7. ბავშვთა უფლებების სწავლება: ძირითადი კითხვები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ სწავლების მეთოდების შერჩევისას

Living Democracy » Textbooks » 7. ბავშვთა უფლებების სწავლება: ძირითადი კითხვები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ სწავლების მეთოდების შერჩევისას

წინამდებარე სახელმძღვანელოში ჩვენ შევეცადეთ, მოგვეწოდებინა ბავშვთა უფლებების სწავლებასთან დაკავშირებული ცხრა მცირე ზომის პროექტის აღწერა, რომლებიც იძლევა იმის საშუალებას, რომ აღწერილი მიდგომები, როგორიცაა, ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა, პრობლემის გადაჭრაზე კონცენტრირება, ინტერაქტიული და მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა, სკოლის, როგორც ადამიანისა და ბავშვთა უფლებების პრინციპებზე დაფუძნებული საზოგადოების მოდელის წარმოჩენა, მასწავლებლის შეხედულების მიხედვით გამოყენებულ და მისადაგებულ იქნეს მის მიერვე შერჩეულ ამოცანებსა და საკითხებზე. ამ მიდგომისას გამოყენებული სწავლების მეთოდები მნიშვნელოვან გზავნილს შეიცავს, ხოლო ისეთი მეთოდის შერჩევის კომპეტენცია, რომელიც ესადაგება შესწავლის საგნის შინაარსსა და გარემოს, გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება იქნეს გადაჭრილი მეთოდის შერჩევასთან დაკავშირებული ზოგიერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, პროექტის მოდულის შემუშავების საშუალებით. ქვემოთ მოცემული ძირითადი კითხვები დაგეხმარებათ სახელმძღვანელოში მოცემული პროექტების მსგავსი სხვა პროექტების შემუშავებაში.

ძირითადი კითხვა

წინამდებარე სახელმძღვანელოში შესული მოდული

შერჩეული თემები და მეთოდები ესადაგება იმ ცოდნის დონეს, რომელსაც მოსწავლეები ფლობენ? მათ დამოკიდებულებებსა და მათ მოლოდინებს?

ეს მასწავლებელმა თავად უნდა გადაწყვიტოს და, ამავდროულად, განსაზღვროს, რა ტიპის ინსტრუქციები დასჭირდებათ მის მოსწავლეებს.

კლასის სტრუქტურა (მაგალითად, გენდერული თანაფარდობა, ეთნიკური წარმოშობა, სწავლის საჭიროებები) წარმოადგენს კლასში სასწავლო გარემოს. მეთოდის შერჩევისას გათვალისწინებულია კლასის სპეციფიკური გარემო?

მხოლოდ მასწავლებელს აქვს ამ კითხვაზე პასუხი. ზოგიერთ კლასში არსებული სპეციფიკური გარემო შეიძლება მოითხოვდეს შესასწავლი თავის მოდიფიცირებას და მის მორგებას გარკვეულ საკითხებსა თუ საჭიროებებზე.

შერჩეული მეთოდები აღვივებს მოსწავლეებში სწავლისადმი იმ ენთუზიაზმს, რომელიც მასწავლებლისათვის დამაკმაყოფილებელია და უწყობს ხელს ამ ენთუზიაზმის შენარჩუნებას?

წინამდებარე სახელმძღვანელოში შესული მოდულებით გათვალისწინებული, ამოცანაზე დაფუძნებული სწავლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აქტიურ მონაწილეობასა და ჩართულობას.

შერჩეული მეთოდები უწყობს ხელს მოსწავლეთა მხრიდან ინიციატივის გამოჩენასა და მათ მიერ საკუთარი სწავლის პროცესების ორგანიზებას?

წინამდებარე სახელმძღვანელოში შესული ყველა მოდული პროექტის სახით არის წარმოდგენილი, მოსწავლეების მიერ შესასრულებელ სამუშაოზე პასუხისმგებლობის აღებასა და სამუშაოსათვის გამოყოფილი დროის განაწილებას გულისხმობს. მოსწავლეების მიერ სამუშაოს შესრულებაზე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა  რეალური მარცხის ტოლფასია, რაც, ფართო პერსპექტივით განხილვის შემთხვევაში,  სწავლის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს მათ.

შერჩეული მეთოდები აძლევს მოსწავლეებს იმის საშუალებას, რომ შეაჯამონ და შეაფასონ საკუთარი გამოცდილება და ქმედებები?

წინამდებარე სახელმძღვანელოში შესულ ყველა მოდულში გათვალისწინებულია შემაჯამებელი ეტაპი და ზოგიერთი მათგანი მოსწავლეებისაგან  სწავლის პროცესში შეძენილი გამოცდილების შესახებ კომენტარის გაკეთებას მოიცავს.

შერჩეული მეთოდები აძლევს საშუალებას მოსწავლეებს, სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილონ პრობლემები და თემები?

თავი 1 – მე მაქვს სახელი. მოსწავლეები აცნობიერებენ, თუ როგორ აღიქვამენ ერთმანეთს და რომ ყოველი ადამიანი განუმეორებელ და უნიკალურ პიროვნებას წარმოადგენს.

თავი 8 –  მიმდინარეობს ბავშვთა უფლებებიდან შერჩეული ერთ-ერთი უფლების ანალიზი სხვადასხვა პერსპექტივიდან.

შერჩეული მეთოდები უწყობს ხელს კრიტიკულ აზროვნებასა და მოსწავლეებს შორის დისკუსიის გამართვას?

წინამდებარე სახელმძღვანელოში შესული ყველა მოდული ითვალისწინებს დისკუსიას და მოითხოვს კრიტიკულ მიდგომასა და აზროვნებას.

შერჩეული მეთოდები გულისხმობს სწავლას „გონებით, გულითა და ხელით“?

ხელოვნების ნაწარმი, საგანძურის ყუთი, ჩვენ ჯადოქრები ვართ.

შერჩეული მეთოდები აძლევს მოსწავლეებს იმის საშუალებას, რომ თავიანთი კომპეტენციები გამოსცადონ?

სწავლა მიმდინარეობს სხვადასხვა გარემოში (დამოუკიდებელი მუშაობა, მუშაობა ჯგუფებში თანამშრომლობის საფუძველზე, საერთო საკლასო განხილვები).

პროექტების შედეგს წარმოადგენს რაიმე პროდუქტი.

სწავლის პროცესებისა და შედეგების შეჯამება მოსწავლეებს ეხმარება, გააცნობიერონ თავიანთი წარმატებები და მიღწევები.

შერჩეული მეთოდები,  სწავლის შესაძლებლობების თვალსაზრისით, სხვადასხვა კატეგორიის მოსწავლეებს აძლევს სხვადასხვა გზით სწავლის საშუალებას (კონსტრუქტივისტული სწავლა)?

სწავლის პროცესში ინდივიდუალური მუშაობის გარემო და აქტივობების ფართო სპექტრი სწავლის შესაძლებლობების თვალსაზრისით განსხვავებულ მოსწავლეებს აძლევს იმის საშუალებას, რომ ისწავლონ თავიანთი საჭიროებების შესაბამისად.

შერჩეული მეთოდები უზრუნველყოფს მოსწავლეებში ძირითადი უნარების განვითარებას (მაგალითად, ინფორმაციის შეგროვება, პრეზენტაციების გამართვა, პროექტის დაგეგმვა, გუნდური მუშაობა)?

ძირითადი უნარების განვითარების საუკეთესო საშუალებას პროექტზე მუშაობა წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს ინფორმაციის შეგროვებას, პრეზენტაციების გამართვას, პროექტის დაგეგმვას, გუნდურ მუშაობას.