გაკვეთილი 1: პასუხისმგებლობები ოჯახში

Living Democracy » Textbooks » გაკვეთილი 1: პასუხისმგებლობები ოჯახში

წინააღმდეგობები და გამოსავლის გზების ძიება

სწავლის მიზანი

მოქალაქეთა სხვადასხვა პასუხისმგებლობის გაცნობა.

იმის გააზრება, რომ პასუხისმგებლობები, შესაძლოა, ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდეს.

იმ მორალური მიზეზების დადგენა, რომელიც საფუძვლად უდევს კონფლიქტური პასუხისმგებლობების შესახებ გადაწყვეტილებებს.

მოსწავლის დავალება

მოსწავლეები ახდენენ მორალური დილემის ანალიზს.

მოსწავლეები განიხილავენ ანალიზის ალტერნატიულ ვარიანტებს.

მოსწავლეები ინდივიდუალურ მოსაზრებებს გამოთქვამენ.

საჭირო მასალა

,,მილანი ირჩევს“ – მოთხრობის ასლები.

ფურცლები წერილობითი დავალებებისათვის.

მოსწავლეთა ჩართულობის ფორმა ინდივიდუალური და მცირე ჯგუფებში დისკუსიები. საერთო დისკუსია. ინდივიდუალური წერითი დავალება.

ძირითადი ცნებები

პასუხისმგებლობა: ის, რისი გაკეთების ვალდებულებაც გააჩნია ადამიანს. პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს იურიდიული, მორალური, სოციალური.

მორალური კონფლიქტი: წინააღმდეგობრიობა, რომელიც თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანს ვერ გადაუწყვეტია, როგორ მოიქცეს.

სამოქალაქო პასუხისმგებლობა: ადამიანის ვალდებულებები სხვა ადამიანების წინაშე. თემის წევრობას თან ახლავს უფლებები, ისევე როგორც პასუხისმგებლობები.

გაკვეთილი

მასწავლებელი უხსნის მოსწავლეებს, რომ ყველა ადამიანს აქვს პასუხისმგებლობები; პრობლემები თავს იჩენს მაშინ, როცა ადამიანი გარკვეულ პასუხისმგებლობას სხვა პასუხისმგებლობებზე მაღლა აყენებს. არჩევანის გაკეთება ხშირად რთულია. მასწავლებელი მოსწავლეებს უკითხავს მოთხრობას ,,მილანი ირჩევს“ და სთხოვს მათ, დაფიქრდნენ შემდეგ საკითხებზე. საბოლოო პასუხების წარმოდგენამდე, მოსწავლეებს შეუძლიათ, წყვილებში იმუშაონ.

  1. რა წერია მოთხრობაში მილანის პასუხისმგებლობებზე? რამდენ სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობას ხედავთ ამ მოთხრობაში (პასუხისმგებლობა საკუთარი თავის წინაშე, ოჯახის წინაშე, სკოლის წინაშე, ადგილობრივი თემისა და მსოფლიოს წინაშე)?
  2. როგორ ფიქრობთ, რა გზა უნდა აირჩიოს მილანმა? ყველა თანხმდება კლასში, თუ არის განსხვავებული მოსაზრებები?
  3. რამდენად რთული დილემის წინაშე დგას მილანი? რა ართულებს სიტუაციას?
  4. რა პასუხისმგებლობები აქვს მილანის მამას, მოთხრობის მიხედვით?
  5. თქვენი აზრით, მართალია მილანის მამა, როდესაც შვილს სახლში დარჩენას სთხოვს?
  6. რამდენად გაუჭირდებოდა მილანს, დაუმორჩილებლობა გამოეცხადებინა მამისათვის? რამდენად სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდა ასეთი დაუმორჩილებლობის გამოცხადება? ახსენით თქვენი პასუხი.

წერითი დავალება

დაწერეთ ის, რაც, თქვენი აზრით, მილანმა მამას დაუწერა. შეადარეთ თქვენი ვერსია თქვენი თანაკლასელების ვერსიებს. მოსწავლეები საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ დანარჩენ კლასს.

განზოგადება

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, ჩამოაყალიბონ პასუხისმგებლობის სხვადასხვა ფორმა, რომლებიც ადამიანებს საკუთარი თავის, ოჯახის, თემის, ქვეყნის და კაცობრიობის წინაშე ეკისრებათ.

მოსწავლეები ჯგუფებში მუშაობენ. მათ შეუძლიათ, დახაზონ ცხრილი და შეავსონ ის საკუთარი მოსაზრებებით, ადამიანის პასუხისმგებლობების შესახებ. შემდეგ მოსწავლეები ერთად განიხილავენ ადამიანის პასუხისმგებლობებს სხვა ადამიანების წინაშე.

ინდივიდუალური მოსაზრებები

მასწავლებელი აწვდის მოსწავლეებს შემდეგ ინფორმაციას: ,,ამ მოთხრობაში მილანის პასუხისმგებლობები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მოიფიქრეთ მაგალითები, რომლებიც ადამიანის პასუხისმგებლობების წინააღმდეგობრიობას ადასტურებენ. ჩამოაყალიბეთ მოსაზრებები ასეთი პრობლემური სიტუაციების გადაჭრის გზებთან დაკავშირებით“.

თუ მოსწავლეებს უჭირთ ამ სავარჯიშოს შესრულება, მასწავლებელმა უნდა მიაწოდოს მათ ცხოვრებისეული, მოსწავლეებისათვის ცნობილი მაგალითები.