თავი 9 (დაწყებითი სკოლა, 9კლასი) – რატომ უნდა დავემორჩილოთ წესებს?

Living Democracy » Textbooks » თავი 9 (დაწყებითი სკოლა, 9კლასი) – რატომ უნდა დავემორჩილოთ წესებს?

ა)   გაკვეთილის გეგმა

ძირითადი კითხვა/გაკვეთილის თემა

ძირითადი ამოცანა

რესურსები

მოსამზადებელი ეტაპი

მოსწავლეები აგროვებენ ინფორმაციას სკოლის წესის დარღვევის ან გატარების შემთხვევაზე.

დამოუკიდებელი სამუშაო: ინფორმაციის შეგროვება

ფორმა მონაცემთა აღნუსხვისთვის.

გაკვეთილი 1

მოსწავლე, რომელსაც პრობლემა აქვს (სიტუაცია ანალიზისათვის)

ჯგუფური სამუშაო: კონკრეტული სიტუაციის ანალიზი

სამუშაო ფურცლები „სიტუაცია ანალიზისათვის“

გაკვეთილი 2

 

რატომ აქვს სკოლას წესები?

 

ჯგუფური სამუშაო:

სკოლაში მოქმედი წესების განხილვა ბავშვთა უფლებების ჭრილში.

საშინაო დავალება: რომელი წესები მოქმედებენ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

დიდი ფორმატის ფურცლები და სამუშაო ფურცლები: „რატომ აქვს სკოლას წესები?“

სკოლის წესების ჩამონათვალის ასლები; სამუშაო ფურცლები: „რომელი წესები უნდა დავიცვათ ყოველდღიურად?“

გაკვეთილი 3

რა სიტუაციაში გვჭირდება წესები ყოველდღიურ ცხოვრებაში?

ჯგუფური სამუშაო: ვინ „ქმნის“ და ვინ ატარებს არაფორმალურ წესებს?

გაკვეთილი 4

 

ვინ უნდა ქმნიდეს კანონებს? (კანონების შექმნის წესები)

ჯგუფური სამუშაო: რომელი წესები უზრუნველყოფს კანონების სამართლიანობას?  

დამატებითი აქტივობა

შემაჯამებელი განხილვა სკოლის ხელმძღვანელის ან მეთოდისტის მონაწილეობით

 

 

 

ბ)   საფუძველი და საგანმანათლებლო მიზნები

მნიშვნელვანი პრინციპი რომელიც ჩვენი სახელმძღვანელოს ყველა თავს ბავშთა უფლებებთან მიმართებაში ეხება არის „ვსწავლობთ გამოცდილების საშუალებით – ვსწავლობთ მაგალითის გამოყენებით“. ეს ზოგადად სკოლის წესებსა და კანონებსაც ეხება. სკოლა ჩვენი ცხოვრების ნაწილია და შეგვიძლია აღვიქვათ როგორც მიკროსაზოგადოება. სკოლის წესებს იგივე დატვირთვა აქვს, რაც კანონებს პოლიტიკურ საზოგადოებაში, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.

მსგავსება სკოლის წესებსა და პოლიტიკურ საზოგადოებაში მოქმედ კანონებს შორის:

  • ვერც ერთი საზოგადოება ვერ იარსებებს, მის წევრებს შორის არსებული შეთანხმების გარეშე, იმის თაობაზე, რომ საჭიროა, ყველა ექვემდებარებოდეს კანონებს.
  • კანონები იცავს სუსტებს. კანონები წარმოადგენს ადამიანისა და ბავშვების უფლებათა დაცვის ინსტრუმენტს.
  • კანონები გატარებას საჭიროებს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ კანონები მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუ ისინი საზოგადოდ არის აღიარებული და მოწონებული. ამ მიზნით, კანონები უნდა იყოს სამართლიანი.

სხვაობა სკოლის საზოგადოებასა და პოლიტიკურ საზოგადოებას შორის:

  • კანონების შექმნა და მათი გატარება ძალაუფლების გამოყენებას ნიშნავს. ძალაუფლება კონტროლს უნდა ექვემდებარებოდეს. აქედან გამომდინარე, დემოკრატიულ საზოგადოებაში, კანონები უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებათა პრინციპებს, ხოლო კანონების შექმნისა და მათი გატარების ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და კონტროლდებოდეს.
  • სასკოლო საზოგადოებაში სკოლის წესების შექმნასა და მათ გატარებაზე პასუხისმგებლობა აკისრია სკოლის ხელმძღვანელსა და სკოლის შესაბამის პერსონალს, თუმცა (ისევე, როგორც პოლიტიკურ საზოგადოებაში მოქმედი კანონების შემთხვევაში) სკოლის წესების შესახებ უნდა იმართებოდეს დისკუსიები, მათი განხილვა უნდა წარმოებდეს ბავშვთა უფლებების ჭრილში და მოსწავლეები უნდა აცნობიერებდნენ სკოლაში წესების არსებობის აუცილებლობას.

V5_P46

პედაგოგიური მიდგომა: გაკვეთილი გულისხმობს კონცენტრირებული წრის გაფართოების მოდელს. 1-ელ გაკვეთილში მოცემულია სკოლაში შემოღებული კონკრეტული წესის დარღვევის შემთხვევა. მე-2 გაკვეთილი ეხება საკითხს, თუ რა მიზანს ემსახურება სკოლის წესები და გთავაზობს პასუხს, რომ სკოლის წესები ემსახურება ბავშვის უფლებების დაცვას და სკოლის წესები მნიშვნელოვანია სკოლის გამართული ფუნქციონირებისათვის. მე-3 გაკვეთილი გადის სკოლის გამოცდილების მიღმა და განიხილავს ცხოვრების სხვა სფეროებში არსებულ წესებს. მე-4 გაკვეთილი საბოლოოდ ავლებს ხაზს წესებსა და კანონებს შორის და სვამს შეკითხვას, თუ ვის კომპეტენციაში უნდა შედიოდეს ისეთი კანონების დაწესება, რომლებსაც ჩვენ ყველანი უნდა დავემორჩილოთ.

გ)   ძირითადი კითხვები 9 თავის შესაჯამებლად

ბავშვთა უფლებების პრაქტიკაში გამოცდა

ბავშვთა უფლებების სიღრმისეულად გაცნობა

ბავშვთა უფლებების დანერგვა

მასწავლებელი

როგორ და რა საშუალებებით არის დაცული ბავშვთა უფლებები საკლასო გარემოსა და სასკოლო საზოგადოებაში?

რა იციან მოსწავლეებმა ბავშვთა უფლებების შესახებ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ სკოლის გარეთ შექმნილ სიტუაციებში: რა ცოდნა შეიძინეს, რომელიც მათ მომავალ ცხოვრებაში გამოადგებათ?

მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმოქმედონ, როდესაც ხვდებიან ძალაუფლების არათანაბარ განაწილებას. მოსწავლეები სარგებლობენ მათთვის მინიჭებული უფლებებით, მაგრამ, ამავე დროს, აცნობიერებენ, რომ გარკვეული ზღვარი გააჩნია იმას, რასაც მათ შეუძლიათ მიაღწიონ.

ბავშვთა უფლებები სახელმწიფო კანონის ნაწილს წარმოადგენს და, აქედან გამომდინარე, მათი დაცვა სავალდებულოა. მიუხედავად ამისა, ამ უფლებების სრული განხორციელება არც ერთ სახელმწიფოში არ ხდება.

მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანია მიღებული გამოცდილება, რადგან ეს მათ მომავალ ცხოვრებაში დაეხმარება, როგორც ზრდასრულ მოქალაქეებს, რათა მათ თავი გაართვან სამოქალაქო საზოგადოებაში მოლაპარაკებებისას წარმოქმნილ სირთულეებს და გადალახონ პოლიტიკური მარცხი, რომლისგანაც არავინ არის დაზღვეული.

მოსწავლეები

რა გამოცდილება მივიღე კლასში, ბავშვთა უფლებების თვალსაზრისით?

რა შევისწავლე ბავშვთა უფლებების შესახებ?

როგორ შემიძლია ვიმოქმედო ამის შემდეგ?

მე ვისწავლე, როგორ გავართვა თავი უფლებებისა და მოვალეობების შესახებ მოლაპარაკებებისას წამოჭრილ სირთულეებს. მე ვისწავლე, როგორ გადავლახო იმედგაცრუება და მარცხი.

მე ვიცი, რომ უფლებები და მოვალეობები აუცილებელია საზოგადოებაში თანაცხოვრებისათვის. მე აგრეთვე ვიცი, რომ ბავშვთა უფლებებიც ამ ჩარჩოებშია მოქცეული.

მე შემიძლია, ვიმსჯელო უფლებებსა და მოვალეობებზე, იმ ცოდნის გამოყენებით, რომელიც მე შევიძინე. მე შემიძლია, მოლაპარაკებები ვაწარმოო და საკითხები განვიხილო ხელისუფლების წარმომადგენლებთან,  შემიძლია დავიცვა საკუთარი პოზიცია და, აგრეთვე, მოვუსმინო სხვებს.

დ)   მსვლელობა

1 – ლი გაკვეთილისთვის მომზადება

პირველ გაკვეთილამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე, მასწავლებელი მოსწავლეებს შემდეგ დავალებას აძლევს: მოსწავლეებმა უნდა შეაგროვონ ინფორმაცია შემთხვევაზე, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა და რომელიც ეხება მოსწავლის მიერ სკოლაში მოქმედი წესის დარღვევასა და დამრღვევის მიმართ გატარებულ ღონისძიებებს (სასურველია მაგალითები მოყვანილი იყოს თქვენი სკოლიდან ან თემიდან). მოსწავლეებმა უნდა აწარმოონ ჩანაწერები, რომლებიც დადგენილ კითხვებზე პასუხების სახით უნდა იქნეს შესრულებული:

სკოლის წესების დარღვევა: ძირითადი კითხვები

  1. რა მოხდა?
  2. ვინ არის ჩართული მომხდარში?
  3. რა ღონისძიებები გატარდა სკოლის წესის დამრღვევის მიმართ?

გაკვეთილი 1: მოსწავლე, რომელსაც პრობლემა აქვს (სიტუაცია ანალიზისთვის)

შესავალი: (მასწავლებელი მოსწავლეებს ანაწილებს ჯგუფებში): კლასმა უნდა შეარჩიოს სიტუაცია, რომლის შესწავლაც სიღრმისეულად მოუნდებათ (სასურველია სიტუაცია უშუალო სოციალური გარემოდან, რომლის კონტექსტიც მათთვის ცნობილია).

დისკუსია: მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, განსაზღვრონ მოცემულ შემთხვევასთან დაკავშირებული პრობლემის არსი, რა დროსაც საჭირო ხდება საზოგადოებისათვის სკოლის წესების შეხსენება და მათი გატარება. მასწავლებელი ამხნევებს მოსწავლეებს, რათა მათ თავისუფლად გამოთქვან საკუთარი მოსაზრებები ამ შემთხვევასთან დაკავშირებით. შემთხვევის არსიდან გამომდინარე, მათ მიერ გაკეთებული კომენტარები შესაძლებელია ურთიერთგამომრიცხავი იყოს ან შეიძლება მოსწავლეების გამოსვლებში ერთსულოვნება იგრძნობოდეს (მაგალითად, „ამ ნაბიჯის გადადგმა სავსებით მართებული იყო“, ან „მე ვფიქრობ, ეს სასჯელი არ იყო სამართლიანი ან გადაჭარბებული იყო“). მასწავლებელი რომელიმე მოსწავლეს სთხოვს, შეაჯამოს მოსწავლეების მიერ ამ შემთხვევის შესახებ გაკეთებული კომენტარები.

მასწავლების ანალიზი: თუ ამ საკითხს ჩავუღრმავდებით, გაცილებით რთულ პრობლემებს წავაწყდებით.  საკითხის ყველა  ასპექტის გასაგებად საჭიროა დეტალური კვლევა.

მასწავლებელი მოსწავლეებს დაურიგებს  სამუშაო ფურცელს, რომელიც შერჩეულ საკითხზე სამუშაოდ გამოდგება (ოთხი მოსწავლისგან შემდგარი ჯგუფები).

სიტუაცია ანალიზისათვის: მოსწავლე, რომელსაც პრობლემა აქვს ჩვენს სკოლაში
1. რა მოხდა?
2. ვინ აღმოაჩინა მომხდარი და ვინ გაახმოვანა ეს შემთხვევა?
3. ვინ არის ჩართული მომხდარში?
4.რას წარმოადგენს პრობლემა? (რატომ გახდა აუცილებელი სკოლის მუშაობისა თუ ცხოვრების წესის დასაცავად გამოსვლა?)
5. სკოლაში მოქმედი რომელი წესი (წესები) ესადაგება მომხდარს?
6. რა სადამსჯელო ღონისძიებები იქნა გატარებული?
7. რა ზემოქმედება აქვს გატარებულ სადამსჯელო ღონისძიებას სკოლაში მოქმედი წესის დამრღვევ მოსწავლეზე და სხვა მოსწავლეებზე?
8. …

აუცილებლობის შემთხვევევაში შესაძლებელია სამუშაო ვერსია შეიცვალოს პლენარულ სესიაზე.

მოსწავლეთა ჯგუფი ირჩევს მომხსენებელს და საჭიროების შემთხვევაში დამატებით სხვა როლებსაც გაინაწილებენ (დროის მენეჯერი და ა.შ.). ჯგუფის წევრები ერთმანეთს უზიარებენ მოცემული შემთხვევის შესახებ მათ მიერ მოპოვებულ ინფორმაციას და გადააქვთ ინფორმაცია სამუშაო ფურცელზე, რის შემდეგაც უნდა განიხილონ ეს შემთხვევა, განსაკუთრებით, მე-4 და მე-7 კითხვებზე პასუხები, რაც მათ საშუალებას აძლევს, ჩასწვდნენ პრობლემის არსს.

გაკვეთილის დარჩენილი დრო შემდეგ აქტივობას ეთმობა: თითოეული ჯგუფის თითო წევრი, რომელიც მომხსენებლის ფუნქციას ასრულებს, უნდა წარსდგეს კლასის წინაშე და გააცნოს სხვა მოსწავლეებსაც ამ ორ კითხვაზე მისი ჯგუფის მიერ გაცემული პასუხები. მოსწავლეები პრეზენტაციებით უნდა წარსდგნენ კლასის წინაშე მომდევნო გაკვეთილის დასაწყისში.

გაკვეთილი 2: რატომ აქვს სკოლას წესები? (ხანგრძლივობა: დაახლოებით 1 ½ გაკვეთილი)

გაკვეთილის დასაწყისში ჯგუფები კლასის წინაშე წარსდგებიან პრეზენტაციებით. თითოეული ჯგუფის მომხსენებელი  მე-4 კითხვის და  მე-7 კითხვის პასუხის გარშემო ისაუბრებს. შემდეგ საკლასო დისკუსია გაიმართება.

სტიმული:

  • რა ასპექტში ეთანხმებიან მოსწავლეთა ჯგუფები ერთმანეთს? რა ასპექტში აქვთ მათ განსხავებული მოსაზრებები?
  • რა მომეწონა? რას ვეთანხმები? რა არ მანაღვლებს? რა არის ჩემთვის მიუღებელი? რატომ?

ყველა შემთხვევის განხილვისას, ზოგადად, მოსწავლეები შემდეგ დასკვნამდე მივლენ: ჩვენ ყველა ვსარგებლობთ ადამიანის უფლებებით და სამოქალაქო უფლებებით, რომლებიც ასევე დაცული უნდა იყოს სკოლაში. იმისათვის, რომ სკოლას მიეცეს ამ უფლებათა განხორციელების საშუალება, საჭიროა გარკვეული პირობების შექმნა.  რომელიმე მოსწავლე ან მასწავლებელი ამ მოსაზრებას შემდეგნაირად აჯამებს: სკოლა წარმოადგენს ადგილს, სადაც განსხვავებული ასაკის ბევრ ადამიანს უწევს ერთმანეთთან ურთიერთობა და ერთად მუშაობა. ეს პროცესი ორგანიზებასა და მართვას საჭიროებს, რაც სკოლაში მოქმედი წესების აუცილებლობას განაპირობებს, მათ შორის ისეთი წესების, რომლებიც არეგულირებს გაკვეთილების დროულად დაწყებასა და დამთავრებას, ყველა შესაბამისი პირის თანდასწრებით, მათ შორის, მასწავლებლის.გარდა ამისა, სკოლა ზრუნავს ბავშვებისა და მოზარდების უფლებათა დაცვაზე: უპირველეს ყოვლისა, იგი იცავს მათ უფლებას, მიიღონ განათლება.

განათლების მიღების უფლებაზე საკლასო დისკუსია: სად ჩაეყარა საფუძველი ამ უფლებას?

ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრება ბავშვის უფლებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სკოლისათვის. გამოყენებულ იქნება შემდეგი სამუშაო ფურცელი, რომელიც შესაძლებელია გადიდებული ვარიანტის სახითაც წარმოვადგინოთ მაგ: ფლიპჩარტზე ან პროექტორზე:

რატომ აქვს სკოლას წესები?

ბავშვთა და მოზარდთა უფლებები (1989 წლის კონვენცია)

ჩვენს სკოლაში მოქმედი რომელი წესები ემსახურება მოცემული  უფლებების დაცვას?

მუხლი 13:

გამოხატვის თავისუფლება

მუხლი 14:

აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება

მუხლი 24:

ჯანმრთელობის დაცვა

მუხლი 28:

განათლების მიღების უფლება, მათ შორის, უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა და სკოლაში რეგულარული დასწრების უზრუნველყოფისაკენ მიმართული ღონისძიებები

მუხლი 31:

დასვენებისა და თავისუფალი დროის ქონის უფლება

მუხლი 33:

ნარკოტიკული საშუალებების ავადმოხმარებისაგან დაცვა

მუხლი 37:

არასათანადო მოპყრობისაგან დაცვა

სასკოლო დისკუსია: „სკოლაში მოქმედი წესების განხილვა ბავშვთა უფლებების ჭრილში: რატომ აქვს სკოლას წესები?“

მასწავლებელი გაკვეთილის თემის სათაურს წერს დაფაზე: „რატომ აქვს სკოლას წესები?“ ყველა მოსწავლეს აწვდის სკოლაში მოქმედი წესების ჩამონათვალის ასლს. თითოეულ ჯგუფს ურიგდება თითო ფლიპჩარტი და მარკერი. იგი მოსწავლეებს აცნობს დავალებას:

  • მოსწავლეები ქმნიან ოთხ-ოთხი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებს. თავდაპირველად მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად. ისინი ეცნობიან სკოლაში მოქმედ წესებს.
  • ამის შემდეგ მოსწავლეები მუშაობენ ჯგუფურად. ისინი თავიანთ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს და ცდილობენ, შეთანხმდნენ იმაზე, თუ სკოლაში მოქმედი რომელი წესი ბავშვთა რომელი უფლების დაცვას უზრუნველყოფს. მოსწავლეებს საკუთარი დასკვნები და შედეგები გადააქვთ სამუშაო ფურცელზე.
  • აიღეთ სამუშაო ფურცელი „რატომ აქვს სკოლას წესები?“ და დააკავშირეთ ბავშვთა უფლებების კონვენციის რომელი მუხლები  შეესაბამება თქვენი სკოლის ან კლასის წესებს.
  • მოსწავლეთა ჯგუფები ირჩევენ ჯგუფის ორ წევრს, რომელიც კლასის წინაშე პრეზენტაციით უნდა წარსდგეს.

ჯგუფის წევრები კლასის წინაშე უნდა წარსდგნენ თავიანთი შედეგებით. მასწავლებელი აკონტროლებს, რომ მოსწავლეთა პრეზენტაცია, ისევე, როგორც ნებისმიერი განხილვა, რომელიც ამ პრეზენტაციებს შეიძლება მოჰყვეს, საღ მსჯელობას ეფუძნებოდეს.

გაკვეთილისათვის განკუთვნილი დროის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში, მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეების ყურადღება გაამახვილოს გაკვეთილის ძირითად თემაზე, რომელიც კითხვის სახით არის მოცემული დაფაზე: რატომ გააჩნია სკოლას წესები? (მოსწავლეები, ამ კითხვაზე პასუხად, სავარაუდოდ, შეეცდებიან, შეაჯამონ გაკვეთილის განმავლობაში გაკეთებული დასკვნები: „სკოლა უზრუნველყოფს ყველა ბავშვისა თუ მოზარდის იმ უფლების დაცვას, რომელიც მათთვის განათლების მიღების შესაძლებლობების მიცემაში მდგომარეობს.“ ან: „ სკოლაში წესების არსებობა მისი ამ ფუნქციის უხარვეზო და ეფექტურ შესრულებას ემსახურება.“ და ა.შ.).

დავალება 1, გაკვეთილის დასასრულს: მოკლედ შეაჯამეთ რა ისწავლეთ ა) თემასთან დაკავშირებით  „(სკოლა) წესების გარეშე…“  და  ბ) კითხვასთან დაკავშირებით „ რატომ გააჩნია სკოლას წესები?“

დავალება 2, (დავალების ასლის გადაღება ან სამუშაო რვეულში გადატანა):

მთელი დღის წესები

აირჩიეთ კვირის რომელიმე დღე, დასვენების დღეების გარდა. დაწერეთ ამ დღის განრიგი და მიაწერეთ, რომელ დროს რომელი წესის დაცვა გევალებათ (დაუწერელი წესებიც).

გამოიყენეთ ის წესები, რომლებიც გკარნახობთ, როგორ მოიქცეთ და რა გააკეთოთ, მაგალითად:

  • როდესაც იმყოფებით სახლში, თქვენს ოჯახთან ერთად;
  • როდესაც ხვდებით მეგობრებს;
  • როდესაც რაიმეს ყიდულობთ მაღაზიაში;
  • როდესაც მოძრაობთ ქალაქში.
  • და ა.შ.

დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რომელი წესები წარმოადგენს დაწერილ, ფორმალურ წესებს და რომელი – დაუწერელ, არაფორმალურ წესებს. მაგალითად, სკოლის წესები ფორმალურ წესებს განეკუთვნება. წესები, რომლებიც გვკარნახობს, როგორ უნდა მოვიქცეთ მაგიდასთან ჯდომის დროს, ან ჩვენი ოჯახის წევრებისა ან მეგობრების გარემოცვაში ყოფნის დროს, განეკუთვნება არაფორმალურ წესებს.

დრო

წესი

ფორმალური/არაფორმალური

07.00

08.00

09.00

10.00

11.00

12.00

13.00

14.00

15.00

16.00

17.00

18.00

19.00

20.00

21.00

22.00

 

გაკვეთილი 3: ვინ ქმნის წესებს ყოველდღიურ ცხოვრებაში?

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, ექსპერტების როლი მოირგონ და კლასის წინაშე წაიკითხონ მაგალითები საშინაო დავალების სახით შესრულებული ნამუშევრიდან, მაგალითები უნდა შეიცავდეს როგორც ფორმალურ, ასევე, არაფორმალურ წესებს.

მასწავლებელი შეარჩევს ორ მაგალითს და, მათი გამოყენებით, დაფაზე ადგენს მარტივ მატრიცას, მაგ:

წესის ტიპი

წესის არსი

შედგენილია … მიერ

გატარებას უზრუნველყოფს …

ფორმალური წესი (მაგალითად, კანონი):

ქუჩის გადაკვეთა აკრძალულია, როდესაც შუქნიშანი წითლად ანათებს.

არაფორმალური წესი:

მაგიდასთან ჯდომის დროს არ შეიძლება სკამზე ქანაობა

მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გამოავლინონ თავიანთი ცოდნა და გამოთქვან  მოსაზრებები მოყვანილ მაგალითებთან დაკავშირებით. ქუჩაში მოძრაობის წესი – რომელიც სინამდვილეში კანონს წარმოადგენს – აბსულუტურად ნათელია (შემუშავებულია ტრანსპორტის სამინისტროს მიერ და დამტკიცებულია პარლამენტის მიერ (შესულია კანონმდებლობაში); მის გატარებას უზრუნველყოფს პოლიცია და, საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო (მაგალითად, კანონდამრღვევი პირისათვის ჯარიმის დაწესებით). მოსწავლეებისათვის უფრო რთული იქნება, დაასახელონ, ვის მიერ იქნა შემოტანილი არაფორმალური წესი, მაგ: არ დავაბოყინოთ სუფრაზე. მოსწავლეებმა შეიძლება ივარაუდონ, რომ ზემოთ მოყვანილ მაგალითში მოცემული წესი (მაგიდასთან მოქცევის წესები) ტრადიციის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს, რომლის დაცვასაც ითხოვენ მათი მშობლები და უფროსები. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს საშუალება, ექსპერტების როლში გამოვიდნენ და რაც შეიძლება ბევრმა მოსწავლემ მიიღოს მონაწილეობა საერთო საკლასო განხილვაში. მოსწავლეების მიერ მოწოდებული ინფორმაცია მასწავლებელს შეაქვს მატრიცაში.

მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები ერთიანდებიან ოთხი ან ხუთი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად. მათ ამოცანას წარმოადგენს, ერთმანეთს გააცნონ არაფორმალური წესების ის მაგალითები, რომლებიც მათ თავიანთ სამუშაო ფურცლებზე აქვთ დატანილი და იმსჯელონ, თუ რა საშუალებით შეუძლიათ მათ უზრუნველყონ ამ წესების დაცვა და გატარება. გარდა ამისა: არსებობს წესები რომლებიც სპეციფიკურია სქესის, ნორმის ან კანონის მიმართ?

შედეგები სრულად გვექნება პლენარულ სესიაზე. დისკუსიის დროს განსახილველი შესაძლო საკითხები:

  • დაუწერელი წესების ტიპი და რანჟირება ჯგუფებს შორის (მაგალითებით)
  • ვინ განსაზღვრავს და ცვლის დაუწერელ წესებს და სანქციებს კანონის დარღვევის შემთხვევაში?
  • გენდერის სპეციფიკური დაუწერელი წესები
  • რა საშუალება გვაქვს ჩვენ წესების განსასაზღვრად ან შესაცვლელად? როდის და სად შეგვიძლია აზრის გამოთქმა?

გაკვეთილი 4: ვინ უნდა ქმნიდეს კანონებს? (კანონების შექმნის წესები)

მასწავლებელი, გაკვეთილის დასაწყისში, მოსწავლეებს შეახსენებს იმ აღმოჩენების შესახებ, რომლებიც მათ წინა გაკვეთილზე გააკეთეს. მოსწავლეებმა განიხილეს არაფორმალური წესები და კანონები.მოცემულ გაკვეთილზე მათ მოუწევთ დაფიქრება და მსჯელობა იმის შესახებ, თუ როგორ იქმნება კანონები.

სტიმული: მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის კანონის მაგალითს, რომელიც დიდი ფორმატის ქაღალდზე ან მუყაოს ფურცელზეა დაწერილი.

§1  ყველა კაცი, რომელიც აპრილშია დაბადებული, თავისუფლდება გადასახადების გადახდისაგან.

დისკუსია: მოსწავლეებს თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ კომენტარი მოცემულ მაგალითზე; მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებები უნდა ეხებოდეს შემდეგ ასპექტებს:

  • კანონი არ არის სამართლიანი, ვინაიდან იგი არღვევს დისკრიმინაციის დაურღვევლობის პრინციპს.
  • იგი გენდერულ დისკრიმინაციასაც კი მოიცავს, ვინაიდან აპრილში დაბადებული მხოლოდ კაცები თავისუფლდებიან გადასახადებისაგან, და არა ქალები;
  • აშკარაა, რომ იგი ადამიანთა მხოლოდ მცირერიცხოვანი ჯგუფის ინტერესებს ემსახურება – კაცებისა, რომლებიც აპრილში არიან დაბადებული.
  • კანონი ყველას კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს. აქედან გამომდინარე, ამგვარი კანონები მიუღებელია.
  • არასამართლიანი კანონები საზოგადოებაში კონფლიქტის გაღვივების საფუძველს ქმნის და შესაძლებელია ამ საზოგადოების ნგრევაც კი გამოიწვიოს.

მასწავლებლის მითითებით, მოსწავლეები ერთიანდებიან ოთხი ან ხუთი მოსწავლისაგან შემდგარ ჯგუფებად. მათი ამოცანა შემდეგში მდგომარეობს: მოსწავლეებმა უნდა განიხილონ, რა წესები და პრინციპებია საჭირო იმისათვის, რომ არ დაუშვან არასამართლიანი კანონმდებლობის შემოღება. მოსწავლეთა ჯგუფები უნდა შეთანხმდნენ მაქსიმუმ სამ ძირითად წესზე ან პრინციპზე, რომელსაც ისინი შემდგომ სხვა მოსწავლეებს გააცნობენ.

პლენარული სესია: პრეზენტაცია, დისკუსია, შედარება.

რეალურად ვინ შეიმუშავებს კანონებს ჩვენს ქვეყანაში? მასწავლებლის მიერ მოსწავლეების განვლილი მასალების შეგროვება და პრეზენტაციების შეჯამება. ძირითადი საკითხები: ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია მოიცავს ადამიანის უფლებებს, მათ შორის, თანასწორობისა და პიროვნული თავისუფლების პრინციპებს. იგი ასევე შეიცავს მუხლს, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ უნდა იყოს პასუხისმგებელი კანონების შექმნაზე, უმეტეს შემთხვევაში ეს არის წარმომადგენლობითი ორგანო, რომელიც კანონის მიღებას ხმათა უმრავლესობით ახორციელებს. ამ წარმომადგენლების თანამდებობაზე მოსვლა არჩევნების საშუალებით წარმოებს და, მაშასადამე, მათზე კონტროლს მოქალაქეები ახორციელებენ. ზოგიერთი კანონი პირდაპირ კენჭისყრით იქმნება საარჩევნო ყუთში.

შემჯამებელი დისკუსია განვლილი მასალის შესახებ და სამომავლო პერსპექტივების განჭვრეტა ნორმებით და კანონებით რეგულირებულ საზოგადოებაში მცხოვრები ბავშვის მიმართ.