სავარჯიშო 5.3. – ასაწყობი სურათი

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 5.3. – ასაწყობი სურათი
საგანმანათლებლო მიზანი

თამაში წარმოადგენს უსამართლო სიტუაციის სიმულაციას.

მოსწავლეები, სამართლიანობის ეთიკურ პრინციპებზე დაყრდნობით, აცნობიერებენ საკუთარ რეაქციას უსამართლო მოპყრობაზე. სამართლიანობა უდევს საფუძვლად ადამიანის უფლებებს.

მოსწავლეები აცნობიერებენ, რამდენად მნიშვნელოვანია სოლიდარობა და თანამშრომლობა უსამართლობის აღმოსაფხვრელად.

რესურსები კონვერტებში ჩაწყობილი მარტივი ასაწყობი სურათები, ან სურათები, რომლებიც დაჭრილია რამდენიმე ნაწილად.

მსვლელობა

  1. მოსამზადებელი სამუშაო: მოსწავლეთა თითოეული სამ–ოთხკაციანი ჯგუფისათვის მზადდება თითო ასაწყობი სურათი. მასწავლებელს შეუძლია გამოიყენოს მზა ასაწყობი სურათები ან დაჭრას სურათები რამდენიმე ნაწილად. თითოეული ასაწყობი სურათი თავსდება თითო კონვერტში. რეკომენდებულია, კონვერტზე დაკრული იყოს უკვე აწყობილი სურათის ასლი. მასწავლებელი სურათების თითო ნაწილს იღებს კონვერტიდან და ანაცვლებს მას სხვა კონვერტში მოთავსებული სურათის ნაწილით. ზოგიერთ კონვერტში სურათის ნაწილები სრულად არის მოთავსებული.
  2. მოსწავლეები იყოფიან სამ–ოთხკაციან ჯგუფებად. მასწავლებელი ჯგუფების თითოეულ წევრს ცალკე დავალებას აძლევს:
    • მოსწავლე, რომელიც პასუხისმგებელია დროისა და რესურსების მართვაზე.
    • არბიტრი, რომელიც აკონტროლებს პროცესის წარმართვას კონფლიქტის გარეშე და მოსწავლეების მხრიდან წესების დაცვას.
    • მოსწავლე, რომელიც ფლობს ასაწყობი სურათის მზა ასლს.
    • მოსწავლე, რომელიც ასრულებს ამოცანას.მასწავლებელი ჯგუფებს გადასცემს თითო კონვერტს და აძლევს მათ დავალებას, ააწყონ სურათები დროის მცირე მონაკვეთში. მოსწავლეები უმალ აღმოაჩენენ, შეძლებენ თუ არა სურათის სრულყოფილად აწყობას მათ ხელთ არსებული რესურსებით და მიიღებენ თუ არა დახმარებას სხვა ჯგუფებიდან.
  3. თამაშის დასასრულს იკვეთება მოგებულები და წაგებულები. მოსწავლეთა რეაქციისა და იმის მიხედვით, თუ რა ასაკის მოსწავლეებთან ტარდება სავარჯიშო, მასწავლებელმა შეიძლება დასვას შემდეგი კითხვები, რათა მოსწავლეებმა შეაფასონ საკუთარი პოზიტიური და ნეგატიური დისკრიმინაციის გამოცდილება:
    • რა იგრძენით, როცა მიხვდით, რომ ჯგუფებს სხვადასხვა მასალა ჰქონდათ?
    • რას იგრძნობდით, სხვა ჯგუფის წევრი რომ ყოფილიყავით?
    • როგორი იყო თქვენი გამოცდილება ჯგუფში, რომელსაც არასაკმარისი/საკმარისი რესურსი ჰქონდა?
    • რამ შეუწყო ან შეუშალა ხელი ჯგუფის წარმატებას?

გაგრძელება

მოსწავლეებს მოჰყავთ მაგალითები რეალური ცხოვრებიდან, როდესაც ადამიანებს თანაბრად არ მიუწვდებათ ხელი მნიშვნელოვან რესურსებზე (მაგ. თავისუფალი დრო, სამუშაო, ფული, ძალაუფლება) და განიხილავენ მათ.