6.2 ძირითად ცნებათა არსი

Living Democracy » Textbooks » 6.2 ძირითად ცნებათა არსი

წინამდებარე სახელმძღვანელოს მოცემულ ნაწილში მოკლედ არის ჩამოყალიბებული დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში შესული ცხრა ძირითადი ცნების არსი, აღწერილია მათი მნიშვნელობა  დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, მიკრო და მაკრო დონეებზე (სკოლის საზოგადოებასა და პოლიტიკურ საზოგადოებაში).

6.2.1 ინდივიდუალობა

წარმოადგენს რა ბუნებრივად მინიჭებულ უფლებებს, ადამიანის უფლებები კონცენტრირებულია ინდივიდუალურ პიროვნებაზე. ყველა ადამიანს გააჩნია ღირსება და უფლება, იყოს თავისუფალი და ისარგებლოს მისთვის მინიჭებული უფლებით, რომელიც მას დისკრიმინაციისაგან იცავს. სახელმწიფო არსებობს იმისათვის, რომ ემსახუროს პიროვნებას, და არა პირიქით. პირადი თავისუფლება პიროვნებას აძლევს საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარების უფლებას, მათ შორის, ცხოვრების ძირითადი ასპექტების არჩევანის თავისუფლებას, როგორიცაა ღირებულებები, პარტნიორი, პროფესია და არჩევანი, იყოლიოს თუ არა შვილები. თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში პირადი თავისუფლება გამოწვევას წარმოადგენს, ვინაიდან კავშირების შესუსტება (ოჯახი, რელიგია და ა.შ.) ნიშნავს არჩევანის გაკეთებას. ჩვენი არჩევანი გავლენას ახდენს სხვებზე და პირიქით, სხვების არჩევანი გარკვეული შედეგების მომტანია ჩვენთვის; აქედან გამომდინარე, ჩვენი, როგორც პიროვნებების, ჩამოყალიბებისას, ჩვენ გარკვეული ვალდებულებებიც გვეკისრება. სასკოლო საზოგადოებაში მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებებს და ცხოვრებისეული არჩევანის გაკეთებისათვის ემზადებიან, რომელიც ყველა ახალგაზრდა პიროვნებამ უნდა გააკეთოს, როგორიცაა სწავლის გაგრძელება და კარიერა.

ინდივიდუალობის ცნება მჭიდროდ უკავშირდება მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის, თავისუფლების, თანასწორობისა და პასუხისმგებლობის ცნებებს.

6.2.2 მრავალფეროვნება და პლურალიზმი

თანამედროვე საზოგადოებები პლურალისტულ საზოგადოებებს წარმოადგენს. პიროვნებები, რომლებიც სარგებლობენ უფლებით, იყვნენ თავისუფალი, თავად ქმნიან პლურალისტულ საზოგადოებას – ინდივიდუალურ პიროვნებათა დიდი რაოდენობა, რომელთაც განსხვავებული ცხოვრების სტილი, პრიორიტეტები და ინტერესები გააჩნიათ, ხელმისაწვდომი მატერიალური რესურსებით (შემოსავალი, ქონება) უზრუნველყოფილი ან მატერიალურ რესურსებს მოკლებული. მრავალფეროვნება გულისხმობს განსხვავებებს, რომელიც მოიცავს სქესს, ეთნიკურ წარმოშობას, კლასს, განათლების დონეს, რეგიონს, რელიგიურ აღმსარებლობასა და ღირებულებებს. მისი წევრების წინაშე პლურალისტული საზოგადოება პრობლემას აყენებს: რა ღირებულებები უნდა აღიარონ ერთი საზოგადოების წევრებმა? ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოებების სტაბილურობას განაპირობებს პირობები, რომელთა უზრუნველყოფაც არ შეუძლია დემოკრატიულ სახელმწიფოს (თავისუფლებისა და სტაბილურობის დილემა). იგივე სიტუაცია მეორდება სკოლაში, სადაც მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, თუ როგორ მიიღონ და როგორ გაუმკლავდნენ მრავალფეროვნებასა და პლურალიზმს, რაც მათთვის გამოწვევაა – საჭიროა ამ გამოწვევასთან გამკლავება, რომელიც მოიცავს შესაძლებლობებთან დაკავშირებულ პრობლემებსა და რისკებს.

მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის ცნება მჭიდროდ უკავშირდება მმართველობისა და პოლიტიკის, თავისუფლების, კონფლიქტისა და პასუხისმგებლობის ცნებებს.

6.2.3 პასუხისმგებლობა

თავისუფლება არის ის, რითაც ყველამ უნდა ისარგებლოს და, აქედან გამომდინარე,  საჭიროა, ყველამ მიიღოს და აღიაროს გარკვეული შეზღუდვები. მაგალითად, საკლასო გარემოში ყველა მოსწავლეს თანაბარი დრო უნდა დაეთმოს საკუთარი აზრის გამოსათქმელად და, ასევე, ყოველი მათგანი თანაბარ ყურადღებას საჭიროებს. თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის პრინციპებზე დაფუძნებულ საზოგადოებაში შემოსავლებისა და კეთილდღეობის არათანაბარი გადანაწილება საფუძველს უდებს თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობების არათანაბარ გადანაწილებას. დემოკრატიულ საზოგადოებაში უმრავლესობის ძალაუფლება უნდა რეგულირდებოდეს უმცირესობის ინტერესთა დაცვისა და სოციალური ერთობის უზრუნველყოფით.

თავისუფლებასა და თანასწორობას შორის ბალანსის დაცვა შესაძლოა სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. მათ შორის, წონასწორობის დაცვის ერთ-ერთ საშუალებას პიროვნებების პასუხისმგებლობა წარმოადგენს, ისევე, როგორც სავალდებულო ხასიათის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება; ორივე აუცილებელი  მეთოდია, ვინაიდან ორივე მათგანს საკუთარი შეზღუდვები აქვს. კანონი ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების რეგულირებას, და ჩვენს ცხოვრებაზე სრული კონტროლის სახელმწიფო ხელისუფლებისათვის გადაცემა შეუძლებელი და არასასურველია. ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოება მისი მოქალაქეების მზადყოფნასა და უნარზეა დამოკიდებული, რათა მათ აიღონ პასუხისმგებლობა თავიანთ ქმედებებსა და სხვათა საჭიროებებზე.

პასუხისმგებლობა მჭიდროდ უკავშირდება თავისუფლების, თანასწორობის, ინდივიდუალობის, წესებისა და კანონების თუ კონფლიქტის ცნებებს.

6.2.4 კონფლიქტი

მოსაზრებათა სხვადასხვაობა, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნები და ინტერესები და კონფლიქტები ადამიანის ცხოვრების ნაწილს შეადგენს და ეს განსაკუთრებით ეხება პლურალისტურ საზოგადოებებს. ბევრი ადამიანი კონფლიქტს საზიანო მოვლენად აღიქვამს, რომელიც წინ ეღობება ჰარმონიულ თანაარსებობას და მიიჩნევს, რომ საჭიროა მისი აღკვეთა ან ჩახშობა. თუმცა არ არის აუცილებელი, კონფლიქტი  ზიანისმომტანი იყოს, ზიანისმომტანი შეიძლება იყოს ზოგიერთი ის საშუალება, რომელიც მასთან გასამკლავებლად გამოიყენება. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების სწავლების პროცესში მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ, რომ პროცედურული წესების ფარგლებში, რომელსაც ზურგს უმაგრებს ურთიერთპატივისცემის პოლიტიკური კულტურა, დასაშვებია როგორც უთანხმოებები, ასევე, კამათი. ინდივიდუალურ პიროვნებებსა და ჯგუფებს შეუძლიათ გამოთქვან თავიანთი ინტერესები და მათი მხრიდან ეს აუცილებლობასაც წარმოადგენს, რათა მათი ინტერესები იყოს გათვალისწინებული. თუმცა ამის შემდგომ გამართული დისკუსიებისა და მოლაპარაკებების დროს ყოველი მხარე მზად უნდა იყოს დათმობაზე წასასვლელად. საკუთარი ინტერესების მიმართ ამგვარი დიალექტიკური და კონსტრუქციული დამოკიდებულების გარეშე, კომპრომისის მიღწევა შეუძლებელია.

პრინციპში, ნებისმიერი კონფლიქტი რესურსების გადანაწილების შესახებ, რომელიც რიცხვების დონეზე შეიძლება იქნას დაყვანილი, შეიძლება კომპრომისის საშუალებით მოგვარდეს. მეორე მხრივ,  იდეოლოგიის, ღირებულებების ან თუნდაც ეთნიკურ ნიადაგზე წარმოქმნილი კონფლიქტების მოგვარება კომპრომისით შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს ურთიერთპატივისცემაზე დამყარებული, ცივილიზებული, კონფლიქტების არაძალადობრივი გზებით მოგვარების კულტურა. სკოლაში, ისევე როგორც ნებისმიერ სამსახურსა თუ საზოგადოებაში, კონფლიქტი აუცილებლად იჩენს თავს, რაც მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები და არ შეუშინდნენ მას.

კონფლიქტი მჭიდროდ უკავშირდება მრავალფეროვნებისა და პლურალიზმის, მმართველობისა და პოლიტიკის, წესებისა და კანონებისა და პასუხისმგებლობის ცნებებს.

6.2.5 წესები და კანონი

კანონები დემოკრატიული, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული საზოგადოების ფორმალურ ინსტიტუციურ ჩარჩოებს ქმნის. კანონებს ყველა უნდა ემორჩილებოდეს, ვინაიდან მათი დამტკიცება უმრავლესობის პრინციპით წარმოებს, ჩვეულებრივ, საპარლამენტო კენჭისყრის საშუალებით, რომელიც, თავის მხრივ, საპარლამენტო არჩევნებში უმრავლესობის ხმებს ემყარება, მაგრამ კანონის დამტკიცება შესაძლებელია პლებისციტის საშუალებითაც. კანონებში ასახული უნდა იყოს ადამიანის უფლებები, ისინი ადამიანის უფლებების დაცვას უნდა უზრუნველყოფდნენ, მათში ჩადებული უნდა იყოს კონფლიქტის მოგვარებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური წესები. წესები იმავე მიზანს ემსახურება, მაგრამ ისინი სხვა უწყებების მიერ შემუშავდება და შეიძლება არსებობდეს როგორც წერილობითი დოკუმენტის სახით, ასევე დაუწერელი წესის სახით.

ჩვენ მოგვეთხოვება, დავმორჩილდეთ კანონს, მაგრამ რა ხდება, როდესაც კანონს არასამართლიანად თუ უსამართლოდ მივიჩნევთ? სამოქალაქო დაუმორჩილებლობის გამო, სოციალური და საკანონმდებლო რეფორმების გატარების მრავალი შემთხვევა არსებობს: მოქალაქეები შეგნებულად არღვევდნენ კანონს, რათა გამოეხატათ თავიანთი უარყოფითი დამოკიდებულება კანონისადმი, რომელიც, მათი თვალსაზრისით, უსამართლო იყო ან არღვევდა ადამიანის უფლებებს, ამ შემთხვევებში,მათ მიზანს წარმოადგენდა გადაწყვეტილების მიღწევა მოქმედ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ.

მოსწავლეებს უნდა ესმოდეთ და აცნობიერებდნენ თავისუფლების უფლებებსა და ინსტიტუციურ ჩარჩოებში მათ დაცვასა და შეზღუდვას შორის არსებულ დიალექტიკურ მიმართებას. ამ ჩარჩოების არარსებობის შემთხვევაში, თავისუფლება ანარქიად გადაიქცევა, ხოლო ანარქია, თავის მხრივ, ძალადობის გაბატონების საფუძველს წარმოადგენს. ამოცანაზე ორიენტირებული სწავლისას, მოსწავლეები ამ პრინციპს სკოლის მაგალითზე გამოცდიან. მკაცრად განსაზღვრული ამოცანა, დროის ლიმიტი და წესები არ ახშობს მოსწავლეთა შემოქმედებით უნარს, არამედ პირიქით, გაჰყავს ისინი თავისუფლებისა და შემოქმედებითი მოღვაწეობის შესაძლებლობებით სავსე ასპარეზზე. მოსწავლეებს ასევე შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ სკოლაში მოქმედი იმ კანონების რეფორმირებაში, რომლებიც არ ეფუძნება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა ღირებულებებს.

წესები და კანონები მჭიდროდ უკავშირდება კონფლიქტის, თავისუფლებისა და თანასწორობის ცნებებს.

6.2.6 მმართველობა და პოლიტიკა

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლებაში პოლიტიკის ცნება კონცენტრირებულია პოლიტიკის, როგორც კონფლიქტის მოგვარებისა და პრობლემების გადაჭრის პროცესის ასპექტებზე. მმართველობა პოლიტიკის ინსტიტუციურ ასპექტს ქმნის, რაც პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ინსტიტუციურ ჩარჩოებს გულისხმობს. სკოლის დემოკრატიული მმართველობა მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ისწავლონ, თუ როგორ მოახდინონ ზემოქმედება და მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, რაც საზოგადოების მოწყობასა და მისი მიზნების განსაზღვრას ემსახურება. პოლიტიკური ციკლის მოდელის მისადაგება შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღების პროცესებისადმი, როგორც მიკრო, ასევე, მაკრო დონეზე, ანუ როგორც სკოლის საზოგადოებაში, ასევე, ფართო პოლიტიკურ საზოგადოებაში (როგორც რეგიონულ, ისე ეროვნულ დონეებზე). მედია გადამწყვეტ როლს თამაშობს  პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული პირების კონტროლის თვალსაზრისით, ისევე, როგორც დღის წესრიგის დადგენის კონტროლის თვალსაზრისით. იგივე პრინციპი მოქმედებს სკოლებში, როგორც ეს წინამდებარე სახელმძღვანელოთა კრებულის (წიგნი II და წიგნი IV) იმ თავებიდან ირკვევა, რომლებიც მედიას ეძღვნება.

მმართველობისა და პოლიტიკის ცნებათა წყვილიდან თითოეული, პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების სხვადასხვა გარემოებებს უკავშირდება. მმართველობა წარმოადგენს იერარქიულ, ინსტიტუციურ განზომილებას, პოლიტიკაც მოიცავს არაფორმალურ, იერარქიულ, ინსტიტუციურ განზომილებას – უფრო ფართო გაგებით, მაგრამ პროცედურათა რეგულირების ნაკლები დოზით. პოლიტიკის არაფორმალური, დამატებითი მხარე მნიშვნელოვანია ინსტიტუციური სისტემის ეფექტურობის თვალსაზრისით. როგორც სკოლაში, ასევე, პოლიტიკაში, ინსტიტუტებს არ შესწევთ ყველა პრობლემასთან გამკლავება და ყველა საკითხის მოგვარება და, ამრიგად, პიროვნებებს შორის დავისა და კონფლიქტის მოგვარება მოქალაქეების კომპეტენციაში შედის.

მმართველობა და პოლიტიკა მჭიდროდ უკავშირდება კონფლიქტის, წესებისა და კანონის, პასუხისმგებლობისა და მედიის ცნებებს.

6.2.7 თანასწორობა და თავისუფლება

ძირითადი ცნებები, როგორიცაა თანასწორობა და თავისუფლება, მოცემულ კონტექსტში ერთად განიხილება, ორი მიზეზის გამო.

პირველი, ადამიანის ღირსება ადამიანის უფლებათა ძირითად და ამოსავალ ღირებულებას წარმოადგენს. სამართლიანობის ორი ძირითადი პრინციპი, რომელსაც ადამიანის ღირსება ეყრდნობა, სამართლებრივი თვალსაზრისით, არის თანასწორობა (დისკრიმინაციის დაუშვებლობა) და თავისუფლება (რომელიც მიიღწევა მოქალაქეების მიერ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით სარგებლობისას). ადამიანის ღირსებას შელახვის საფრთხეს უქმნის დისკრიმინაცია და თავისუფლების აღკვეთა. ადამიანის უფლებათა შესახებ არსებული შეთანხმებების პირველ ორ ვარიანტში ყურადღება გამახვილებული იყო თავისუფლების უფლებასა და თანაბარი გადანაწილებისა და თანაბარი შესაძლებლობების ასპექტებზე.

მეორე, შესაძლებელია გაჩნდეს ერთგვარი წინააღმდეგობა თავისუფლებასა და თანასწორობას შორის. მაგალითად, გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს, რომ მოსწავლეს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, კლასის წინაშე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, რომელიც, მისი თვალსაზრისით, ჭეშმარიტებას შეესაბამება. მეორე მხრივ, თანაბარი შესაძლებლობები ყველა მოსწავლისათვის გულისხმობს, რომ აზრის გამოხატვისათვის გამოყოფილი დრო სამართლიანად და თანაბრად უნდა იყოს განაწილებული ყველა მოსწავლეს შორის. ინდივიდუალური მოსწავლისათვის ამან შეიძლება შეადგინოს ერთი ან ორი წუთი, ვიდრე სიტყვა გადაეცემა შემდეგ მოსწავლეს. ამგვარად, აზრის გამოხატვის თავისუფლება ერთგვარ შეზღუდვასაც მოითხოვს, რაც, შესაძლებლობების ფარგლებში, მკაცრი უნდა იყოს, რათა ყველა მოსწავლეს მიეცეს საშუალება, მონაწილეობა მიიღოს დებატებში. ის, თუ რამდენად ზარალდება ინდივიდუალური მოსწავლე, მსგავსი შეზღუდვის გამო, დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ლაკონურად და ნათლად შეძლებს იგი საკუთარი აზრის ჩამოყალიბებას. ქედან გამომდინარე, დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების ფარგლებში, მოსწავლეებს სჭირდებათ ისეთი კომპეტენციების განვითარება, რომლებიც ხელს შეუწყობს აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და თანაბარ შესაძლებლობებს შორის წონასწორობის დაცვას. ასეთი კომპეტენციები მოიცავს ენობრივ კომპეტენციებს, განსახილველი საკითხის ნათლად გაცნობიერების კომპეტენციას და იმ წესების ჩარჩოების გაცნობიერებას, რომელიც ემსახურება თავისუფლებასა და თანასწორობას შორის წონასწორობისა და ბალანსის შენარჩუნებას.

მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ,თუ როგორ ისარგებლონ მათთვის მინიჭებული თავისუფლების უფლებებით, მაგალითად, აზრის თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის თავისუფლების უფლებებით. მათ ასევე უნდა ისწავლონ, თუ როგორ უნდა აღკვეთონ და არ დაუშვან დისკრიმინაციის ნებისმიერი გამოვლინება, მათ წინააღმდეგ იქნება ეს მიმართული, თუ სხვების წინააღმდეგ. მასწავლებელი კარგად უნდა აცნობიერებდეს მოსწავლეების სწავლის შესაძლებლობებსა და პირობებს შორის სხვაობებს, რომელიც მომდინარეობს ისეთი ფაქტორებიდან, როგორიცაა მშობლების შემოსავალი და მათი განათლების დონე, ან კულტურული და ეთნიკური წარმომავლობა. სკოლა და საზოგადოება ვერ უზრუნველყოფს თანაბარ გადანაწილებას, მაგრამ მათ უნდა უზრუნველყონ საწყისი პირობების თანაბარობა. სკოლაში ამ საკითხის მოგვარება მასწავლებლის კომპეტენციაში შედის, რომლის მოვალეობასაც შეადგენს მოსწავლეების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება. თანასწორობა არ გულისხმობს ყველასადმი ერთნაირ მოპყრობას, არამედ თითოეულისადმი სწორედ ისეთ მოპყრობას, როგორიც მას სჭირდება. პრაქტიკულად ამას ემსახურება ადამიანის უფლებათა დაცვის საშუალებით სწავლება.

დემოკრატიის მსგავსად, თავისუფლება და თანასწორობა მჭიდროდ უკავშირდება ყველა ძირითად ცნებას. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების არც ერთი ასპექტი არ მოიაზრება თავისუფლებისა და თანასწორობის პრინციპების გათვალისწინების გარეშე, რომლებიც ადამიანის ღირსების შემადგენელ, განუყოფელ ნაწილებს წარმოადგენს და, ამავე დროს, ადამიანებს შორის არსებული დაძაბულობის მოგვარების ამოსავალს წარმოადგენს.

6.2.8 მედია

მედიის ცნება უკავშირდება გამოცდილებას, რომ თანამედროვე საზოგადოება მედიაკულტურის გარემოში არსებობს. მედიას შეუცვლელი ფუნქცია აკისრია ჩვენ მიერ ადამიანის უფლებებით სარგებლობის თვალსაზრისით – მათ შორის, აზრის გამოხატვის თავისუფლებით, ინფორმაციის გაცვლისა და ხელმისაწვდომობის, პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის, მთავრობის საქმიანობაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებზე და დღის წესრიგის შემუშავების პროცესებზე კონტროლის უფლებების თვალსაზრისით. რაც უფრო კომპლექსური ხდება ის საზოგადოებები, რომლებშიც ჩვენ ვცხოვრობთ და ის სტრუქტურები, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია გლობალური მასშტაბით, და რაც უფრო მეტ დახმარებასა და ხელშეწყობას ვსაჭიროებთ, იმ გამოწვევების გაცნობიერების თვალსაზრისით, რომლებიც ჩვენს აწმყოსა და მომავალს ახლავს თან, მით უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებული მედიაზე. მედია თავისთავად წარმოადგენს გამოწვევას, იგი არის საშუალება კომუნიკაციისათვის და პროცესებში მონაწილეობისათვის საჭირო ახალი შესაძლებლობების შექმნისა და ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, მაგრამ მანიპულირებისა და კრიმინალური ქმედებებისათვისაც ქმნის ასპარეზს.

მედია წარმოადგენს კომერციულ საწარმოებს, რომლებიც სუბიექტებს ინფორმაციას გადასცემენ ინფორმაციის გაყიდვის გზით. საზოგადოებას მედიაინფორმაციას გადასცემს მის მიერვე მომზადებული რეპორტაჟებით. აქედან გამომდინარე, მოსწავლეებმა უნდა ისწავლონ და შეიძინონ საჭირო კომპეტენციები, რომლებიც მათმედიასაშუალებების გამოყენების საშუალებას მისცემთ (გზავნილის შექმნა), ასევე, მედიასაშუალების მიერ მიღებული გზავნილის დეკონსტრუირებაში დაეხმარება. მედია ასევე დიდ როლს თამაშობს სასკოლო საზოგადოებაშიც. მოსწავლეები გაცილებით უკეთ აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ მედია მათი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილს წარმოადგენს, ვიდრე ამას მათი მშობლები და მასწავლებლები აღიარებენ. აქედან გამომდინარე, ზოგიერთი ახალგაზრდა უფრო კარგად ფლობს მედიასაშუალებებს, ვიდრე მათი მშობლები და მასწავლებლები. დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლებაში, მედიასთან მუშაობის კომპეტენცია ძალიან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, როგორც პროცესებში მონაწილეობის თვალსაზრისით, ასევე, სხვა მრავალ სფეროში საჭირო კომპეტენციების განვითარების თვალსაზრისითაც.

მედიის ცნება მჭიდროდ უკავშირდება მმართველობისა და პოლიტიკის, ინდივიდუალობის, თავისუფლებისა და პასუხისმგებლობის ცნებებს.

[1]პოლიტიკის სამი ძირითადი განზომილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ამავე სახელმძღვანელოში მოცემული სამუშაო ფურცელი (როგორ შემოვიტანო პოლიტიკა დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ სწავლების გაკვეთილებზე?).