დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის

Living Democracy » Textbooks » დამხმარე მასალა მასწავლებლისათვის

მედიაწიგნიერების განვითარების სამი განზომილება

1. პირველი განზომილება: მედიის შეფასება

მედიის შეფასების ცნება შეიძლება შეჯამდეს ძველი ბერძნული ზმნით  (krinein), რომელიც,,განსაზღვრას“ ნიშნავდა და შეეხებოდა ცოდნისა და გამოცდილების შეძენას. მედიის შეფასება მედიის ანალიზს გულისხმობს. ეს ანალიტიკური ქვეკომპონენტი საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენების შეცნობისა და გააზრების კომპეტენციას ეხება, მაგალითად, კონცენტრაციის პროცესი მედიაში, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას მედიის ფუნქციონირებას დემოკრატიულ საზოგადოებაში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, ვინ არის ამა თუ იმ გაზეთის მფლობელი და რამდენი მედიასაშუალების დამფინანსებელია ესა თუ ის კომპანია. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მედია არის კომერციულ მოგებასთან დაკავშირებული საქმე. რაც უფრო ურთიერთდამოკიდებული და გლობალიზებული ხდება ჩვენი ცხოვრება, მით უფრო იზრდება საჭიროება იმისა, რომ მედიას დავეყრდნოთ. მედიის ანალიზი საშუალებას გვაძლევს, კრიტიკულად შევაფასოთ მედია და ადეკვატურად  გამოვიყენოთ ჩვენი მედიაწიგნიერება.

2. მეორე განზომილება: ცოდნა მედიის შესახებ

ეს არის მედიისა და მედიის სისტემების ცოდნა, რაც ორ ქვეკომპონენტად იყოფა.

ა. ინფორმაციის ქვეკომპონენტი მოიცავს ძირითად ცოდნას, მაგალითად, როგორ ასრულებენ ჟურნალისტები საკუთარ სამუშაოს; სატელევიზიო და რადიოპროგრამების ტიპები; მაყურებლის მიზეზები იმისა, თუ რატომ ანიჭებს მაყურებელი რომელიმე გადაცემას უპირატესობას; კომპიუტერის გამოყენება მაყურებლის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.

ბ. უნარების ქვეკომპონენტი მედიის ცოდნას უმატებს ახალი მოწყობილობების გამოყენების უნარს, ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების კითხვის გარეშე. ეს ქვეკომპონენტი მოიცავს ,,პრაქტიკული მუშაობით ათვისების“ პროცესს – როგორ უნდა მოეპყრო კომპიუტერს, როგორ უნდა იმუშაო ინტერნეტში, როგორ უნდა გამოიყენო ვიდეოკამერა და ა.შ.

3. მესამე განზომილება: მედიის გამოყენება

მედიის გამოყენებაც ორ ქვეკომპონენტად შეიძლება დავყოთ.

ა. მედიაპროდუქტების გამოყენების კომპეტენცია, სხვა სიტყვებით, მედიის პროდუქტების მიღებისა და მოხმარების უნარი. მაგალითად, ტელევიზორის ყურება. ეს არის აქტივობა, რომლის დროსაც ჩვენ ვამუშავებთ ტელევიზორიდან მიღებულ ინფორმაციას და ვახდენთ მის ინტეგრირებას ჩვენს კოგნიტურ სტრუქტურებთან და წარმოდგენებთან. შეგვიძლია ჩვენი რეცეფციული კომპეტენცია გავაფართოვოთ არა მხოლოდ ტექსტების კითხვით, არამედ ფილმების ყურებითაც.

ბ. მედიამოწყობილობების აქტიური გამოყენება. ეს ქვეკომპონენტი უკავშირდება მედიის გამოყენებას სოციალურ ინტერაქციაში. მაგალითად, ტელებანკინგი, ტელეშოპინგი, ვიდეო და სატელეფონო კონფერენციები, ტრადიციული და ციფრული ფოტოგრაფია და ვიდეოპროდუქცია. მედიის დიდი მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს არა მხოლოდ ინფორმაციის მიღებით შევიმეცნოთ სამყარო, არამედ ინფორმაციის შექმნითა და გავრცელებითაც.

მედიის შესახებ თავი, ძირითადად, მედიის გამოყენებას ეძღვნება, თუმცა, ასევე, ყურადღება გამახვილებულია წინა ორ განზომილებაზეც.