მასალა მოსწავლეებისთვის 2.3: რა გადაწყვეტილებას მიიღებ? დილემის მაგალითები

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 2.3: რა გადაწყვეტილებას მიიღებ? დილემის მაგალითები

1. სხვისი ნაგავი

ნაგვის პრობლემა ძალიან მწვავედ დგას თქვენს სკოლაში. ამის თაობაზე ბევრი იმსჯელეს, ზოგიერთმა კლასმა წესებიც კი ჩამოწერა დიდ ფურცელზე, რაზეც მოსწავლეებმა საზეიმოდ მოაწერეს ხელი – ჩვენ გვსურს, ჩვენ სკოლაში იყოს სუფთა, მისაღები გარემო და ჩვენ ნაგავს ნაგვის ურნებში მოვათავსებთ. შენ ამ ინიციატივას სერიოზულად შეხვდი, რადგან სულაც არ გსიამოვნებს, უყურო სხვა ადამიანების მიერ დაყრილ ნაგავს.

შესვენებაზე, სკოლის ეზოში სეირნობისას, შენ წააწყდი ქაღალდის პარკების, ხილის ნაფცქვენის და ნახევრად შეჭმული პიცის მოზრდილ გროვას – ცარიელი ურნის გვერდზე. გარშემო უამრავი მოსწავლე ტრიალებს, მაგრამ ნაგავი მათი დაყრილი შეიძლება სულაც არ იყოს. რას მოიმოქმედებ? აკრიფავ ნაგავს თუ დატოვებ იქ, სადაც ყრია?

2. ჩემი საუკეთესო მეგობარი ნარკოტიკებით ვაჭრობს

შენი საუკეთესო მეგობარი სკოლის შემოგარენში ნარკოტიკებით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი. შენთვის ცნობილია, რომ ეს მხოლოდ ეჭვები არ არის. სკოლის დირექტორი სერიოზულად არის შეშფოთებული ამ ამბის გამო, ვინაიდან მას სურს დაიცვას სკოლის მოსწავლეები და განსაკუთრებით პატარა ასაკის მოსწავლეები ნარკოტიკების საფრთხისგან. გარდა ამისა, არანაირი სურვილი არა აქვს მედიასაშუალებებით მის სკოლაზე ცუდი ინფორმაცია გავრცელდეს. მისთვის ცნობილია თქვენი მეგობრობის შესახებ და თავის ოფისში გიბარებს.

თუ გაამხელ, რაც შენთვის ცნობილია, შენ მეგობარს სკოლის დატოვება მოუწევს და, შესაძლოა, სასამართლოს წინაშეც წარდგეს. თუ ჩვენებას არ მისცემ, ამით კანონს არღვევ  და შესაძლოა თავადაც შეგექმნას პრობლემები. ამ სიტუაციაში კომპრომისი გამორიცხულია, ან ამბობ იმას, რაც იცი, ან – არა.

სიტუაციას ისიც ამძიმებს, რომ შენ არ იცი, რას მოიმოქმედებს შენი მეგობარი. არაფერს იტყვის ბოლომდე, თუ აღიარებს ყველაფერს, სასჯელის შემსუბუქების პირობით?

3. მეგობარს მატარებელზე აგვიანდება

ზამთრის ცივი დილა გათენდა. 6 საათია. მართვის მოწმობა სულ რაღაც სამი თვის წინ აიღე და საჭეს ჯერ კარგად ვერ ფლობ. ამჯერად მეგობარი მიგყავს შენი მანქანით რკინიგზის სადგურში. სანამ გზას შეუდგებოდით, საქარე მინიდან ყინულის აფხეკვა მოგიწია, გზაში – ბენზინგასამართ სადგურზე გაჩერება.

გაგვიანდებათ. რკინიგზის სადგური 3 კილომეტრშია და შენი მეგობრის მატარებელი 10 წუთში გადის. თან ბილეთიც უნდა იყიდოს.

დაშვებული სიჩქარე ქალაქის ტერიტორიაზე, როგორც წესი, 50 კმ/სთ–ა. როგორც ჩანს, გზა თავისუფალია. „მიდი რა, ცოტა დაუჩქარე“, გთხოვს მეგობარი. რას მოიმოქმედებ?

4. რომელი ბანანი ვიყიდო?

სუპერმარკეტში ხილის ყიდვა გინდა. ბანანის ორი პარტია იყიდება; ორივე კარგი ხარისხის არის – მწიფე და საღი. ბანანის ერთი პარტია შედარებით იაფი ღირს, ვიდრე მეორე. პარტიას, რომელიც ცოტა ძვირია, წარწერა აქვს „ვაჭრობა ურთიერთხელსაყრელობის პრინციპზე“, და საინფორმაციო ბუკლეტში კითხულობ, რომ შენ მიერ გადახდილი თანხის გარკვეული ნაწილი მოხმარდება  წვრილ ფერმერებს საზღვარგარეთ. მათ კაპიტალი სჭირდებათ, რათა თავიანთი ბანანის პლანტაციები ააღორძინონ – ჩვენი სტანდარტებით, უმნიშვნელო თანხა. რომელ ბანანს იყიდი?