მასალა მოსწავლეებისთვის 2.1: დილემის ცნება

Living Democracy » Textbooks » მასალა მოსწავლეებისთვის 2.1: დილემის ცნება

რა არის დილემა?

დილემა არის მდგომარეობა, როდესაც ჩვენ ვდგევართ ორი ალტერნატიული არჩევანის წინაშე და უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. მაგრამ რომელი არჩევანიც არ უნდა გავაკეთოთ, შედეგები ჩვენთვის მაინც არასასურველი იქნება, ან ვერ გავამართლებთ, მნიშვნელოვან მიზეზთა გამო, მაგალითად:

  • მორალური ან რელიგიური მოვალეობები;
  • ჩვენი პიროვნებისადმი მოლოდინი (როგორ მოქმედებებს მოელიან  სხვები ჩვენგან, როგორც მასწავლებლისგან, სტუდენტისგან, ძმისგან, მეგობრისგან ან პრეზიდენტისგან);
  • კანონით დაკისრებული ვალდებულებები (უფლებები და მოვალეობები);
  • ადამიანის უფლებებისადმი პატივისცემა:
  • ჩვენი პირადი კავშირები ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან:
  • ფინანსური მიზეზები (ფულის დაზოგვის საჭიროება, მოგების მიღების შესაძლებლობა);
  • პრაქტიკული მიზეზები (მხარს უჭერ ან ეწინააღმდეგები რთული პრობლემის ამგვარ გადაწყვეტას).

როდესაც დილემის წინაშე ვდგავართ, ჩვენ ვაწყდებით იმ პრინციპებსა და მიზნებს შორის კონფლიქტს, რომლებიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. დილემა თავს იჩენს როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე პოლიტიკაშიც. პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღება ხშირად უკავშირდება დილემას, ნებისმიერი არჩევანის შემთხვევაში შორს მიმავალი შედეგებით. აქედან გამომდინარე, დილემიდან გამოსავალი არის პრიორიტეტების განსაზღვრა – ერთ მიზანზე ორიენტირება, მეორის დათმობა.ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლებელია კომპრომისების გამოძებნაც.

მაგალითები

ლენას მიერ დადებული პირობა

ლენა რვა წლისაა. მას ძალიან უყვარს ხეზე ცოცვა, რაშიც მთელ სამეზობლოში ბადალი არა ჰყავს. ერთ დღეს იგი ხიდან ვარდება, მაგრამ არაფერი უშავდება. ამ უმნიშვნელო ინციდენტს ლენას მამა ესწრება და ლენას გამო ძალიან ნერვიულობს. იგი სთხოვს ლენას, პირობა დადოს, რომ აღარასოდეს აძვრება ხეზე. ლენა პირობას დებს და შეთანხმების დასადასტურებლად მამას ხელს ართმევს.

იმავე საღამოს ლენა თავის მეგობარს ხვდება. პაულა, მისი საუკეთესო მეგობარი, ძალიან არის შეწუხებული. მისი პატარა კნუტი ხეზე აძვრა და ქვევით ვეღარ ჩამოდის. რაღაც აუცილებლად უნდა იღონონ, სანამ კნუტი ხიდან ჩამოვარდება. ყველა ბავშვისთვის ცნობილია, რომ ლენა საუკეთესოა ხეზე ცოცვაში და პაულაც სთხოვს ლენას კნუტის გადარჩენას.

მაგრამ ლენას ახსოვს მამისათვის მიცემული პირობა. როგორ უნდა მოიქცეს ლენა?

პატიმრის დილემა

პოლიციამ ორი ეჭვმიტანილი დააკავა. არც ერთი მათგანის მსჯავრდებისთვის არ არსებობს საკმარისი სამხილი. პოლიციამ ისინი დააცალკევა და ორივე მათგანს ერთი და იგივე წინადადებით მიმართავს. თუ ერთ–ერთი მათგანი მისცემს ჩვენებას მეორის წინააღმდეგ (უღალატებს თანამზრახველს) და მეორე დუმილს შეინარჩუნებს (არ გასცემს თანამზრახველს), მოღალატეს გაანთავისუფლებენ, ხოლო მის თანამზრახველს, რომელმაც დუმილი არჩია, 10 წელს მიუსჯიან ციხეში. თუ ორივე მათგანი დუმილის უფლებით ისარგებლებს, ორივეს მხოლოდ ექვსი თვის გატარება მოუწევს ციხეში, მსუბუქი ბრალდებით. თუ ორივე ერთმანეთის წინააღმდეგ მისცემს ჩვენებას, ხუთ–ხუთ წელს გაატარებენ ციხეში. თითოეულმა მათგანმა უნდა გააკეთოს არჩევანი: ან გასცეს თანამზრახველი ან შეინარჩუნოს დუმილი. ორივე მათგანისთვის ცნობილია, რომ თანამზრახველს გამოძიების ბოლომდე არ აცნობებენ გასცა თუ არა მან ის. როგორ უნდა მოიქცნენ პატიმრები?

(წყარო: http://en.wikipedia.org/wiki/Prisoner’s dilemma)