში, მოცემულ ადგილას და სხვა ნებისმიერ ადგილას მსოფლიო მასშტაბით (იხ. მდგრადი განვითარების მოდელი, მასალა მოსწავლეებისთვის 4.2).

მეორე მხრივ, იმას, თუ როგორ უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, ჩვენ მხოლოდ თავისუფლების პირობებში ვსწავლობთ, რომელიც მარცხის თავისუფლებასაც გულისხმობს. მაგალითად, ახალგაზრდებს სურვილი აქვთ საღამოები და თავისუფალი დრო სახლიდან მოშორებით გაატარონ. ეს გამოცდილება მოსწავლეებისთვის უცხო არ იქნება. მათ მშობლებს სურთ, რომ შვილები სახლში დროულად დაბრუნდნენ; პასუხისმგებლობას ამ შეთანხმების შესრულებაზე იღებს ახალგაზრდა. დამოუკიდებლად გადაადგილების თავისუფლებისა და მასთან დაკავშირებულ ყველა რისკზე წასვლის გარეშე, ვერავინ ისწავლის პასუხისმგებლობის აღებას.

2. კომპლექსურობისა და დემოკრატიის დილემა

მოცემულ თავში, სტუდენტები აანალიზებენ, როგორ იღებენ ისინი პასუხისმგებლობას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩვენ, ხშირად, წამებში გვიწევს გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გადავჭრათ დილემა. მოცემული თავის ძირითადი ამოცანა (გაკვეთილი 2 და 3) საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, აუჩქარებლად გაანალიზონ პასუხისმგებლობის განზომილებები, და ამგვარად, ისინი გამოიმუშავებენ და იუმჯობესებენ ინტუიციას. პასუხისმგებლობის აღება საჭიროებს უნარს, რომელიც რთულ სიტუაციებში მყისიერ გარკვევასა და შემდგომ ინტუიციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება, გადაწყვეტილებისა, რომელმაც უნდა გაუძლოს კრიტიკას. ჩვენი ყოველდღიური გამოცდილებით, ვიცით, რომ ეს „ბუნებრივია“ და ჩვენ ყველას გვაქვს გაცნობიერებული ის რისკი, რაც რთულ სიტუაციებში მყისიერი გადაწყვეტილების მიღების დროს დაშვებულ შეცდომებს უკავშირდება. წვრთნა და გამოცდილება გვეხმარება ინტუიციის გაუმჯობესებაში, მაგრამ პრობლემა გადაუჭრელი რჩება.

სოციალურ და გლობალურ დონეზე, კომპლექსურობა და სირთულე სხვა ხარისხში გადადის. მაგალითად, ჩვენ ხშირად გვაქვს არჩევანი, როგორ მივიდეთ A პუნქტიდან B პუნქტამდე, მაგალითად სახლიდან სკოლამდე. მანქანით მისვლა ყველაზე ხელსაყრელი არჩევანია, მაშინ, როცა ავტობუსით ან ველოსიპედით მგზავრობა დიდ დროს გვართმევს, რომ აღარაფერი ვთქვათ შესაძლო დაგვიანებასა ან წვიმიან ამინდში დასველებაზე და ა.შ. რა არჩევანს ვაკეთებთ? ამ შემთხვევაში უნდა ვიხელმძღვანელოთ კრიტერიუმით, რომელიც უკავშირდება კლიმატის ცვლილებაზე მანქანით მგზავრობის გავლენას. მაგრამ ჩემი მანქანით მგზავრობა მოიტანს კი რაიმე სხვაობას, მით უმეტეს, როცა ავტობუსით და ველოსიპედით მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი სარგებლობს? საკითხი მეტად რთულია იმისთვის, რომ ერთმა პიროვნებამ გადაწყვიტოს (იხ. თავი 4). იგივე შეიძლება ითქვას, როდესაც ჩვენ მონაწილეობას ვიღებთ მსგავს საკითხებზე გამართულ პოლიტიკურ დებატებში – მართებულად ვიქცევით და საკმარისს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ კლიმატის ცვლილება?

საკითხის კომპლექსურობის ზრდადობა ტიპიურია თანამედროვე საზოგადოებაში. საზოგადოებები ერთმანეთთან არიან დაკავშირებული გლობალური ბაზრის საშუალებით და ურთიერთდამოკიდებული ხდებიან, იმ თვალსაზრისით, თუ როგორ უდგებიან კლიმატის ცვლილების მსგავს გლობალურ საკითხს. საკითხის კომპლექსურობასთან გამკლავება ართულებს პასუხისმგებლობის აღებას. ეს, გარკვეულწილად, არის ის, რაც ჩვენ უნდა გავიღოთ თანამედროვე საზოგადოებაში, ცხოვრების სტანდარტების ზრდის სანაცვლოდ, რაც თავისთავად განპირობებულია ამავე საზოგადოებაში მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და განათლების სფეროებში არსებული მიღწევებით.

ისეთი კომპლექსური საკითხების მოგვარებაში, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ინტუიცია ვეღარ გაგვიწევს დახმარებას. ჩვენ ექსპერტთა რჩევა გვჭირდება. დემოკრატიულ საზოგადოებაში, მოქალაქეები და პოლიტიკოსები, რომლებიც ექპერტებზე არიან დამოკიდებული, იმ სამყაროს აღქმის თავლსაზრისით, სადაც მათ უწევთ ცხოვრება, დგანან იმ საფრთხის წინაშე, რომ აღმოჩნდნენ ახალ, პოსტდემოკრატიულ, ოლიგარქიულ წყობაში, სადაც ყველაფერს განაგებენ ექსპერტები, რომელთა კონტროლის ძალაც მოქალაქეებს აღარ შესწევთ. ეს არის კომპლექსურობისა და დემოკრატიის დილემა.

დემოკრატიის მარცხი და წარმატება დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად იღებს მონაწილეობას დაინტერესებული ადამიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ამ პროცესისადმი პასუხისმგებლობით მოკიდება განათლებულ მოქალაქეებს საჭიროებს. განათლება არის ერთადერთი საშუალება, რითიც ჩვენ შევძლებთ კომპლექსურობის დილემის გადაჭრას. განათლების გაფართოება თანამედროვე საზოგადოების მხოლოდ მზარდი კომპლექსურობის წყაროს კი არ წარმოადგენს, არამედ  კომპლექსურობისა და დემოკრატიის დილემის გადაჭრის ძირითად საშუალებადაც გვევლინება.

3. თავისუფლება–სტაბილურობის დილემა: თავისუფლება, პლურალიზმი და ჩვენი მოთხოვნილება, – გაგვაჩნდეს საერთო ღირებულებები

მუხლი 18

ყოველ ადამიანს აქვს უფლება აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლებისა; ეს უფლება მოიცავს თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის შეცვლისა და თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში ღთვისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წეს-ჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.

მუხლი 19

ყოველ ადამიანს აქვს უფლება მრწამსის თავისუფლებისა და მისი თავისუფლად გამოთქმისა; ეს უფლება მოიცავს ადამიანის თავისუფლებას დაუბრკოლებლად იქონიოს თავისი მრწამსი და ეძიოს, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები ყოველგვარი საშუალებებით და სახელმწიფო საზღვრებისაგან დამოუკიდებლად.

ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (1948 წლის 10 დეკემბერი); დეკლარაციის სრული ტექსტი იხილეთ მასალა მოსწავლეებისთვის 2.5.

პიროვნებები, რომლებიც სარგებლობენ ამ უფლებებით, ქმნიან პლურალიზმს, მისი სხვადასხვა ფორმით (იხ. თავი 3). ერთი შედეგია ის, რომ ადამიანები ირჩევენ სხვადასხვა რელიგიურ აღმსარებლობასა და ღირებულებათა სხვადასხვა სისტემას – ეს განსაკუთრებით აშკარაა იმ ფონზე, სადაც წარმოდგენილია ემიგრანტთა საზოგადოებები. თანამედროვე საზოგადოებები არის სამოქალაქო და პლურალისტული – მისი წევრები ქმნიან ინდივიდუალურ მსოფლმხედველობასა და ინდივიდუალობას (იხ. თავი 1). პასუხისმგებლობას გააჩნია კონსტრუქტივისტული განზომილება.

მეორე მხრივ, ყოველი საზოგადოება დამოკიდებულია ღირებულებათა გარკვეულ სისტემაზე, რომელიც ამ საზოგადოების წევრების შეთანხმების საფუძველზე ყალიბდება. დემოკრატია თანაბრად არის დამოკიდებული, როგორც ძლიერ სახელმწიფოზე, ასევე ქმედით პოლიტიკურ კულტურაზე.

ეს არის თავისუფლება–სტაბილურობის დილემა: დემოკრატიული და სეკულარული სახელმწიფო დამოკიდებულია კულტურულ გარემოზე, რომლის შექმნაც და ძალით გატარებაც მის ინსტიტუტებს და ხელისუფლებას არ შეუძლია. ვერ უგულებელვყოფთ ყველასთვის მისაღებ და მოსაწონ ღირებულებათა, წესებისა და მიზანთა სისტემას. ზოგადად განათლება და, განსაკუთრებით, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლება, გადამწყვეტ როლს თამაშობს ამ გამოწვევასთან გამკლავებაში. ადამიანთა უფლებები, სავარაუდოდ, წესთა და პრინციპთა ერთადერთ სისტემას წარმოადგენს, რომელიც საყოველთაოდ შეიძლება იქნეს მიჩნეული (იხ. ამ თავში მოცემული გაკვეთილი 4, სადაც ლაპარაკია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის პირველ მუხლზე). ადამიანის უფლებები ემყარება ურთიერთაღიარების პრინციპს – ოქროს წესს – და არ ანიჭებს უპირატესობას ერთ რომელიმე რელიგიას ან ეთიკურ თუ მორალის ფილოსოფიას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებები არა მარტო პრობლემის წყაროს, არამედ ამავე პრობლემის გადაჭრის საშუალებასაც წარმოადგენს.