სავარჯიშო 8.4. – გონებრივი იერიში კონფლიქტსა და მშვიდობაზე

Living Democracy » Textbooks » სავარჯიშო 8.4. – გონებრივი იერიში კონფლიქტსა და მშვიდობაზე

 

საგანმანათლებლო მიზანი

მოსწავლეებს შეუძლიათ განსაზღვრონ კონფლიქტისა და მშვიდობის ცნებები.

მოსწავლეებს შეუძლიათ გაარჩიონ ერთმანეთისგან კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია და კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია.

რესურსები ფლიპჩარტები და ფერადი მარკერები.

მსვლელობა

  1. ერთ–ერთ ფლიპჩარტზე წერია სიტყვა „კონფლიქტი“.მოსწავლეებს ეძლევათ ორი ამოცანა:
    • მათ უნდა ჩამოწერონ რაც შეიძლება ბევრი გამოთქმა და სიტყვა, რომელიც კონფლიქტს უკავშირდება.
    • ისინი ეძებენ და პოულობენ იმ ძირითად სიტყვებს, რომლებიც კონფლიქტურ სიტუაციას გამოხატავს.
    • სავარჯიშოს ეს ეტაპი სიჩუმეში მიმდინარეობს, ყოველგვარი კომენტარის გარეშე.
  2. როდესაც მოსწავლეები ჩათვლიან, რომ ამოიწურა კონფლიქტთან დაკავშირებული მათი სიტყვების მარაგი, მასწავლებელი მეორე ფლიპჩარტზე წერს სიტყვა „მშვიდობას“.მეორდება იგივე პროცედურა.
  3. მოსწავლეები განიხილავენ შედეგებს.
  4. მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის იდეას, როგორ დაახარისხონ კონფლიქტები:
    • კონფლიქტი, რომელიც შეიძლება მოგვარდეს;
    • კონფლიქტი, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია.

კონფლიქტის მოგვარება ისე, რომ წაგებული არავინ დარჩეს (იხ. სავარჯიშო 8.1), როგორც წესი, შესაძლებელია კომპრომისის საშუალებით, მაგალითად, როდესაც მწირი რესურსების თანაბარი განაწილების საშუალება არსებობს. თუ ნამცხვარი პატარაა და ყველას ამ ნამცხვრის პატარა ნაჭერი უნდა ერგოს, ამ გადაწყვეტილებას ყველა ეთანხმება, იმ შემთხვევაშიც, თუ ეს პატარა ნაჭერი მათ არ დაანაყრებთ. მაგრამ როცა კონფლიქტი ღირებულებებსა და რელიგიურ მრწამსს ეხება, კომპრომისი შეუძლებელია. ხოლო, როცა კონფლიქტი ჩნდება ეთნიკური ან რასობრივი დაპირისპირების საფუძველზე, იქმნება კონფლიქტში მონაწილე ერთი მხარის განდევნის ან ფიზიკური განადგურების საფრთხეც კი. რაც უფრო რაციონალურად უდგებიან კონფლიქტში მონაწილე მხარეები მათ შორის არსებულ კონფლიქტს, მით უფრო მაღალია ალბათობა იმისა, რომ კონფლიქტი მოლაპარაკებისა და კომპრომისის საშუალებით მოგვარდეს, ნაცვლად ძალადობრივი მეთოდებისა. იმისთვის, რომ კონფლიქტი რაციონალურად მოგვარდეს, კონფლიქტში მონაწილე მხარეებს უნდა შეეძლოთ კონფლიქტის საგნის გამიჯვნა მათი ოპონენტისგან, პატივი უნდა სცენ ოპონენტების ღირსებას და  არ დაარღვიონ მათი უფლებები.

გაგრძელება

მოსწავლეები საკუთარი ნახატებით აღწერენ კონფლიქტისა და მშვიდობის სხვადასხვა სიტუაციას, ან მოჰყავთ მაგალითები გაზეთებში დაბეჭდილი სტატიების და გამოქვეყნებული ფოტოების სახით.